ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს "მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ მედალი მიენიჭა. ჯილდო მას რესპუბლიკის ყოფილმა პრესმდივანმა და ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, ჯამბულატ უმაროვმა გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ჩეჩნეთის ლიდერს არაერთხელ მიუღია ჯილდოები, რომლებიც არ შეესაბამება რეალურ დამსახურებებს. 2016 წელს კადიროვი რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის (RANS) საპატიო აკადემიკოსი გახდა, რასაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
გასული წლის მარტში კადიროვმა ჯამბულატ უმაროვს ნაშრომის მომზადება დაავალა, რომელიც ჩეჩენი ხალხის წარმოშობას შეეხებოდა. ეს იყო ჩეჩნების "ნამდვილი ისტორიის შედგენის“ მეორე მცდელობა.
კადიროვმა მსგავსი პროექტი პირველად 2018 წელს წარადგინა - "ვინც ჩეჩნების ისტორიას ნამდვილად სწავლობს, იცის, რომ ჩვენი წინაპრები რუსეთს ერთგულად და ჭეშმარიტად ემსახურებოდნენ“, - განაცხადა მან.
2015 წლიდან უმაროვი ჩეჩნეთში ერთ-ერთ მთავარ პროპაგანდისტად ითვლება და ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩევა - იგი მხარს უჭერდა ლგბტ ადამიანების მიმართ მკაცრ დამოკიდებულებას და ამბობდა, რომ ჩეჩნეთში გეების არსებობა "გენეტიკურად შეუძლებელია“. ასევე ჰქონდა ინიციატივა, რუსეთში ოფიციალურად შემოეღოთ საჯარო ბოდიშის პრაქტიკა. კადიროვის შესახებ დაწერილი წიგნისთვის მას ჩეჩნეთის "სახალხო მწერლის“ წოდებაც კი მიენიჭა.