ავტორი:

რა არის სტომატიტი?

რა არის სტომატიტი?

სტომატიტი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებაა, რომელსაც თან ახლავს ტკივილი, წვა, სიწითლე და წყლულები. ის შეიძლება გამოვლინდეს როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში და შესაძლოა მნიშვნელოვნად გაართულოს კვება, ყლაპვა და ზოგჯერ ლაპარაკიც კი.

რა იწვევს სტომატიტს?

სტომატიტის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია და კომპლექსურია. ის შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგადი იმუნიტეტის დაქვეითებით, ვიტამინების ნაკლებობით, მექანიკური დაზიანებით, ვირუსული ინფექციებით, ალერგიით და სხვა.

  1. მექანიკური დაზიანებები - როდესაც ლორწოვანი გარსი მექანიკურად ზიანდება და მასში ბაქტერიები იჭრებიან, მაგ: ლოყის ან ტუჩის შიდა მხრიდან შემთხვევით მოკბეჩა, მორყეული გვირგვინი, ბრეკეტის რკინა, რომელიც ლოყას აღიზიანებს, ახალი მორგებული პროთეზი, კბილის ჯაგრისით გამოწვეული ტრავმა.
  2. ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციები - ყველაზე ხშირია ჰერპეს-ვირუსით გამოწვეული სტომატიტი (განსაკუთრებით ბავშვებში), პირის ღრუში არსებული მიკროფლორის დარღვევა.
  3. ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა - იმუნიტეტის დაქვეითება, მინერალების და ვიტამინების დეფიციტი (B12, B1, B6), კუჭ- ნაწლავის პრობლემები ხშირაად აისახება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დარღვევაზე,გადაღლილობა, სტრესი, ნერვული დაძაბულობა.
  4. ჰიგიენა და ქიმიური ფაქტორები - ზოგიერთი კბილის პასტა შეიცავს ნატრიუმის ლაურილ სულფატს (SLS), რამაც შეიძლება გამოაშროს ლორწოვანი და ხელი შეუწყოს წყლულების გაჩენას.

სტომატიტის სიმპტომები

სტომატიტის სიმპტომები შეიძლება განსხვავებული იყოს მისი ფორმის, სიმძიმის მიხედვით. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • ტკივილი პირის ღრუში
  • წყლულები ან ბუშტუკები პირის ღრუში
  • სიწითლე და შეშუპება
  • დისკომფორტი ჭამის და ლაპარაკის დროს
  • სისტემური სიმპტომები (ცხელება, სისუსტე, უმადობა, ლიმფური კვანძების გადიდება. ეს სიმპტომები უფრო ხშირად გვხვდება ვირუსული სტომატიტის დროს, მაგალითად, ჰერპესული სტომატიტის შემთხვევაში.)

სტომატიტის ტიპები:

სტომატიტის ბევრი გავრცელებული ტიპი არსებობს. სწორი მკურნალობისთვის უმნიშვნელოვანესია გამომწვევი მიზეზის იდენთიფიცირება, რადგან ზუსტად განისაზღვროს, თუ რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე.

  • აფთოზური სტომატიტი - ხასიათდება თეთრი ან ყვითელი, პატარა, მტკივნეული წყლულებით პირის ღრუში. მათი გაჩენის მიზეზი ხშირად შეიძლება იყოს იმუნური სისტემის პრობლემებთან, სტრესთან ან ვიტამინების დეფიციტთან.
  • ჰერპესული სტომატიტი - გამოწვეულია ჰერპეს ვირუსით და ხასიათდება მტკივნეული ბუშტუკებით, რომელიც წარმოქმნის წყლულებს. ამ ტიპის სტომატიტს ხშირად შეიძლება თან ახლდეს ცხელება და ლიმფური კვანძების გადიდება.
  • კანდიდოზური სტომატიტი - გამოწვეულია Candida albicans სოკოთი. ის ხასიათდება თეთრი, რძისფერი ნადებით პირის ღრუს ლორწოვანზე.
  • ბაქტერიული სტომატიტი - შეიძლება განვითარდეს პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენის, იმუნური სისტემის დაქვეითების ან ბაქტერიული ინფექციის შედეგად.
  • ალერგიული სტომატიტი - წარმოიქმნება საკვების, კბილის პასტის ან სხვა ნივთიერებების მიმართ ალერგიული რეაქციის შედეგად.

სტომატიტის მკურნალობა სახლის პირობებში?

სტომატიტის მკრუნალობა კომპლექსური პროცესია და მისი მიზანია სიმპტომების შემსუბუქება და პირის ღრუს ჯანმრთელობის აღდგენა. მკურნალობის წარმატება დამოკიდებულია სწორ სამედიცინო ჩარევაზე, ასევე სახლის პირობებში ჩატარებულ პროცედურებსა და პრევენციულ ზომებზე.

სახლის პირობებში, ექიმის რეკომედაციით სტომატიტის მკურნალობა მნიშვნელოვნად აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. განსაკუთრებით ეფექტურია გვირილის ნაყენით პირის ღრუს გამოვლება, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო და შემახორცებელი თვისებები.

კვების რეჟიმის კორექცია სახლის პირობებში მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია. უნდა მოვერიდოთ ცხარე, მჟავე და მარილიან პროდუქტებს, რადგან ისინი აძლიერებენ ტკივილს და აფერხებენ შეხორცების პროცესს.

როდის მივმართოთ სტომატოლოგს?

მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი სტომატიტის შემთხვევაში შესაძლებელია სახლის პირობებში მკურნალობა, არსებობს შემთხვევები, როდესაც აუცილებელია პროფესიონალის დახმარება:

  • სიმპტომები არ უმჯობესდება 1-2 კვირის განმავლობაში
  • ტკივილი ძლიერია და ხელს უშლის კვებას ან სითხის მიღებას
  • თან ახლავს მაღალი სიცხე (38°C-ზე მეტი) სტომატიტთან ერთად შეიძლება მიუთითებდეს ინფექციაზე და საჭიროებს დაუყოვნებელ სამედიცინო ყურადღებას.

სტომატიტის მკურნალობა ბავშვებში

სტომატიტი ბავშვებში საკმაოდ ხშირია. დაავადება შეიძლება განვითარდეს ვირუსული, ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციის შედეგად, იმუნიტეტის დაქვეითების, პირის ღრუს ტრავმის, არასათანადო ჰიგიენის ან ალერგიული რეაქციის შედეგად.

ბავშვებში სტომატიტის პირველი ნიშნები შეიძლება იყოს გაღიზიანებადობა და უმადობა. შემდგომში ჩნდება წყლულები პირის ღრუში, რასაც ხშირად თან ახლავს:

  • მომატებული ტემპერატურა
  • უარი საკვებზე ტკივილის გამო
  • გაძლიერებული ნერწყვდენა
  • ძილის დარღვევა

მკურნალობა უნდა დაინიშნოს მხოლოდ პედიატრის ან სტომატოლოგის მიერ და დამოკიდებულია სტომატიტის ტიპსა და სიმძიმეზე. როგორც წესი, მკურნალობა მოიცავს ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენებას, ტკივილის შემცირებასა და იმუნიტეტის მხარდაჭერას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ინიშნება სპეციალური მედიკამენტები. თვითმკურნალობა დაუშვებელია, რადგან არასწორმა მიდგომამ შესაძლოა გაართულოს მდგომარეობა.

ბლიც დენტალი - კახაბერ ხარებავას კლინიკაში კვალიფიციური სტომატოლოგები გთავაზობენ პროფესიონალურ დიაგნოსტიკას და სტომატიტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. ადრეული დიაგნოსტიკა და შესაბამისი მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.

კონსლუტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე (+995) 32 222 15 16 ან ჩაეწერეთ ონლაინ.

NS