არ წყდება ხმაური რუსთაველის თეატრში გამართული პრემიერის გარშემო, მოგეხსენებათ, ახლახან რობერტ სტურუამ მაყურებელს შოთა რუსთაველის გენიალური პოემის საკუთარი ხედვა წარუდგინა. სპექტაკლი "ვეფხისტყაოსანი“ (ნაწილი პირველი: “ამბავი როსტევან არაბთა მეფისა”) ქართული თეატრის ლეგენდის, სანდრო ახმეტელის 140-ე წლისთავს მიეძღვნა.
სპექტაკლმა და მისმა ფრაგმენტებმა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა დიდი და არცთუ დადებითი გამოხმაურება გამოიწვია. საზოგადოების ნაწილმა ეროტიკულად ადა მიუღებლად მიიჩნია რიგი სცენები, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია. ხელისუფლების წარმომადგენლებს დადგმა ძირითადად მოსწონთ, რეალურად ამ პროცესში პოლიტიკური კომპონენტიც საკმაოდ მძლავრობს.

სანდრო ელოშვილი, რეჟისორი:
"შევეცდები მოკლედ ვთქვა...
მე არ მინახავს სპექტაკლი “ვეფხისტყაოსანი“ და ვერც წარმომიდგენია როგორ შეიძლება დადგა ეს ნაწარმოები, ისე რომ “წიგნი“ არ ჯობდეს... ამიტომაც ამ თემაზე ვერაფერს გეტყვით!
იმასაც გეტყვით, რომ მე და ბატონი რობერტის ხედვები, სამყაროს თუ არა, საქართველოს მოწყობასთან დაკავშირებით, ნამდვილად რადიკალურად განსხვავდება, განსაკუთრებით ეროვნული მოძრაობის და კონკრეტულად ზვიად გამსახურდიას შეფასებაში...
მაგრამ! (რა ჯადოსნური სიტყვაა)
თუკი სტურუა უნდა განვსაჯოთ, როგორც რეჟისორი, გეტყვით რომ ამ პროფესიაში ისევე ბერდებიან ადამიანები, როგორც დავუშვათ ფეხბურთში და 87 წლის ადამიანს, მოვთხოვოთ ის შედეგები რაც ჰქონდა 37 წლის ასაკში ("კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III") იგივეა 70 წლის ალექსანდრე ჩივაძეს მოვთხოვოთ ისევე ითამაშოს, როგორც თამაშობდა 20 წლისას...
ევერესტის სიმაღლე მწვერვალით იზომება, თორემ სადღაც, დასაწყისში ან ბოლოში, ასანთის კოლოფის სიმაღლეზე დაბლა ჩადის...
ერთი კი ფაქტია! “კავკასიური ცარცის წრე“, “რიჩარდ III“ და “მეფე ლირი“ ის მწვერვალებია ქართულ თეატრში, აგერ ნახევარი საუკუნე ვერავინ რომ მიუახლოვდა, გაუტოლდა...
რუსთაველის თეატრი, მცირე მასშტაბში რომ წარმოვიდგინოთ, გლობუსზე სადაც კი ლურჯი არ არის, ანუ მიწაა (ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსის გარდა) ყველგან ნამყოფია...
და სტურუას, არგენტინიდან დაწყებული ავსტრალიით დამთავრებული, ყველგან ფეხზე მდგარი უკრავდნენ ტაშს და იმის იქით მარტო სელაპებს შეუძლიათ ტაშის დაკრვა, მაგრამ სამწუხაროდ თეატრში არ დადიან!
ასე რომ რობერტ სტურუა, როგორი ადამიანიც არ უნდა იყოს, რა პოზიციაზეც არ უნდა იყოს და შეცდომებიც არ უნდა ჰქონდეს დაშვებული ცხოვრებაში, ქართული თეატრის “დედა ენაა“ ამიტომაც...
აი ია...
აი თითი...
აი რობერტ სტურუა"!

გია ჯაფარიძე, პოლიტიკოსი:
"ესთეტიკის ამბავია.
რობერტ სტურუა სულ ასეთი იყო. "ქართული ოცნებაც".
კი, 2012 წელსაც რობერტი და "ქართული ოცნება" ის იყვნენ, რაც დღეს.
კი, რუსეთის ამოცანაა, შეურაცხყოს, დააკნინოს, რაც შეგვიქმნია (ποιέω ზმნაა) - პოეზიაც და სახელმწიფოც.
კი, სტურუა = ყაველაშვილი.
ეზიზღებათ "ვეფხისტყაოსანი", რადგან რუსთველი ყველაფერი იმის საწინააღმდეგოა, რასაც "ქართული ოცნება" განასახიერებს".
დემეტრე დგვეფაძე, კრეატიული დირექტორი და თეატრის რეჟისორი:
"ბევრი ვიფიქრე, ეს პოსტი დამეწერა თუ არა. თუმცა ის, რაც გუშინ ვნახე სხვა გამოსავალს არ მიტოვებს. გულგრილი ვერ დავრჩები და უბრალოდ გვერდს ვერ ავუვლი ამ დიდ მოვლენას ქართულ თეატრში. თავს მოვალედ ვთვლი, ჩემი გრძნობები და შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ რობერტ სტურუას ბოლო სპექტაკლთან - "ვეფხისტყაოსანთან" დაკავშირებით.
გამოგიტყდებით, ძალიან დიდი მოლოდინებით წავედი თეატრში, ბილეთები დადებისთანავე შევიძინეთ და მთელი გულით ველოდი 5 აპრილს. ჩემი მეგობრებისთვის არახალია ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება სტურუას, როგორც რეჟისორისადმი. ახალგათავისუფლებულ ბათუმში ნანახი "კავკასიური ცარცის წრე" იყო ის სპექტაკლი, რომელმაც განსაზღვრა ჩემი მომავალი და მაჩუქა ოცნება, რომელსაც თეატრი ჰქვია. სტურუას ბოლო სპექტაკლებიდან გამომდინარე პრაგმატული ეჭვი მქონდა, რომ დიდი მოლოდინები მაინც არ უნდა შემქმნოდა, თუმცა რეჟისორის ოპტიმიზმი და იდეალიზმი მაიძულებდა მეფიქრა, რომ როგორც თავად სტურუამ თქვა, მისი "გედის სიმღერა" მორიგი სასწაული იქნებოდა და ამით მოაჯახუნებდა თეატრის კარს, რომელშიც ეპოქა შექმნა. მაგრამ მოვტყუვდი.

სცენაზე ვიხილე თეატრის გარყვნა. "ვეფხისტყაოსანი" უდიდესი ქმნილებაა, რაც კი ოდესმე შეუქმნია ქართველ ადამიანს. ის, რაც სტურუამ დადგა არის ღირებულებებისგან დაცლა, კულტურის მიწასთან გასწორება, მორიგი სნობური ღლიცინი მაყურებელზე (რაც რეჟისორს ახასიათებდა ისედაც ბოლო სპექტაკლებში). სპექტაკლში რამდენჯერმე ხაზგასმით ისმის ფრაზა "ეს რუსთაველის თეატრია" გულისტკივილით მივლიდა თავში, რომ რუსთაველის თეატრისგან აღარაფერია დარჩენილი. ავთანდილი, რომელიც რატომღაც იდიოტს თამაშობს (დიახ, ლევან ხურციას ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი ავთანდილამდე, უბრალოდ სასაცილო იყო მისი უბადრუკი შესრულება); როსტევანი რომელიც მთელი სპექტაკლი (მაპატიეთ გამოთქმისთვის) გოჭივით ჭყვიტინებს და სცენაზე გორავს უაზროდ; თინათინი, რომლის გამეფებაც მაყურებელსაც ეჭვს გვრის და მისგან გაჟღერებული "ლეკვი ლომისა სწორია" აბსოლუტურად ნისლს ჰფენს მის პიროვნებას; ბოლო სცენა კი ავთანდილთან თქვენთვის მომინდვია შესაფასებლად (თუ ოდესმე ნახავთ). ეს სამი პერსონაჟი რეჟისორს ჩვენს სახედ წარმოუდგენია, რაც ასევე შეურაცხყოფად მივიღე. "ვეფხისტყაოსანში" თამაში არის ღირებულებითი მისია, ეს არ არის პოემა, რომელიც ღრიალით, ჭყვიტინით, პათეტიკითა და ფსევდოთეატრალური ზეაწეული "ელიტური", "აკადემიური" ღლაბუცით უნდა დაიდგას მაყურებელთან. ეს არის მართლა "ხელიხელსაგოგმანები" პოემა, რომელშიც ჩვენი გენეტიკური კოდია და დაუშვებელია მისი შეურაცხყოფა იმ გზით, რა გზითაც ეს სტურუამ გააკეთა.
საყურადღებოა კონტექსტიც, რომელიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია. განათლების რეფორმის მარშზე ვიყავით მე და მარიამი, როცა პირველად ვნახე "ვეფხისტყაოსნის" დიდი აფიშა რუსთაველის თეატრთან. მარიამმა მითხრა, რომ “ვეფხისტყაოსანი” რეალურად იქ ვერ მოხდება იმიტომ, რომ “ვეფხისტყაოსანი” აქ არის, ქუჩებში, ჩვენ ვართ “ვეფხისტყაოსანი”. მაშინ გამეღიმა ამ სიტყვებზე, თუმცა სპექტაკლის მერე მივხვდი, რომ იყო ამ სიტყვებში ძალიან ნათელი სიმართლე. ჭეშმარიტად "ვეფხისტყაოსნის" ღირებულებების მატარებელ ადამიანებს დღეს ტროტუარზე დგომის გამო აპატიმრებენ, გვარბევენ, გვაშავებენ, ქუჩაში გვასისხლიანებენ, სასამართლოებში დაგვარბენინებენ ცრუ ბრალდებების გამო. ჭეშმარიტად "ვეფხისტყაოსნის" ღირებულებების ადამიანები სინდისის პატიმრები არიან, რომლებიც ბოლომდე უარს ამბობენ პრინციპების წინააღმდეგ წასვლაზე და ითმენენ უსამართლობას.
შეუძლებელია "ქოცების" სახადის პირობებში, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში დაიდგას ღირსეული "ვეფხისტყაოსანი". ეს ღირებულებებისგან დაცლილი რეჟიმი ვერ შექმნის პოემის ღირსეულ ადაპტაციას. რეჟისორი, რომელმაც წყენა ვერ გადალახა და თეატრი განსაცდელის დროს მიაგდო ყველა ჯერზე, ამ სპექტაკლს ვერ დადგამს ღირსეულად! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, "ქოცების" მიერ საქართველოს რუსიფიკაციის მეთოდი არის ჩვენი კულტურის შეურაცხყოფა, ჩვენი იდენტობის მოშლა, ქართველების წარმოჩენა, როგორც ტაკიმასხარა მემწვადეების, რაც ძალიან კარგად გამოიხატა სტურუას ბოლო სპექტაკლში.
როდესაც თეატრში შევდიოდი, ჩემ წინ დედა-შვილი მიდიოდა. ბავშვი დიდი ალბათობით, პირველად იყო თეატრში. დედა ეუბნებოდა, რომ პატივი ჰქონდა, თავისი თვალებით ენახა დიდი მოვლენა. გამოსვლისას იმ ბავშვზე დავფიქრდი და შევწუხდი, მივხვდი რომ ამ საშინელი გამოცდილებით ეცნობა თეატრს. რობერტ სტურუას მადლობელი ყოველთვის ვიქნები, ვინაიდან შემაყვარა და მომწამლა თეატრით თავის დროზე, მაგრამ ამ ბავშვმა რა დააშავა. მთავარი განსხვავება არის ის, რომ მე ვნახე გათავისუფლებულ ბათუმში გათამაშებული სპექტაკლი თავისუფლებაზე, სამართალსა და სიყვარულზე. ამ ბავშვმა კი ოკუპირებულ რეჟიმში დადგმული კოლაბორაციონისტი მოხუცის მარაზმატიკული სიზმარი. ეს ბავშვი ვერ მოიწამლებოდა თეატრით...
დაბოლოს, სიბრაზემ არ გამიშვა, რომ "პაკლონზე" საერთოდ ტაში დამეკრა, არათუ წამოვმდგარიყავი. ტაში მხოლოდ მაშინ დავუკარი, როცა სცენაზე რობერტ სტურუა გამოვიდა. ამით თითქოს მადლობა გადავუხადე იმისათვის, რაც პირადად ჩემთვის გააკეთა თავის დროზე; ასევე პატივისცემა გამოვხატე იმის გამო რომ ამდენი მსახიობი, ამხელა "თეატრალური ელიტა", მინისტრები, "ქოცები", მაყურებელი დაარწმუნა, რომ გენიალურ რაღაცას აკეთებდა და ამისათვის საკმაოდ მსუყე დაფინანსებაც მოიპოვა. მაგრამ ბოლოს ვერდარჭობილი ხმალი, იატაკზე რომ განერთხა, იყო თვალსაჩინო სიმბოლო იმისა, თუ როგორ ამთავრებს ხელოვანი, რომელმაც ღირებულება და სტატუსი - "იყო რეჟისორი" გაცვალა წარმავალ პარტიებსა და უზრუნველყოფილ სიბერეში.
"შაბაშ ქართულ თეატრს" - ამ სიტყვებით მოგვილოცა რობერტ სტურუამ ქართული თეატრის დღე და ეს შაბაში მიაწება მაყურებელს შუბლზე. უბრალოდ, ის რეალობასაა მოწყვეტილი და აღარ იცის რომ თანამედროვე ქართული თეატრი, მაყურებელი გაიზარდა და აღარ იღებს შაბაშებს".
იხილეთ ასევე: