ავტორი:

ექიმი, როკერი, არქიტექტორი და ა.შ. - სინოდის წევრთაგან ვის რა საერო განათლება აქვს და რამდენი მღვდელმთავარი აკმაყოფილებს პატრიარქობის კანდიდატობის მოქმედ კრიტერიუმებს?

ექიმი, როკერი, არქიტექტორი და ა.შ. - სინოდის წევრთაგან ვის რა საერო განათლება აქვს და რამდენი მღვდელმთავარი აკმაყოფილებს პატრიარქობის კანდიდატობის მოქმედ კრიტერიუმებს?
  • ფოტო გენერირებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ

მაისში საქართველოს ახალი პატრიარქი ეყოლება - ეკლესიის საჭეთმპყრობელს ირჩევს წმინდა სინოდი, რომელიც 39 ეპისკოპოსს აერთიანებს. უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ს მემკვიდრე მათგან ერთ-ერთი იქნება.

არჩევნებზე ერთმანეთს კონკურენციას სამი კანდიდატი გაუწევს, ხოლო გამარჯვებისთვის საჭიროა მინიმუმ 20 ხმა. პატრიარქის არჩევის წესს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება აწესრიგებს. ამ დოკუმენტის მიხედვით, მკაფიოდ არის განსაზღვრული წესები, რომლითაც ახალი პატრიარქი ირჩევა.

  • პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლისა.
  • ასევე, პატრიარქობისთვის აუცილებელი კრიტერიუმია საღვთისმეტყველო განათლება.

ეპისკოპოსების უმრავლესობას განათლება რუსეთსა და საქართველოში სასულიერო სემინარიებსა და აკადემიაში აქვთ მიღებული (მოქმედი ეპისკოპოსებიდან მხოლოდ სამს აქვს ევროპული განათლება), 39 ეპისკოპოსიდან 14-ს სასულიერო განათლება არ აქვს, რამდენიმე მღვდელმთავრის განათლების შესახებ კი ცნობები არ მოიპოვება.

  • გაგაცნობთ წმინდა სინოდის 39-ვე წევრი ეპისკოპოსის მოკლე დოსიეს მანამ, ვიდრე ისინი ღვთისმსახურების გზას შეუდგებოდნენ:

შიო მუჯირი - პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს , ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი

მიტროპოლიტი შიო (ერისკაცობაში - ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი) დაიბადა 1969 წლის 1-ელ თებერვალს თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ჩელისტი), 1999 წელს კი ბათუმის სასულიერო სემინარია, რის შემდეგაც სწავლა გააგრძელა მოსკოვის სასულიერო აკადემიაში და მოსკოვის წმიდა ტიხონის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. შიო მუჯირი 2017 წლიდან საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეა.

დანიელი - ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი

მიტროპოლიტი დანიელი (ერისკაცობაში - დავით გრიგოლის ძე დათუაშვილი) დაიბადა 1955 წლის 29 მაისს ქ. თბილისში, 1963-1972 წლებში სწავლობდა თბილისის 24-ე საშუალო სკოლაში, 1972-1977 წლებში - შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. 1978-79 წლებში გადიოდა სტაჟირებას მოსკოვის კინოს თეორიისა და ისტორიის ინსტიტუტში. სწავლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო საქართველოს კინოკომიტეტის საგამომცემლო განყოფილებაში, სადაც მუშაობდა 1981 წლამდე. 1981 წლიდან დავით დათუაშვილმა მუშაობა დაიწყო საქართველოს საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილებაში. ამავე წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. მე-2 კურსიდან მან სწავლა განაგრძო ქ. ზაგორსკის სემინარიაში, დაუსწრებლად.

აბრაამი - დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი

მიტროპოლიტი აბრაამი (ერისკაცობაში - ამირან მამიას ძე გარმელია) დაიბადა 1948 წლის 15 ნოემბერს, ქ. სოხუმში. 1953 წლიდან მისი ოჯახი ცხოვრობს თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის ა.ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (ახლანდელი ილიაუნი) ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც 1971 წელს დაასრულა, ხოლო 1988 წელს დაამთავრა მცხეთის სემინარია, იმავე წლის 3 იანვარს კი ბერად აღიკვეცა.

ისაია - ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტი

მიტროპოლიტი ისაია (ერისკაცობაში - ზურაბ მირდატის ძე ჭანტურია) დაიბადა 1961 წლის 12 აპრილს წალენჯიხაში. საერო განათლება მიიღო წალენჯიხაში და მოსე თოიძის სახელობის პროფესიულ ტექნიკუმში, მოგვიანებით სწავლობდა თეატრალურ ინსტიტუტში. 1993 წელს დაიწყო საეკლესიო მსახურება ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში, ხოლო აფხაზეთის ომის შედეგად იძულებული გახდა სამღვდელოებასა და დევნილებთან ერთად დაეტოვებინა რეგიონი. 1994 წელს აღიკვეცა ბერად სახელით ისაია.

ანანია - მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი

მიტროპოლიტი ანანია (ერისკაცობაში - თენგიზ ანატოლის ძე ჯაფარიძე) დაიბადა 1949 წლის 20 აგვისტოს ტყიბულში. 1966 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო 1974 წელს - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკა-კავშირგაბმულობის ფაკულტეტი. არის ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, რეალური ისტორიის დამდგენი საპატრიარქოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე, ქართული უნივერსიტეტის ობიექტური ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი. მცხეთის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში ბერად აღიკვეცა და ეწოდა ანანია,

ვახტანგი - ცურტაველი მიტროპოლიტი

მიტროპოლიტი ვახტანგი (ერისკაცობაში - შამილ/ბადრი რუბენის ძე ახვლედიანი) დაიბადა 1953 წლის 25 ნოემბერს ცაგერში, არის მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავარი. 1982 წლის 1-ელ აგვისტოს ბერად აღიკვეცა, ხოლო მეორე დღეს ეპისკოპოსად აკურთხეს (მის განათლებაზე ინფორმაცია არ მოიპოვება).

ზოსიმე - წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი

მიტროპოლიტი ზოსიმე (ერისკაცობაში - შოთა გიორგის ძე შიოშვილი) დაიბადა 1951 წლის 3 აგვისტოს თბილისში. 1969 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტზე. 1972-1974 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიაში. 1974 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. 1975 წელს აკურთხეს დიაკვნად, 1977 წელს - მღვდლად ანტონის სახელით. 1978-1980 წლებში მსახურობდა თბილისის მამადავითის ეკლესიაში. 1980 წელს აღიკვეცა ბერად ზოსიმეს სახელით.

გიორგი - ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მიტროპოლიტი

მიტროპოლიტი გიორგი (ერისკაცობაში - გური პორფილეს ძე შალამბერიძე) დაიბადა1945 წლის 25 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში. მიტროპოლიტი 81 წლისაა. მისი სასულიერო კარიერა 70-იან წლებში დაიწყო. მან ღვთისმეტყველება შეისწავლა ჯერ ლენინგრადის (პეტერბურგი) სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი იმავე ქალაქის სასულიერო აკადემიაში. 1988 წლის ოქტომბერში ბერად აღკვეცეს და მეორე დღესვე ილია მეორემ მას ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსობა უბოძა.

იობი - მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი

მიტროპოლიტი იობი (ერისკაცობაში - ელგუჯა ზურაბის ძე აქიაშვილი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი დაიბადა 1960 წლის 29 მაისს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში. 1977 წელს დაამთავრა სნოს საშუალო სკოლა, 1978 წელს ჩააბარა გამოცდები საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიურ ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში სიონის საკათედრო ტაძარში დაიწყო ეკლესიური ცხოვრება, იყო სტიქაროსანი. 1982 წელს, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აქიაშვილმა საქართველოს საპატრიარქოში მუშაობა დაიწყო ეკონომისტად, ხოლო ერთი წლის შემდეგ დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების უფროსის მოადგილედ. 1985 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.

დავითი - აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი

მიტროპოლიტი დავითი (ერისკაცობაში - ირაკლი რომანის ძე მახარაძე) დაიბადა 1960 წლის 3 თებერვალს ქ. თბილისში. 1976 წელს დაამთავრა თბილისის მე-18 საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1981 წელს. 1981-1983 წლებში, როგორც არქიტექტორ-რესტავრატორი, მუშაობდა ძეგლთა დაცვის სამმართველოში, „ქართულ ფილმში“, მონაწილეობდა არქეოლოგიურ ექსპედიციებში და სხვა. 1984 წლიდან ირაკლი მახარაძე გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელია.1988 წლის 23 ნოემბერს ირაკლი მახარაძე დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის 25 დეკემბერს კი - მღვდლად.

იოსები - შემოქმედელი მიტროპოლიტი

მიტროპოლიტი იოსები (ერისკაცობაში - გიორგი ვახტანგის ძე კიკვაძე) დაიბადა 1959 წლის 17 სექტემბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზედა ფარცხმაში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, რომელიც დაასრულა 1978 წელს. 1978-1979 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჩაისუბნის საშუალო სკოლაში ხატვა-ხაზვის მასწავლებლად. 1979-1981 წლებში იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურში, დემობილიზაციის შემდეგ, 1981-1985 წლებში ასწავლიდა ქანდაკებას, გრაფიკას და ფერწერას ჩოხატაურის სამხატვრო სკოლაში. 1985-1990 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში.

გრიგოლი - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი

მიტროპოლიტი გრიგოლი (ერისკაცობაში - გურამ გრიგოლის ძე ბერბიჭაშვილი) დაიბადა 1956 წლის 18 ივლისს თბილისში. 1964-1973 წლებში სწავლობდა 134-ე საშუალო სკოლაში. 1990 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე, რომელიც 1994 წელს დაამთავრა. 2017 წლის მაისში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფილოსოფიაში, თემაზე: „იონა ხელაშვილის მეტაფიზიკური კონცეფცია“ და მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

ნიკოლოზი - ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი

მეუფე ნიკოლოზი (ერისკაცობაში - პაატა გივის ძე ფაჩუაშვილი) დაიბადა 1961 წლის 10 თებერვალს თბილისში. 1968-1978 წლებში სწავლობდა თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. 1981-1985 წლებში იგი სწავლობდა მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1987-1988 წლებში - თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. პაატა ფაჩუაშვილი 1988 წელს ჩაირიცხა ახლადგახსნილ თბილისის სასულიერო აკადემიაში.

თეოდორე - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი

მიტროპოლიტი თეოდორე (ერისკაცობაში - დიმიტრი ალექსანდრეს ძე ჭუაძე) დაიბადა 1967 წლის 11 აპრილს სიღნაღში. 1984 წელს დაამთავრა თელავის მე-4 საშუალო სკოლა, 1991 წელს - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, 1992 წელს კი ახალციხის სასულიერო სემიანარია. 1991 წლის 22 თებერვალის დიმიტრი ჭუაძე ბერად აღკვეცა.

საბა - ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი

მიტროპოლიტი საბა (ერისკაცობაში - ზაზა როინის ძე გიგიბერია) დაიბადა 1966 წლის 28 სექტემბერს სენაკში. მან 1991 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1990 წლიდან 1992 წლამდე გიგიბერია სწავლობდა ახალციხის სასულიერო სემინარიაში. 1991 წლის 14 ივნისს ბერად აღიკვეცა.

დიმიტრი - ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი

მიტროპოლიტი დიმიტრი (ერისკაცობაში - ნოდარ (ჭაბუკა) შოთას ძე შიოლაშვილი) დაიბადა 1961 წლის 16 თებერვალს მცხეთაში, არის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახურის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ძმისშვილი. 1979 წელს ის ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო მოსკოვის ზაგორსკის სასულიერო აკადემიაში.

ანტონი - ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი

მიტროპოლიტი ანტონი (ერისკაცობაში - დაბადების დროს მინიჭებული სახელი და გვარი - რუსლან სომონის ძე დევაძე, ამჟამინდელი სამოქალაქო სახელი და გვარი (დედის) - მარკოზ ბულუხია) დაიბადა 1956 წლის 7 მაისს ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში. 1973 წელს დაამთავრა ქუთაისის საშუალო სკოლა-ინტერნატი. 1974-1976 წლებში იგი იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში. 1976-1982 წლებში სწავლობდა მოსკოვის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტში, ამავე დროს, 1980 წელს ჩააბარა მოსკოვის იურიდიულ ინსტიტუტში, რომელიც მოსკოვის სოფლის მეურნეობის ინსტიტუტთან ერთად, 1982 წელს დაამთავრა და 1987 -დან 1990 წლამდე სწავლა მცხეთის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

გერასიმე - ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი

მიტროპოლიტი გერასიმე (ერისკაცობაში - გიორგი რევაზის ძე შარაშენიძე) - საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი დაიბადა 1958 წლის 20 მაისს თბილისში. 1965-1975 წლებში სწავლობდა თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში, 1975-1980 წლებში - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტროკავშირგაბმულობის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ, 1980-1992 წლებში, სპეციალობის მიხედვით მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე თბილისსა და მოსკოვში. 1992-1997 წლებში გიორგი შარაშენიძე სტიქაროსნად მსახურობდა მოსკოვის აღდგომის, შემდეგ კი წმიდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში.

ანდრია - გორისა და ატენის მიტროპოლიტი

მიტროპოლიტი ანდრია (ერისკაცობაში - ამირან ანატოლის ძე გვაზავა) დაიბადა 1968 წლის 24 აპრილს, ქალაქ სოხუმში პედაგოგების ოჯახში. 1985 წელს დაამთავრა სოხუმის საშუალო სკოლა და ამავე წელს სასწავლებლად ხარკოვის უმაღლესი სამხედრო საავიაციო-საინჟინრო სასწავლებელი აირჩია, სადაც 1988 წლამდე სწავლობდა. 1989-1994 წლებში დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი. 1995 წლის 15 აპრილს ბერად აღიკვეცა და ეწოდა ანდრია.

სტეფანე - ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი

მიტროპოლიტი სტეფანე (ერისკაცობაში - სტეფანე გრიგოლის ძე კალაიჯიშვილი) დაიბადა 1959 წლის 9 თებერვალს ახალციხეში. ის ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თავმჯდომარეა. 1981 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი, შემდეგ ახალციხის სემინარია, 1995 წელს კი თბილისის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

ილარიონი - მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი

ეპისკოპოსი ილარიონი (ერისკაცობაში - დავით ნოდარის ძე ქიტიაშვილი) დაიბადა 1957 წლის 22 ნოემბერს ქ. ხაშურში. მისი ნათლია იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დავით V დევდარიანი (იმხანად ურბნელი მიტროპოლიტი). 1974 წელს დაამთავრა ხაშურის რკინიგზის N3 საშუალო სკოლა. ამავე წელს მუშაობა დაიწყო ხაშურის რკინიგზის სავაგონო დეპოში მუშა მოსამსახურედ. 1976 წელს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში, რისი დასრულების შემდეგაც მუშაობა განაგრძო ზემოთ აღნიშნულ დაწესებულებაში. 1980 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკულ ფაკულტეტზე, რომელიც 1985 წელს დამთავრა. იგი განაწილებით მიავლინეს ქუთაისის ქარხანა “ავანგარდში” საამქროს ოსტატად, სადაც 1986 წლამდე მსახურობდა. ამის შემდგომ დავით ქიტიაშვილმა სამსახური გააგრძელა ხაშურის მინის ტარის ქარხანაში საამქროს უფროსად. 1987 წლიდან დანიშნეს ხაშურის საგალანტერიო ფაბრიკის გამოთვლითი ცენტრის უფროსად. მან ეკლესიური ცხოვრება 1996 წლიდან დაიწყო.

იოანე - ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი

მიტროპოლიტი იოანე (ერისკაცობაში გურამ გამრეკელი) დაიბადა 1946 წლის 28 ოქტომბერს. 1970 წელს დაამთავრა ქ. ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა თბილისის გეოლოგიურ სამმართველოში უფროსი გეოლოგის თანამდებობაზე. 1983 წლიდან გამრეკელი სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სტიქაროსნად დაადგინეს. 1988 წელს დაამთავრა მცხეთის სასულიერო სემინარია.

დავითი - ადიშელი მთავარეპისკოპოსი

მთავარეპისკოპოსი დავითი (ერისკაცობაში - გიორგი გურამის ძე ტიკარაძე) დაიბადა 1963 წლის 1 მაისს ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში. 1969-1980 წლებში სწავლობდა სუფსის საშუალო სკოლაში, 1982-1989 წლებში - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავტომობილო საგზაო ფაკულტეტზე. 1983-1985 წლებში გიორგი ტიკარაძემ იმსახურა საბჭოთა არმიის რიგებში. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, იგი დაბრუნდა სოფელ სუფსაში, სადაც 1994 წლამდე საქმიანობდა. 1994 წელს გიორგი ტიკარაძე ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში ცხოვრობდა სულიერი მოძღვრის მორჩილებაში. 1995 წლის 18 დეკემბერს ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა იობმა მორჩილი გიორგი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად დავითი.

ექვთიმე - გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოსი

მთავარეპისკოპოსი ექვთიმე (ერისკაცობაში - თეიმურაზ გიორგის ძე ლეჟავა) დაიბადა 1953 წელს თბილისში. თეიმურაზ ლეჟავამ დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1990 წელს ბერად აღკვეცა.

ლუკა - საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი

ეპისკოპოსი ლუკა (ერისკაცობაში - ვაჟა ფარნაოზის ძე ლომიძე) დაიბადა 1966 წლის 14 სექტემბერს, თბილისში. 1992 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი, 1995 წლიდან იყო ზედაზნის მამათა მონასტრის მორჩილი. 1997 წელს ბერად აღიკვეცა.

ზენონი - დმანისისა და ლორე-ტაშირის მთავარეპისკოპოსი

მთავარეპისკოპოსი ზენონი (ერისკაცობაში - იმედა შოთას ძე იარაჯული) დაიბადა 1972 წლის 17 მარტს თბილისში. იმედა იარაჯულმა 1992 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, 1993 წლის 14 აგვისტოს ბერად აღიკვეცა.

იეგუდიელი - სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი

მთავარეპისკოპოსი იეგუდიელი (ერისკაცობაში - გოჩა ბენიამინის ძე ტაბატაძე) დაიბადა 1964 წლის 30 იანვარს საჩხერის რაიონ სოფელ ზედა ბერეთისაში. 1971-1976 წლებში სწავლობდა იმავე სოფლის სკოლაში. 1976 წელს ოჯახი საცხოვრებლად გადმოვიდა მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში. გოჩა ტაბატაძემ საგურამოს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან არსებულ N79-ე ერთწლიან ტექნიკურ სასწავლებელში, შემდეგ - ილია წინამძღვრიშვილის სახელობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში. 1982-1984 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობდა საგურამოს სასათბურე მეურნეობაში მშენებელ მუშად, დაბა ზაჰესში - ელექტროზეინკლად. 1987 წელს ჩაირიცხა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე, რომელიც 1992 წელს დაამთავრა. ამასთან, ის მონაწილეობდა სამაჩაბლოს სამშვიდობო ოპერაციაში.

სპირიდონი - სხალთელი მთავარეპისკოპოსი

მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (ერისკაცობაში - გოჩა ოთარის ძე აბულაძე) - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი დაიბადა 1950 წლის 14 ივნისს ზესტაფონში. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1967-1972 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ფაკულტეტზე, ხოლო 1972-1976 წლებში - უნივერსიტეტის ასპირანტურაში კიბერნეტიკის სპეციალობით. 1975 წლიდან ასპირანტი გოჩა აბულაძე მუშაობდა მეცნიერ-მუშაკად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა კათედრაზე, 1976 წლიდან - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მართვის ავტომატიზირებული სისტემების კათედრაზე. 1978-1979 წლებში გოჩა აბულაძე ქირურგიის ინსტიტუტის, ხოლო 1979 წლიდან - სახალხო მეურნეობის მართვის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკია. აქ იგი ლექციებს უკითხავდა საქართველოს მთავრობის კაბინეტის თანამშრომლებს მართვის სისტემების მიმართულებით. XX საუკუნის 80-90-იან წლებში გოჩა აბულაძე აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

ეფრემი - ბოლნელი მთავარეპისკოპოსი

მთავარეპისკოპოსი ეფრემი (ერისკაცობაში - ელგუჯა მურმანის ძე გამრეკელიძე) დაიბადა 1975 წლის 24 ოქტომბერს, ბათუმში. 1991 წელს დაამთავრა ბათუმის მე-2 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, სადაც 1996 წლამდე სწავლობდა. 1994 წლიდან ის ბათუმის საკათედრო ტაძრის მნათე და მედავითნე იყო. 1996 წლის 8 აპრილს ბერად აღიკვეცა.

იაკობი - ბოდბელი ეპისკოპოსი

მთავარეპისკოპოსი იაკობი (ერისკაცობაში - კონსტანტინე უსუფის ძე იაკობიშვილი) დაიბადა 1962 წლის 1-ელ მარტს, თბილისში. 1979 წელს მან დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. ამავე წელს ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 2003 წლის 15 მარტს ბერად აღიკვეცა და სახელად იაკობი ეწოდა.

მელქისედეკი - მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი

ეპისკოპოსი მელქისედეკი (ერისკაცობაში - არკადი აბესალომის ძე ხაჩიძე) დაიბადა 1975 წლის 25 აპრილს ოძისში, ხაშური. 1992-1995 წწ. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1995-1998 წწ. - თბილისის სასულიერო აკადემიაში, 1998-2003 წწ. - ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. 2006 წლის 31 აგვისტოს ბერად აღკვეცა.

მიქაელი - თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი

ეპისკოპოსი მიქაელი (ერისკაცობაში - მამუკა გივის ძე გაბრიჭიძე) დაიბადა 1966 წლის 25 იანვარის ჭიათურაში. 1983 წელს დაასრულა ჭიათურის მე-7 საშუალო სკოლა. 1986 წელს დაამთავრა თბილისის კავშირგაბმულობის პროფესიული ტექნიკუმი. 1986 წელს ჩააბარა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე. 1987 წლიდან გაბრიჭიძე ქართული როკ-ჯგუფის - „მემენტო მორის“ ბას-გიტარისტი იყო. 1990-იანი წლების დასაწყისში ის ბერად აღიკვეცა.

სვიმეონი - სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი

ეპისკოპოსი სვიმეონი (ერისკაცობაში - თეიმურაზ თამაზის ძე ცაკაშვილი) დაიბადა 1982 წლის 9 აგვისტოს სიღნაღში. 1999 წელს დაამთავრა თბილისის 101-ე საჯარო სკოლა. 1999-2003 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხის დამუშავების საწარმოთა მოწყობილობა და ტექნოლოგიის სპეციალობაზე. რამდენიმე წელი ნინო რამიშვილის საავტორო სკოლაში (მე-6 საავტორო სკოლა) პედაგოგად მუშაობდა. 1999 წლიდან ცაკაშვილი თბილისის მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის მრევლი და მგალობელია, ასევე, პერიოდულად გალობდა სვეტიცხოვლისა და სიონის საპატრიარქო ტაძრებში.

გიორგი - მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი

ეპისკოპოსი გიორგი (ერისკაცობაში - ლერი ვალერის ძე ჯამდელიანი) დაიბადა 1981 წლის 1 ოქტომბერს, დაბა მესტიაში. 1998 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საჯარო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობები-დიპლომატიის ფაკულტეტზე, რომელიც 2003 წელს დაამთავრა. 2005 წლიდან იწყებს მონასტრულ ცხოვრებას რუის-ურბნისის ეპარქიაში, ძამის ხეობაში. ბერად აღკვეცა 2006 წლის 27 აგვისტოს.

იოანე - გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი

ეპისკოპოსი იოანე (ერისკაცობაში - ნიკოლოზ თამაზის ძე შომახია) დაიბადა 1971 წლის 13 აგვისტოს, ქ. თბილისში. ბერად აღკვეცა 2008 წლის 15 მარტს (განათლების შესახებ მონაცემები არ არის).

გრიგოლი - წალკნელი ეპისკოპოსი

ეპისკოპოსი გრიგოლი (ერისკაცობაში - გიორგი ვლადიმერის ძე კაცია) დაიბადა 1972 წლის 26 აგვისტოს, სოხუმში. 1989 წელს დაამთავრა ქალაქ სარატოვის (რუსეთი) საშუალო სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა სარატოვის სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1995 წელს. 1997 წელს ჩაირიცხა მოსკოვის სისხლძარღვთა და გულის ქირურგიის სამეცნიერო ცენტრში ასპირანტურაში. 2000 წლის 29 ოქტომბერს გრიგოლმა წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე „გულის იშემიური დაავადებების ქირურგიული მკურნალობა“, რისთვისაც მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2004 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის წოდება. გიორგი კაცია 2005 წლიდან ბრუნდება საქართველოში და ამავე წლიდან 2010 წლის ჩათვლით სწავლობს თბილისის სასულიერო აკადემიაში. 2010 წელს საკუთარ დაბადების დღეზე, 26 აგვისტოს სიონის ტაძარში ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელად გრიგოლი.

დოსითეოზი - ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი

ეპისკოპოსი დოსითეოზი (ერისკაცობაში - დიმიტრი ზურაბის ძე ბოგვერაძე) დაიბადა 1964 წლის 29 დეკემბერს, იგორეთში, ხარაგაულის რაიონი. 2014 წლის 15 ივნისიდან ის ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარია (განათლების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება).

საბა - ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი

ეპისკოპოსი საბა (ერისკაცობაში - ლაშა ანდრიას ძე ინწკირველი) დაიბადა 1981 წლის 22 ივნისს ოზურგეთის რაიონში. 1996 წელს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით მან ბათუმის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. სტუდენტობის პერიოდში დაინტერესდა მონასტრული ცხოვრებით და მორჩილებას გადიოდა მახერას მამათა მონასტერში, კვიპროსზე. 2000 წელს სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ, სწავლის გასაგრძელებლად კათოლიკოს- პატრიარქის ილია II და მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) ლოცვა- კურთხევით ის სერბეთში გაემგზავრა. 2001-2007 წელებში სწავლობდა ბელგრადის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის უნივერსიტეტში, საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. 2009 წლის 29 ივნისს მორჩილი ლაშა-გიორგი ბერად აღიკვეცა და ეწოდა სახელი - საბა. 2014 წლის 15 ივნისიდან ის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელმთავარია.

ვახტანგი - ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი

ეპისკოპოსი ვახტანგი (ერისკაცობაში - გიორგი ოთარის ძე ლიპარტელიანი)დაიბადა 1965 წლის 25 ოქტომბერს თბილისში. ბერად აღკვეცა 2008 წლის 13 დეკემბერს (განათლების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება).

ამ ბიოგრაფიული მონაცემებით დღეს მოქმედი მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, წმინდა სინოდის 39 წევრიდან 30 ეპისკოპოსი აკმაყოფილებს ასაკობრივ კრიტერიუმს (40-დან 70 წლამდე)

21 მღვდელმთავარს კი აქვს დადასტურებული სასულიერო განათლება.

შესბამისად, 39 ეპისკოპოსიდან 14-ს არ აქვს სასულიერო განათლება, ხოლო 4 მღვდელმთავრის (ვახტანგ ახვლედიანი, იოანე შომახია, დოსითეოზ ბოგვერაძე, ვახტანგ ლიპარტელიანი) განათლების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

  • ბიოგრაფიული მონაცემების შეჯერებით, ორივე კრიტერიუმს ერთდროულად 13 მღვდელმთავარი აკმაყოფილებს

ესენი არიან:

შიო მუჯირი (57 წლის)

იობ აქიაშვილი (65 წლის)

გრიგოლ ბერბიჭაშვილი (69 წლის)

ნიკოლოზ ფაჩუაშვილი (65 წლის)

თეოდორე ჭუაძე (58 წლის)

საბა გიგიბერია (59 წლის)

დიმიტრი შიოლაშვილი (65 წლის)

ანტონი ბულუხია (69 წლის)

სტეფანე კალაიჯიშვილი (67 წლის)

ზენონ იარაჯული (54 წლის)

მელქისედეკ ხაჩიძე (50 წლის)

გრიგოლ კაცია (53 წლის)

საბა ინწკირველი (44 წლის)

დანარჩენი მღვდელმთავრებიდან, რომელთაც აქვთ სასულიერო განათლება (დანიელი, აბრაამი, ანანია, ზოსიმე, გიორგი შალამბერიძე და იოანე გამრეკელი), ყველა 70 წელს ზემოთ ასაკისაა, რის გამოც ისინი ვერ ხვდებიან ორივე კრიტერიუმის თანაკვეთაში, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე არ შეიცვალა სინოდის დაგეგმილ სდომაზე, რომელზეც უნდა შეირჩეს პატრიარქობის 3 კანდიდატი. არსებული ინფორმაციით, შესაძლოა სწორედ ამ სხდომაზე მოხდეს კანდიდატობის არსებული კრიტერიუმების დაზუსტება.