ავტორი:

საქართველოში ერთ დროს ცნობილი წამყვანის ცნობა გაგიჭირდებათ - სად არის და რას საქმიანობს ილია ებიტაშვილი, რომელმაც ქვეყანა 20 წლის წინ დატოვა

საქართველოში ერთ დროს ცნობილი წამყვანის ცნობა გაგიჭირდებათ - სად არის და რას საქმიანობს ილია ებიტაშვილი, რომელმაც ქვეყანა 20 წლის წინ დატოვა

"ამაზე კარგი რა უნდა ყოფილიყო, მართლა ზღაპარივით ამბავი იყო ჩემს ცხოვრებაში. ქუჩაში არ ვიდექი, ხალხს ნერვებს არ ვუშლიდი, პირიქით, ვერთობოდი და ვართობდით ადამიანებს. თან 90-იანების ბოლოს, ალბათ ღმერთს მადლობა უნდა ვუთხრა, რომ ასეთი ბავშვობა და ახალგაზრდობა შემახვედრა. ცხოვრებაში იმ რთულ პერიოდში ასეთ გამოცდილებას ვიღებდი" - გვეუბნება 90-ანების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი ცნობილი ტელეწამყვანი ილია ებიტაშვილი.

ამას წინათ "ტიკ-ტოკზეც" მოიკითხეს, ნეტავ, სად არის, რატომ აღარ ჩანს, რას საქმიანობსო?! ილიასთან ინტერვიუ რამდენიმე წლის წინ ჩავწერე, მაშინ უკრაინაში, კიევში იყო. საერთოდაც იქ 2006 წელს წავიდა და აგერ უკვე 20 წელია საქართველოს გარეთ საქმიანობს. ცნობილი და წარმატებული ტელეოპერატორია, კინოშიც მუშაობს. ამ ყველაფერზე კი ახლა თავად გვიამბობს...

- ისე მოხდა, რომ 2006 წელს უკრაინაში წავედი და იქ დავრჩი. მას მერე 20 წელი გავიდა. უკრაინის ომამდე როგორც ოპერატორმა ძალიან დიდი ენერგია და დრო დავხარჯე კინოინდუსტრიასა და ტელე-შოუ-ბიზნესში. საქართველოში კი ერთი-ორჯერ იყო რაღაც მცდელობა, კინოფირზე რეკლამაში გადამიღეს... ერთხელ რაღაც წამყვანობაზე მქონდა ტესტი, კიევში ასეთი არხია - „ახალი არხი,“ მაგრამ არ გამოვიდა. ძალიან კარგი, რომ არ გამოვიდა. ჩემს პროფესიაში, ფანტასტიკურად ვგრძნობ თავს. ბევრს ვმოგზაურობ და არაერთი საინტერესო პროექტი მქონია. სპეცტექნიკაზე ვმუშაობ. სპეციალური სისტემაა, რომელიც ჯოისტიკებით იმართება. ძალიან მომწონს ჩემი საქმე.

- ვიცი, რომ დიდ შოუებზე გაქვს ნამუშევარი...

- თუკი რამე მეგაშოუ არსებობდა უკრაინაში - „ვოისი“ „ტალანტი“ „ცეკვები“ - ყველაფერი ჩემი გადაღებულია და ჩემი ნამუშევარია. უკრაინის ბოლო სამი პრეზიდენტის ინაუგურაცია, როგორც ოპერატორის, ასევე ჩემი გადაღებულია. საქართველოში ორჯერ იყო საბავშვო „ევროვიზია“ და ორივეზე ვიყავი ჩამოსული, დამიძახეს. გასული წლის დეკემბერშიც ვიყავი. ომის შემდგომ პერიოდში ურთიერთობა მაქვს „დისნეისთან“ და კიდევ ერთ სერიოზულ კომპანიასთან.

- მოკლედ, ეს 20 წელი შენთვის ნაყოფიერი და შედეგიანი აღმოჩნდა...

- კი, ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი, თუმცა ძალიან რთულიც. 24 წლის ვიყავი, რომ საქართველოდან წამოვედი. წელს, აგვისტოში 44 წლის გავხდები. გამოდის, რომ ცხოვრების მეორე ნახევარი საქართველოს გარეთ გავატარე. ასე რომ, უდიდესი გამოცდილება მივიღე როგორც პროფესიონალმა. ამასთან ამ საქმით, როგორც ვთქვი, მოვიარე მთელი უკრაინა, ყაზახეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები. თუკი სადმე რამე მნიშვნელოვანი გადაღება იყო, ყველგან ჩვენს ჯგუფს (პროექტები, რეკლამები, ფილმები როგორც ქართველებთან, ასევე უკრაინელებთან) გვეძახდნენ. უცხოელები რომ ჩამოდიოდნენ, მათთანაც ვმუშაობდით. ეს ჯგუფი შეკრებილი ვიყავით ზელენსკის „კვარტალ 95“-ში...

- მაყურებელს როგორც ტელეწამყვანი ახსოვხარ, თუმცა ოპერატორიც იყავი. მოკლედ, საქართველოში ნასწავლი ოპერატორობა უკრაინაშიც დაგეხმარა...

- კი, ტელეწამყვანი და ოპერატორიც ვიყავი. "მაესტროს" არაერთი დიდი და პოპულარული პროექტი, მათ შორის, „ნოსტალგია“ მაქვს გადაღებული... რეალითი შოუები... უკრაინაში რომ ჩავედი ეს ძალიან დამეხმარა, მაგრამ აქ მაინც სულ სხვანაირი საქმე აღმოჩნდა. სპეცტექნიკა ისეთი მრავალფეროვანი და საინტერესოა, რომ მაშინვე ჩამითრია და ვეღარ მოვწყდი. ოპერატორები ასე ამბობენ ხოლმე, „თავში ეს პლატა ან გიდევს, ან - არა“... მოკლედ, ან ხარ ოპერატორი, ან მაიმუნობ. არ ვტრაბახობ, როგორც შევატყვე, ეტყობა, რაღაც მართლა „მიდევს“...

- მეუღლე, როგორც ვიცი რეჟისორია...

- მე და ირინა პეტრიკეიმ ერთმანეთი თბილისში გავიცანით. საქართველოში იყო ჩამოსული, დოკუმენტურ ფილმს იღებდა. ჩემს მეგობარს, ოპერატორ ლევან აბულაძეს უკრაინაში საქართველოს საელჩომ რეკომენდაცია გაუწია და ირინა რომ ჩამოვიდა, ლევანს დაურეკა. ლევანთან ერთად შეხვედრაზე მეც მივედი. პირველად ასევ ვნახე ირინა. წავედით უშგულში და დოკუმენტური ფილმი გადავიღეთ. აქედან დაიწყო ჩვენი 20-წლიანი საინტერესო გზა...

- ვფიქრობ, რომ ირინას გაცნობით დიდად გაგიმართლა. შენს ცხოვრებაში ახალი, საინტერესო და ცოტათი განსხვავებული ცხოვრება დაიწყო... ასეა?

- ცხოვრებაში მიმართლებს... ასე იყო „მაესტროს“ თემაშიც, ტელეწამყვანი რომ გავხდი. რატომღაც საიდანღაც, უეცრად ასე გამიმართლა. ოპერატორი რომ ვიყავი, ეგეც გამართლება იყო. უკრაინაში რომ წავედი და იქ ოპერატორი აღმოვჩნდი და ამ ძლიერ გუნდში რომ მოვხვდი, ეგ გამართლება იყო... დღეს სადაც ვარ, ესეც გამართლებაა...

- საქართველოში რამდენ ხანში ერთხელ ჩამოდიხარ. ცნობილია, რომ ტელეწამყვანი და რეჟისორი ნიკა ლომიძე შენი ბიძაა. კიდევ ვინ გყავს საქართველოში?

- წელიწადში ერთი-ორჯერ ვცდილობ, რომ ჩამოვიდე. საქართველოში მყავს დედა, ძმები, ბებია, ბიძა - ნიკა ლომიძე და ბევრი ახლობელ-ნათესავი... ასეთი ტრადიცია გვაქვს - რომ ჩამოვდივარ, ნიკა აეროპორტში ჩემს დასახვედრად მოდის. ჩემთვის სიმბარათს ყიდულობს და რესტორანში მივყავარ, რომ ხინკალი დავაგემოვნოთ, ვილაპარაკოთ, ვიცინოთ. მერე ვიშლებით... ნიკა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია, რომელიც ძალიან მიყვარს, ვგიჟდები და დღემდე ჩემთვის მისაბაძია. სულ მინდა, რომ მას დავემსგავსო. მისი დამსახურებაა, რომ ტელევიზიაში აღმოვჩნდი - მგონი, 1996 წლის სექტემბერი იყო. ჯერ კიდევ „პა-სეანსი“ არსებობდა, „მაესტრო“ რომ „პირველ არხზე“ იყო, „ლოტო-მაესტრო,“ თეა გვასალიას „ამბობენ“ რომ გადიოდა... მოკლედ, მაგ დროს 14 წლის ვიყავი და „მაესტროში“ როგორც თანაშემწე მივედი. წინ და უკან სხვადასხვა საქმეზე დავრბოდი, ვისაც რა უნდოდა იმაში ვეხმარებოდი, ძირითადად ოპერატორს, რომელმაც ეს საქმე მასწავლა.

- 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში ომი დაიწყო. რა შეცვალა ომმა შენი ოჯახის ცხოვრებაში?

- მანამდე, ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ რომ იყო, ბინა გავყიდეთ და კიევის აეროპორტთან ახლოს ახალაშენებული თაუნჰაუსი პატარა ეზოთი ვიყიდეთ. გადავედით საცხოვრებლად, გავარემონტეთ, მოვაწყვეთ, ყველაფერი ფანტასტიკურად იყო. ბავშვი გაჩნდა, ძაღლიც გვყავდა. სამსახური გვქონდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა. ირა თავის საქმეებზე დარბოდა, ფილმებს იღებდა, მე - ჩემს გადაღებებზე დავრბოდი. ომამდე ასე საუკეთესოდ ვიყავით... მერე სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო. უცბად ყველაფერი გაუფასურდა სახლიც, ეზოც და იქიდან წამოვედით... ომი ღამე დაიწყო, პანიკაში მყოფებმა ყველაფერი ჩავალაგეთ, პრინციპში მორალურად მზად ვიყავით, რადგან ვიცოდით, რომ ეს შესაძლებელი იყო, მომხდარიყო. სიდედრთან ქალაქგარეთ, აგარაკზე, კიევიდან 70 კილომეტრში, წავედით. ორი დღე იქ გავჩერდით, რადგან არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა, რა მოხდებოდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. იმ დროს უკვე მქონდა კონტრაქტი უკრაინულ კომპანიასთან, რომელიც კომპიუტერულ თამაშ-შეჯიბრებას, დიდ ტურნირებს ატარებდა და დუბაიში გამგზავრება მქონდა დაგეგმილი.

როგორც ოპერატორს იქ ივენთზე უნდა მემუშავა. 28-ში უნდა გავფრენილიყავი, რადგან ერთკვირიანი შეჯიბრება 1-ელი მარტიდან იწყებოდა. იქიდან მირეკავდნენ, უკრაინიდან ხალხი ვერ მიგვყავს, შენ ხომ საქართველოს მოქალაქე ხარ და ხომ შეძლებ საზღვრის გადაკვეთასო. ვუთხარი, რომ ჩემი გოგოების - მეუღლის და შვილის გარეშე ქვეყნიდან არ გავიდოდი. მათ ვარშავაში ბინა გვიქირავეს. მანქანაში ჩავსვი მეუღლე, შვილი ვარშავაში წავიყვანე. იქ დავტოვე და დუბაიში სამუშაოდ გავფრინდი. იქიდან რომ დავბრუნდი, ვარშავაში ვფიქრობდით, რა უნდა გვექნა და შემდეგ წელიწად-ნახევარი ბულგარეთში ვიცხოვრეთ. ბულგარეთში არის ამერიკული (ჰოლივუდური) კინოსტუდია, სადაც ვმუშაობდი...მერე ბავშვი სასკოლო გახდა. მიხვდით, რომ უკრაინაში ვერ დავბრუნდებოდით, რადგან სულ იბომბება. ბევრი ფიქრის შემდეგ წასვლა ჰოლანდიაში გადავწყვიტეთ.

- ახლა იქ ხართ?

- უკვე მესამე წელია, ამსტერდამიდან 15 კილომეტრში ვცხოვრობთ. მოკლედ, ბავშვი სკოლაში აქ წავიდა. უკვე 10 წლის არის. სწავლობს ენას, კულტურას - კარგ განათლებას იღებს. ომის შემდეგ ოჯახის გადარჩენის რეჟიმი ჩამერთო... გვეპატიჟებოდნენ ამერიკაშიც ის ადამიანები, ვისთან ერთადაც დუბაიში ვიმუშავე, მაგრამ შორს არ წავედი. ევროპაში ყოფნა გადავწყვიტეთ. საქმეს რაც ეხება, როცა სამუშაოდ მეძახიან, მივდივარ. საქმიანად ვიყავი ამერიკაში, საქართველოში, მაროკოში, ლუქსემბურგში. ხან აქ, ადგილზე ვზივარ და ვმუშაობ. ირა შვედ მოხალისეებზე დოკუმენტურ ფილმს იღებს, მათ შორის არის პოლიციელი, ექიმი და მეხანძრე. ისინი შვედეთში აგროვებენ სახანძრო, პოლიციის და სასწრაფოს მანქანებს. ირა მათ შვედეთიდან უკრაინაში ექსპედიციაში ორჯერ გაჰყვა. ფილმს ჩვენი ოჯახის ფინანსებით იღებს...

- საუბრის ბოლოს რას ეტყოდი შენს გულშემატკივრებს, ძველ ფანებს, თაყვანისმცემლებს, ვისაც ახსოვხარ...

- არ დანებდეთ ცხოვრებას, არ დანებდეთ ოლიგარქიას... საერთოდ ადამიანის ტვინი რთულად არის მოწყობილი, ფიქრი ეზარება, მაგრამ ის ადამიანი, ვინც არ ფიქრობს, საბოლოოდ მონა ხდება. ამ საშიშროების წინაშე რომ არ დადგეს ქართული საზოგადოება, ამიტომ ვიფიქროთ და კრიტიკულად ვიაზროვნოთ. ასე შევძლებთ გადარჩენას... ცოტა ფილოსოფიაში წავედი, მაგრამ კრიტიკული აზროვნება ყველაზე მთავარ მესიჯად მიმაჩნია... ყველას წარმატებას ვუსურვებ.