ავტორი:

"...როდესაც მთვარემ მზე სრულად დაფარა" - საოცარი კადრი "Orion"-დან: 50-ზე მეტი წლის წინანდელი ცნობილი ფოტოს ალუზია

"...როდესაც მთვარემ მზე სრულად დაფარა" - საოცარი კადრი "Orion"-დან: 50-ზე მეტი წლის წინანდელი ცნობილი ფოტოს ალუზია

NASA-მ "არტემიდა 2"-ის მთვარის მისიის ფარგლებში გადაღებული მორიგი ფოტოები გამოაქვეყნა.

პირველი სურათი, სახელწოდებით ‘Earthset“, მთვარის შორეული მხრიდან არის გადაღებული და მასზე მთვარის ჰორიზონტის მიღმა დედამიწის "ჩასვლაა" ასახული. კადრი “Apollo 8“ მისიის ფარგლებში, ბილ ანდერსენის მიერ 50 წელზე მეტი ხნის წინ გადაღებული ცნობილ “Earthrise“- ის კადრის ალუზიას წარმოადგენს.

მეორე ფოტო, სახელწოდებით “The Artemis II Eclipse“, იმ მომენტს აჩვენებს, როდესაც მთვარემ მზე სრულად დაფარა.

აღნიშნული სურათები მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც NASA-ს ასტრონავტებმა: რიდ უაიზმანმა, კრისტინა კოხმა, ვიქტორ გლოვერმა და კანადელმა ჯერემი ჰანსენმა მთვარეს შემოუფრინეს და ამით პირველი ადამიანები გახდნენ, რომლებმაც ბოლო 50 წლის განმავლობაში დედამიწის თანამგზავრის შორეული მხარე საკუთარი თვალით იხილეს.

ექვსსაათიანი ფრენის დროს "არტემიდა 2"- ის ეკიპაჟმა დედამიწიდან 406,771 კმ-ზე მეტი მანძილი დაფარა, რაც “Apollo“-ს მისიების შედეგებს აჭარბებს და ახალ რეკორდს ამყარებს.

დედამიწის თანამგზავრის ზედაპირიდან 66,098 კილომეტრის სიმაღლეზე მყოფ ასტრონავტებს მთვარე დაახლოებით ისეთივე ზომის ეჩვენებოდათ, როგორიც ხელის გაწვდენაზე დაჭერილი კალათბურთის ბურთი.

მთვარის შორეულ მხარეს გადაადგილებისას ასტრონავტებმა მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია დააფიქსირეს: იღებდნენ ფოტოებს, აკეთებდნენ ესკიზებს და საკუთარ დაკვირვებებს აუდიოჩანაწერებში აღწერდნენ.

  • დედამიწის თანამგზავრის შორეული მხარე მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩვენთვის ხილული ნაწილისგან, ის გაცილებით მეტი კრატერებით არის დაფარული და ბევრად ნაკლები ვულკანური ველების მქონე რელიეფი გააჩნია.

როდესაც ეკიპაჟმა “Orion“-ის კაფსულით ამ მხარეს გადაუფრინდა, ასტრონავტებმა უჩვეულო გეომეტრიული ფორმების მქონე დახვეული სტრუქტურები ე. წ. “სქუიგლებს“ (squiggles) შენიშნეს, მათი მწვანე და ყავისფერი ელფერი მოულოდნელი აღმოჩენა გახდა მთვარის უხეში რელიეფის ფონზე.

მიუხედავად იმისა, რომ მთვარის შორეული მხრის ფოტოები უპილოტო აპარატებს ადრეც გადაუღიათ, მსგავსი დეტალური კადრები ადამიანის თვალს არასოდეს უნახავს.

ასტრონავტების ყურადღება განსაკუთრებით ახლად წარმოქმნილმა კრატერებმა მიიქცია.

კანადელმა ასტრონავტმა ჯერემი ჰანსენმა NASA-ს ორი ახალი კრატერისთვის სახელი მინიჭების უფლება ითხოვა. ერთს მან “Orion“ -ის ეკიპაჟის კაფსულის სახელის პატივსაცემად “Integrity“ უწოდა, ხოლო მეორეს ‘Carroll“ , რიდ უაიზმანის გარდაცვლილი მეუღლის სახელი.

მთვარის შემოვლის შემდეგ “Orion’ -ის კაფსულა დედამიწის გრავიტაციის ძალის გავლენით უკან ბრუნდება, მისი ოკეანეში დაშვება პარასკევს არის დაგეგმილი, კაფსულა დედამიწის ატმოსფეროში 40,200 კმ/სთ სიჩქარით შემოვა, შემდეგ პარაშუტი გაიშლება და ის წყნარ ოკეანეში დაეშვება.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: