ავტორი:

ტრაგედია ოკუპირებულ აფხაზეთში: არსებული ინფორმაციით, გულრიფშის რაიონში მცირეწლოვანი გოგონა ოჯახში ძალადობის შედეგად გარდაიცვალა

ტრაგედია ოკუპირებულ აფხაზეთში: არსებული ინფორმაციით, გულრიფშის რაიონში მცირეწლოვანი გოგონა ოჯახში ძალადობის შედეგად გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში მომხდარმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდან სასტიკი მოპყრობისა და ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა.

  • მომხდარის შესახებ ინფორმაციას ბავშვთა უფლებების დამცველი მაქტინა ჯინჯოლია ავრცელებს. მისი თქმით, ეს ამბავი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოჯახში ძალადობა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება.

"ღრმა მწუხარებით მინდა გაცნობოთ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ, რომელმაც ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. არსებული მონაცემებით, არასრულწლოვანი საკუთარი ოჯახის წევრების მხრიდან გამოვლენილი სასტიკი მოპყრობისა და ძალადობის შედეგად დაიღუპა“, - ნათქვამია ჯინჯოლიას ოფიციალურ განცხადებაში.

გამოძიება და მოწმეების დაკითხვა

ამ დროისთვის გულრიფშის რაიონში აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა და "შინაგან საქმეთა სამინისტრო" საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, მიმდინარეობს ყველა გარემოებისა და მიზეზის დადგენა, რამაც ბავშვის სიკვდილი გამოიწვია.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სხვა არასრულწლოვანებს, რომლებიც ტრაგედიის მოწმეები გახდნენ. ბავშვთა ომბუდსმენი უშუალოდ მონაწილეობს მოწმეების დაკითხვის პროცესში, რათა დაცული იყოს მათი უფლებები და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

"ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია აუცილებელია“

მაქტინა ჯინჯოლია მომხდარს სისტემურ პრობლემას უკავშირებს და კანონმდებლობის დაუყოვნებლივ გამკაცრებას ითხოვს. მისი თქმით, სპეციალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის არარსებობა სახელმწიფო სტრუქტურებს ხელ-ფეხს უკრავს ყველაზე დაუცველი მოქალაქეების დასაცავად.

"ეს ტრაგიკული შემთხვევა მწარე დასტურია იმისა, რომ ოჯახში ძალადობის მხრივ აფხაზეთი გამონაკლისი არ არის. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ არასრულწლოვნების ეფექტური დაცვისთვის აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. სისტემატური ძალადობისთვის სპეციალური მუხლის არარსებობა ზღუდავს სახელმწიფოს შესაძლებლობებს“, - აცხადებს ომბუდსმენი.

მისივე თქმით, მომხდარი ფაქტი განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი და აპარატი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ობიექტურ გამოძიებას. "დაღუპული ბავშვის ხსოვნა გვავალდებულებს, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მსგავსი ტრაგედიები ჩვენს საზოგადოებაში აღარასოდეს განმეორდეს“, - დასძინა ჯინჯოლიამ.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად ოჯახის რომელი წევრები არიან დაკავებულები ან რა სახის დაზიანებები ჰქონდა მიყენებული გარდაცვლილ გოგონას.