დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სხვა სასულიერო პირებთან ერთად, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, წმინდა ბასილი დიდის წირვას აღავლენს, რის შემდეგაც მრევლს ქადაგებით მიმართავს.
ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.


