"არტემიდა-2“-ის ეკიპაჟმა მთვარის შემოვლა დაასრულა: რა ხდებოდა დედამიწიდან რეკორდული მანძილით შორს და რატომ არის ეს მისია ასე მნიშვნელოვანი?
დედამიწიდან რეკორდულად დიდი მანძილის - 252 756 მილის (406 771 კმ) - დაფარვისა და მთვარის გარშემო წარმატებული შემოვლის შემდეგ, "Artemis II“-ის ასტრონავტები დედამიწაზე ბრუნდებიან.
NASA-ს ინფორმაციით, ეკიპაჟს დაბრუნებისთვის დაახლოებით ოთხი დღე დასჭირდება. მათი კაფსულა წყნარ ოკეანეში 10 აპრილს ჩავარდება. უწყების განცხადებით, ეკიპაჟი გემზე პირველად სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ხმელეთზე დაბრუნდებიან.

ბორტზე მყოფ ოთხ ასტრონავტთან მოკლე სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. კომუნიკაციის დროს, პრეზიდენტმა ეკიპაჟის წევრები მიღწევებისთვის შეაქო და "Artemis II“-ის მისია ისტორიულ მოვლენად შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ კოსმოსური ხომალდის "ორიონის“ ბორტზე ოთხი ასტრონავტი იმყოფება - მეთაური რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი - ასევე კანადის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელი ჯერემი ჰანსენი.

NASA-ს მისიის კონტროლის სამსახურის ინფორმაციით, ფრენის ერთ ეტაპზე სიგნალი დაიკარგა, რაც ნიშნავს, რომ მოკლე დროით სახმელეთო ეკიპაჟს არ ჰქონდა შესაძლებლობა დაჰკავშირებოდა "Orion“-ის კოსმოსურ ხომალდზე მყოფ ასტრონავტებს. დაახლოებით 40 წუთის შემდეგ, კავშირი სრულად აღდგა და კომუნიკაცია ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.
"Artemis II“-ის მისიის დროს ასტრონავტებმა არაერთი ემოციური და დასამახსოვრებელი მომენტი გაუზიარეს უკვე საზოგადოებას.

ასტრონავტმა ჯერემი ჰანსენმა მისიის კონტროლის ცენტრს განუცხადა, რომ მთვარის ზედაპირზე აღმოჩენილ ორ კრატერს სახელებიც კი შეურჩიეს. ერთ-ერთ კრატერს კოსმოსური ხომალდის პატივსაცემად "მთლიანობა“ უწოდეს, ხოლო მეორეს - "კეროლი“ - ეკიპაჟის მეთაურის, რიდ ვაისმენის მეუღლის პატივსაცემად, რომელიც 2020 წელს გარდაიცვალა.
"ყველაფერს, რაც გვჭირდება, დედამიწა გვაძლევს... და ეს ერთგვარი სასწაულია, რომლის სრულად გააზრებაც მხოლოდ სხვა პერსპექტივიდან შეხედვით არის შესაძლებელი“, - აღნიშნა ასტრონავტმა ვიქტორ გლოვერმა.
მანამ, ვიდრე კოსმოსური ხომალდი "Orion“ მთვარის უკანა მხარეს გადავიდოდა და კომუნიკაცია დროებით შეწყდებოდა, გლოვერმა დედამიწას მიმართა. მან სიყვარულისა და ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად კავშირის შეწყვეტისა, ეკიპაჟი მაინც გრძნობდა დედამიწიდან მომავალ მხარდაჭერას.

"რადიოკომუნიკაციის შეწყვეტისთვის ვემზადებით, კვლავ ვგრძნობთ თქვენს სიყვარულს დედამიწიდან. გვიყვარხართ მთვარიდან... მომავალ მხარეს შევხვდებით. ჩვენ ავაშენებთ სამეცნიერო პუნქტებს, ვიმოქმედებთ როვერებით, დავაარსებთ კომპანიებს, გავაძლიერებთ ინდუსტრიას, შთავაგონებთ ადამიანებს. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყოველთვის ავირჩევთ დედამიწას“.
მეცნიერები ამბობენ, რომ მთვარესთან ასეთი ახლო ფრენა "ორიონის“ ეკიპაჟს საშუალებას აძლევს მთვარე ისე შეისწავლოს, თითქოს დაბალ სიმაღლეზე აეროფოტოგადაღებას აწარმოებდნენ, ოღონდ ზედაპირზე დაშვების გარეშე.
ფრენისას ასტრონავტების მისია იყო ე.წ. ქანების წაკითხვა - მათ ერთმანეთისგან უნდა განესხვავებინათ კრატერები, კლდეები და გამყარებული ლავის ნაკადები, შემდეგ კი გადაეღოთ ისინი მაქსიმალურად მაღალი გარჩევადობით.
ეს გამოსახულებები, ასევე თავად "ორიონის“ ლაზერული და ვიდეოგადაღების მონაცემები, დაეხმარება მთვარის ზედაპირის რუკების დაზუსტებას და გეოლოგებს უკეთ გააგებინებს, როგორ ყალიბდებოდა მთვარის ქერქი მილიარდობით წლის განმავლობაში.
მკვლევრებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს პოლარული რეგიონები წარმოადგენს. სწორედ ამ ტერიტორიებზე იგეგმება მომავალი ექსპედიციების დაშვება - იმ ზონებში, სადაც, სავარაუდოდ, ყინულის მარაგები შეიძლება არსებობდეს.
ზედაპირის რთულ რელიეფზე სინათლისა და ჩრდილის თამაშზე დაკვირვებით, ასტრონავტები მომავალ მისიათა დამგეგმავებს უფრო ზუსტ წარმოდგენას მისცემენ იმაზე, თუ რომელი ფერდობები შეიძლება იყოს საშიში, რომელი ბრტყელი უბნები გაუძლებს დაშვების აპარატის წონას და სად შეიძლება მომავალში რესურსების მოძიება.
მეცნიერები ასევე დააკვირდებიან ე.წ. მთვარის შეჩერებულ მტვერს, რომელსაც მზის გამოსხივება და ელექტროსტატიკური ძალები ამოძრავებს. მნიშვნელოვანია გაირკვეს, როგორ გადაადგილდება მყარი ნაწილაკები მთვარის ზედაპირზე.
NASA-ს სამეცნიერო ხელმძღვანელის, ნიკოლა ფოქსის განცხადებით, "Artemis II“-ის მისია მთვარეზე ადამიანების დაბრუნების მოსამზადებელი ეტაპია. მისი თქმით, პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პირობების შექმნას, რომელიც მომავალში ასტრონავტებს მთვარეზე ხანგრძლივად ყოფნისა და მუშაობის საშუალებას მისცემს.
ფოქსმა ასევე აღნიშნა, რომ 2028 წელს კოსმოსში Artemis IV-ის გაშვება იგეგმება - სწორედ ამ მისიის ფარგლებში დაეშვებიან ადამიანები მთვარეზე პირველად 1972 წლის შემდეგ.