ავტორი:

უსახლკაროთა მინი-ქალაქი ლოს-ანჯელესში - როგორ ყიდიან ტელევიზორიან და კონდიციონერიან კუსტარულ “სახლებს“ 100 დოლარად პირდაპირ ქუჩაში

უსახლკაროთა მინი-ქალაქი ლოს-ანჯელესში - როგორ ყიდიან ტელევიზორიან და კონდიციონერიან კუსტარულ “სახლებს“ 100 დოლარად პირდაპირ ქუჩაში

ლოს-ანჯელესში უსახლკარობის კრიზისის ფონზე ახალი, უჩვეულო რეალობა იკვეთება - ქალაქის ცენტრში მცირე “მინი-ქალაქი“ ყალიბდება, სადაც ადამიანები დროებით, თვითნაკეთ პატარა სახლებს აშენებენ და ქუჩაშიც კი ყიდიან, დაახლოებით 100 დოლარად.

ერთ-ერთი ასეთი ნაგებობა 38 წლის ოსვალდომ ააგო. მისი პატარა სახლი გარედან კაშკაშა ნარინჯისფერი, მწვანე და ყვითელი ფერებითაა მოხატული. თუმცა შიგნით შედარებით მოწესრიგებული გარემოა: აქვს საწოლი, ტელევიზორი და კონდიციონერიც კი.

ოსვალდო ამბობს, რომ საკუთარი პატარა სახლის შენარჩუნებას ყოველდღიურად ცდილობს.

“ყოველდღე ვასუფთავებ…“ — აღნიშნავს იგი და განმარტავს, რომ იატაკს დღეში ერთხელ მაინც წმენდს, რათა სივრცე მოწესრიგებული იყოს. დროებითი სახლის აშენებამდე ის ახლომდებარე კარვებში ცხოვრობდა, თუმცა იქ არსებული გარემო მძიმე იყო.

“ძალიან ბევრი ჩხუბი... ნარკოტიკები... ყველაფერი იყო,“ — იხსენებს ოსვალდო.

ოსვალდო ახლა უკვე სხვებისთვისაც აშენებს მსგავს სახლებს. მისი თქმით, ამ დროისთვის უკვე დაახლოებით 10 ასეთი სახლი ააშენა. მიუხედავად სიმარტივისა, ეს პატარა კონსტრუქციები ბევრისთვის კარვებთან შედარებით უფრო უსაფრთხო და სტაბილურ ალტერნატივად იქცა.

ამ ყველაფრის ფონზე, ლოს-ანჯელესი უსახლკარობის კრიზისის დასაძლევად მილიარდობით დოლარს ხარჯავს. ბოლო წლებში ქალაქმა ამ მიმართულებით 1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო, თუმცა შედეგები კვლავ არ ჩანს.

მედიის ცნობით, ერთ-ერთი მსხვილი პროექტი, რომელიც ქუჩაში მცხოვრებთა საცხოვრებლებში გადაყვანას ისახავდა მიზნად, დაახლოებით 300 მილიონი დოლარი დაჯდა. მიუხედავად ამისა, პროგრამაში ჩართული ადამიანების დაახლოებით 40% რამდენიმე თვეში ისევ ქუჩაში დაბრუნდა.

წყარო