სტამბოლის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ უბანში, ფათიჰში 31 მარტს მკვლელობა მოხდა. დღისით, ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს ლოჯისტიკური კომპანიის კურიერი, ყაზახეთის მოქალაქე არიფ ისმაილოვი. გამოძიების ახალი დეტალები და მკვლელობის შემდეგ ეჭვმიტანილების გაქცევის კადრები უკვე გავრცელდა თურქულ მედიაში.

სტამბოლის პოლიციამ, დრონებისა და სათვალთვალო კამერების მეშვეობით, დამნაშავეების კვალს ედირნეში მიაგნო. დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი, მათგან ორი გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეა. ისინი ქვეყნის დატოვებას არალეგალურად, მიგრანტების გადამყვანის დახმარებით ცდილობდნენ. დაკავებულია ასევე ავტომობილის მძღოლიც, რომელსაც ბრალად მიგრანტების კონტრაბანდა ედება. გამოძიების პირველადი ვერსიით, დაპირისპირების მიზეზი ფინანსური დავა გახდა.
არიფ ისმაილოვი სტამბოლში ბევრისთვის მხოლოდ კურიერი არ იყო. ის წლების განმავლობაში მუშაობდა ტვირთების გადაზიდვაზე.
"ის იყო დიდი გულის პატრონი. 10 წელი ვთანამშრომლობდი მის კომპანიასთან და არასდროს უთქვამს უარი დახმარებაზე. ადამიანი-დღესასწაული, ყოველთვის მხიარული და სამართლიანი. სულ რამდენიმე დღით ჩამოვიდა სტამბოლში და სიცოცხლე მის საყვარელ უბანში დასრულდა... სამი შვილი დატოვა. ირონიულია, ამდენი წელი სხვის ტვირთებს აგზავნიდა და ახლა თავად დაბრუნდა სამშობლოში ტვირთად, ბოლოჯერ..." - წერს სოციალურ ქსელში მისი ერთ-ერთი ახლობელი.

თურქულმა მედიამ გამოაქვეყნა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ სხდებიან ეჭვმიტანილები ტაქსიში მკვლელობის შემდეგ.
ამჟამად სამივე მათგანი გადაყვანილია სასამართლოში. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და გენერალური საკონსულო აქტიურად არიან ჩართულები პროცესში, რათა დაეხმარონ გარდაცვლილის ოჯახს და თვალყური ადევნონ სამართლიანობის აღსრულებას.