ავტორი:

"დედა, არ გვინდა სიკვდილი!" - სტიქიას მანქანაში ჩაკეტილი დედა და 4 ბავშვი სასწაულებრივად გადაურჩნენ: დაღესტანში ძლიერ წვიმას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა

"დედა, არ გვინდა სიკვდილი!" - სტიქიას მანქანაში ჩაკეტილი დედა და 4 ბავშვი სასწაულებრივად გადაურჩნენ: დაღესტანში ძლიერ წვიმას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა

დაღესტანში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელმა წვიმებმა რეგიონში კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია, რასაც მსხვერპლი და მასშტაბური ნგრევა მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ბავშვები და ორსული ქალი, რომელიც მე-20 კვირაში იყო. სოციალურ ქსელში გავრცელებულმა კადრებმა კი, სადაც დედა და მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილი დატბორილ მანქანაში არიან გამოკეტილნი, მსოფლიო შეძრა.

"მანქანაში წყალი შემოდიოდა, ბავშვები კი კიოდნენ"

გავრცელებული ინფორმაციით, ქალი შვილებთან ერთად გროზნოდან დერბენტის მიმართულებით გადაადგილდებოდა. სოფელ ნოვოი ხუშეტთან გზა მოულოდნელად ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. მანქანა წყლის ნაკადმა შუა გზაზე გააჩერა, რის შემდეგაც ელექტროენერგია გაითიშა და კარები, ფანჯრები და ლუქი დაიბლოკა.

"მანქანაში წყალი შემოდიოდა. ბავშვები პანიკაში იყვნენ, კიოდნენ: “დედა, გადაგვარჩინე, არ გვინდა სიკვდილი, გამოგვიყვანე აქედან“. ეს იყო საშინელება. ვერცერთი სამაშველო სამსახური ჩვენამდე ვერ აღწევდა, რადგან ყველა მსუბუქი ავტომობილებით მოდიოდა, იქ კი გავლა შეუძლებელი იყო", - იხსენებს გადარჩენილი ქალი.

ოჯახი სიკვდილს ადგილობრივმა მცხოვრებმა, მუჰამედმა გადაარჩინა, რომელმაც მოახერხა მანქანამდე მიღწევა და ბავშვების ლუქიდან ამოყვანა.

"მადლობა მუჰამედს და მის მეუღლეს, რომლებმაც შინ მიგვიყვანეს და გაგვათბეს. მანქანა იქ დავტოვეთ, კამაზზე მივაბით, რომ დინებას არ წაეღო. მას შემდეგ, რაც ჩვენი მანქანა ადგილიდან დაძრეს, ზუსტად იმ წერტილში, სადაც ვიდექით, უზარმაზარი კონტეინერი და სხვა ავტომობილი ჩავარდა. სასწაულებრივად გადავრჩით", - ამბობს დაზარალებული.

ინფრასტრუქტურული კოლაფსი და 10-წლიანი აღდგენითი პროცესი

ექსპერტების პროგნოზით, დაღესტნის ინფრასტრუქტურის აღდგენას, სავარაუდოდ, 10 წელი დასჭირდება. კატასტროფის მიზეზად, ძლიერ წვიმებთან ერთად, ბოლო 30 წლის განმავლობაში მოსული რეკორდული თოვლი სახელდება, რომლის დნობამაც გეჯუხის დამბის გარღვევა გამოიწვია.

როგორც ირკვევა, ნაგებობა წლების განმავლობაში არ მოწმდებოდა და მისი მდგომარეობის შესახებ ანგარიშები არ არსებობდა. მახაჩყალასა და კასპიისკში არსებულმა ძველმა, საბჭოთა დროინდელმა სანიაღვრე სისტემებმა კი წყლის ასეთ ნაკადს ვერ გაუძლო. ამ დროისთვის რეგიონში ეპიდემიოლოგიური საფრთხის გამო მოსახლეობის სასწრაფო ვაქცინაცია მიმდინარეობს.