ბოლო დღეებია, სოციალური ქსელი "გარდენია შევარდნაძის" გარშემო აგორებულმა ხმაურიანმა დაპირისპირებამ მოიცვა. ის, რაც ერთი შეხედვით ყვავილებითა და ესთეტიკით სავსე ოაზისად ჩანს, სერიოზული ბრალდებების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ყველაფერი ახალგაზრდა ქალის პოსტით დაიწყო, რომელიც ცნობილ ფლორისტს, ზურაბ შევარდნაძეს, შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა.
ქალი იხსენებდა, რომ ერთი კვირის თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, მას სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაუშვეს. როდესაც მან მიზეზის გარკვევა სცადა, ყველაფერი სიტყვიერ აგრესიაში გადაიზარდა.
"მისი ყალბი ღიმილის უკან ვინც დგას... როცა ვცადა მშვიდად მიზეზის გარკვევა, პასუხი ვერ გამცეს. ხალხის თანდასწრებით, გაფართოებული თვალებით, ცხვირწინ მაგიდაზე ხელი დამიტყა და პირდაპირ ასე მითხრა: 'გააჯ... აქედანო!'" – ამბობდა დაზარალებული.
მისი თქმით, შევარდნაძე ადამიანებს ნივთებივით ექცევა და მას მხოლოდ "ყურმოჭრილი მონები" სჭირდება. ქალმა ვიდეომიმართვაც ჩაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა და დუმილი მხოლოდ აძლიერებს მოძალადეს.
ამ საჯარო აღიარებას სხვებიც გამოეხმაურნენ. მათ შორისაა სალი ჭუმბურიძე, რომლის თქმითაც, მსგავსი ინციდენტი 2025 წლის ოქტომბერში დედამისსაც გადახდა. სალი ჰყვება, რომ დედამისი, 28-წლიანი გამოცდილების მქონე სტილისტი, ზურა შევარდნაძეს კარგად იცნობდა, ისინი მეზობლად ცხოვრობენ.
მისი თქმით, სწორედ შევარდნაძის შეთავაზებით წამოიწყეს ერთობლივი საქმე "გარდენიაში". თუმცა, სულ რაღაც ორ კვირაში მენეჯერმა გამოუცხადა, რომ სალონი ვეღარ იმუშავებდა. როდესაც ქალმა პირადად ზურასთან სცადა სიტუაციის გარკვევა, პასუხად იგივე უხეშობა მიიღო:
"შეხვედრა შედგა, მაგრამ უთხრა, რომ ეს ფული, რაც მოაგროვა, ერთ ადგილას შეეყარა..." - იხსენებს ვიდეომიმართვაში სალი ჭუმბურიძე.
"ვცხოვრობ ისე როგორც მინდა, ვახერხებ და შემიძლია. მომყავს ის მცენარე, რომელიც მინდა და ვყიდი იმ ფასად, რა ფასადაც მიმაჩნია, რომ უნდა გავყიდო. ჩემს ბაღში შესასვლელი ბილეთიც 5 ლარი მიღირს და ასე ვყიდი. მაქვს ჩემი ინტერესები, ემოციები და იდეები, ზოგი საინტერესო, ზოგი ნაკლებად საინტერესო. მაქვს ჩემი გემოვნება, სტილი, დამოკიდებულებები და აზრი, ჩემთვის ბუნებრივი სხვისთვის შეიძლება არა მისაღები, ამაზეც მე ვიდარდო?
მყავს ბევრი მოსწავლე, ზოგი ძალიან ნიჭიერი, ზოგი ნაკლებად..
ჩემს ბაღს ჰყავს ბევრი სტუმარი და გულშემატკივარი, ზოგი გულმხურვალე, ზოგი ნაკლებად. ჩემი ბაღის კაფეში გემრიელი, ბუნებრივი კერძებია, ზოგი ძალიან გემრიელი, ზოგი ნაკლებად. მაქვს გადაცემა ჩემთვის ძალიან ეროვნული, კეთილი და ადამიანური, ვიღაცისთვის არაა ალბათ ასე, ამაზეც მე ვინერვიულო?

ვწერ ჩემი ბაღიდან ვიდეოებს, ისე როგორც შემიძლია და ვახერხებ, ბევრი მომწონებელი მყავს და ვიღაცას შეიძლება არ მოსწონს რა ვქნა?
საღამოობით პატარა ტექსტებს ვწერ ისე როგორც შემიძლია, მწერლობაზე და ამისთანებზე პრეტენზია არ მაქვს. ჩემი წიგნები მხოლოდ ჩემს ბაღში იყიდება და არა წიგნის მაღაზიებში, ცუდია ამაში რამე?
მიყვარს ჩემი ქვეყანა, ხალხი და არსად აქაურობის გარდა არ წარმომიდგენია ცხოვრება, ეგება ეგეც არ მოსწონს ვინმეს არ ვიცი.
ჩემი საქმე და საკეთებელი მიყვარს უსაშველოდ, ზოგჯერ ზომაზე მეტადაც, ვისი რა საქმეა?
ვცხოვრობ ისე, როგორც ეს მე მინდა და შემიძლია!
თქვენ იცხოვრეთ ისე როგორც თქვენ გინდათ და შეგიძლიათ, დაგიშალათ ვინმემ, გაიძულათ ვინმემ რომ მოგეწონოთ, გაიძულათ ვინმემ რომ ესტუმროთ ჩემს ბაღს, იყიდოთ 5 ლარიანი ძვირი ბილეთი, შეიძინოთ ნერგები ძვირად?
თქვენ დათესეთ, მოიყვანეთ და გაყიდეთ იაფად, ან დაარიგეთ უფასოდ როგორც მე მიმითითებს ზოგიერთი. გნებავთ საპონი მოხარშეთ, გნებავთ ქარგეთ და ქსოვეთ, გნებავთ ჩაი გრიხეთ, გნებავთ თიხის ქოთანი აკეთეთ, თესეთ, მორწყეთ, აქუჩქუჩეთ, კონცერტები და ქორწილები მოაწყვეთ და აიღეთ ამ საქმეში გასამრჯელო, გნებავთ ძვირი და გნებავთ სულ არა. გნებავთ სულ არ აკეთოთ არაფერი და მარტო სხვისი ჭკუის სწავლებით იცხოვრეთ, ეს უკვე ჩემი საქმე აღარაა.
ცოტა დაფიქრდით სანამ ჯერ არ გაგონილ, ყურში არ შესაშვებ კომენტარს დაწერთ, ეგება თქვენშია პრობლემა და არა მარტო ჩემში. ეგებ თქვენ უფრო უზრდელი ხართ ვიდრე მე, ეგებ უფრო აუტანელი თქვენი საქციელია ვიდრე ჩემი.
მე ვცხოვრობ ისე, როგორც მე შემიძლია და ვახერხებ!!!!!"
წაიკითხეთ ასევე: