ავტორი:

უამინდობა მთელი ქვეყნის მასშტაბით: ინტენსიური თოვის გამო შეზღუდვებია გზებზე - სად რა ვითარებაა და როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

უამინდობა მთელი ქვეყნის მასშტაბით: ინტენსიური თოვის გამო შეზღუდვებია გზებზე - სად რა ვითარებაა და როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

14 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.

9-10 აპრილის ღამეს ქვეყნის მთიან რაიონებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4 გრადუსამდე.ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის დაზიანება გამოიწვიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ქვეყნის რამდენიმე რეგიონში თოვლიც მოვიდა, რის გამოც გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ლიპყინული) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა