ავტორი:

"დანამდვილებით ვიცით, რომ მაშინ აფხაზეთში შამპანურები გაიხსნა" - 9 აპრილის ტრაგედიის უცნობი დეტალები: რას იხსენებს იმდროინდელი სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი

"დანამდვილებით ვიცით, რომ მაშინ აფხაზეთში შამპანურები გაიხსნა" - 9 აპრილის ტრაგედიის უცნობი დეტალები: რას იხსენებს იმდროინდელი სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, რუსთაველის პროსპექტზე მშვიდობიანი მომიტინგეების საზარელი ხოცვა-ჟლეტის შესახებ ბევრი დაიწერა და ბევრიც ითქვა. თუმცა არის დეტალები, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. როგორი იყო დღეები 31 მარტიდან ვიდრე 9 აპრილამდე, რამაც საქართველოს ისტორია კარდინალურად შეცვალა, ამის შესახებ "კვირის პალიტრა" იმდროინდელი სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, სამხედრო ქირურგ ლაშა ქოიავას ესაუბრა:

31 მარტი

- 1989 წლის 31 მარტს ლესელიძეში ფართომასშტაბიანი მიტინგი გაიმართა, მთელი საქართველოდან ჩავიდა ხალხი. დასასრულს ითქვა, რომ შემდეგი მიტინგი გაგრაში 9 აპრილს გაიმართებოდა. მიტინგის შემდეგ ხალხი ავტობუსებით თბილისისკენ დაიძრა. გალის გასასვლელში, სოფელ ბზიფში, მომიტინგეების ავტობუსებს თავს დაესხნენ. იმ დღეს ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე იყო. მოვედი ინსტიტუტიდან, დავაგდე ხალათი და წავედი მისალოცად. რუსთაველზე ბიჭები შემხვდნენ, მითხრეს, ზვიადი კინოსახლთან დგას, ხალხია შეკრებილი, ბზიფში მომიტინგეები დაურბევიათო - აფხაზმა აქტივისტებმა ქვები დაუშინეს ავტობუსებს, ფანჯრები ჩაულეწეს. მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ თავად ფაქტი იყო ძალიან არასასიამოვნო. კინოსახლთან ზვიადი შეშფოთებული დამხვდა. მითხრა, მერაბს ვერ ვპოულობთო.

სახლში დავრეკეთ, როგორც აღმოჩნდა ლესელიძიდან წამოსული მერაბი გაგრაში კაკუბავას (ბორისი - ავტ.) შეუპატიჟებია და არც იმათ იცოდნენ ბზიფში მომხდარი ამბავი. ზვიადი წუხდა, ახლა კი დავმშვიდდი, მაგრამ 9 აპრილს გაგრაში მიტინგი რომ არის დანიშნული, ის უარესად არ დაარბიონ, ეს მაშინებსო.

- მე ვიცი, რა უნდა ვქნათ-მეთქი. ჩვენ გავმართავთ მიტინგს სამედიცინოში, იმავდროულად, მოველაპარაკებით სხვა უმაღლეს სასწავლებლებსაც და მიტინგის შემდეგ წამოვალთ ინსტიტუტიდან, გზად შემოვიერთებთ გეპეის, წინასწარ გაფრთხილებული იქნებიან პედაგოგიური, სასოფლო და ზოოვეტის ინსტიტუტები, მათ შევუერთდებით სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ყველა ერთად დავიძრებით მთავრობის სასახლისკენ და ხელისუფლებას გადავცემთ პეტიციას, რომ უზრუნველყოს 9 აპრილს გაგრაში მომიტინგეთა უსაფრთხოება როგორც მიტინგზე, ისე უკან დაბრუნებისას.

- ხელისუფლება არაფერს იმჩნევდა?

- ჩეკა ყველაფერს იწერდა, მაგრამ მთლად ზემოდან თუ არ იყო მოთხოვნა, არავის იჭერდნენ. ბზიფში მომხდარზე რეაგირება არ ყოფილა. ამასობაში მოვახერხეთ დიდი მანიფესტაციის ორგანიზება და 4 აპრილს პროსპექტი ხალხით გადაიკეტა.

- რა მოთხოვნები გქონდათ?

- დარეგულირდეს აფხაზეთში სიტუაცია, დაცული იყოს გამოხატვის უფლება, სამართლიანობა და ა.შ. "აფხაზეთი საქართველოა" - ეს ლოზუნგად მაშინ არ ჭრიდა, რადგან ამის საჭიროება არ იყო. აფხაზეთი საქართველო იყო! იმ დღეს ზვიადი, მერაბი და თამრიკო ჩვენთან იყვნენ. ყველა უმაღლესი სასწავლებელი მონაწილეობდა მანიფესტაციაში, მოქალაქეებიც, რომლებიც გზად გვიერთდებოდნენ.

"ეძიე ქალი"

- მივედით მთავრობის სასახლესთან, პეტიცია გადავეცით, მეგაფონში ხმაურიანი მოწოდებებიც დავჭექეთ, თითი დავუქნიეთ ხელისუფლებას, რომ თუ გაგრაში მიტინგს ვინმე დაარბევდა, ჩვენ აქ გაფიცვებს მოვაწყობდით. თამრიკო ჩხეიძე, რომელსაც მანამდე ხალხის შეგროვება უჭირდა, ამოვიდა ტრიბუნაზე და გამოაცხადა, რომ ილია ჭავჭავაძის საზოგადოება (რომლის ხელმძღვანელიც იყო - ავტ.) მთავრობისგან ითხოვს ოზგანის, ადლეიბასა და სხვა რამდენიმე აფხაზი სეპარატისტის დაპატიმრებას და ამისთვის მჯდომარე აქციას აცხადებს.

შევცბი. ჯერ ერთი, ეს არ იყო წინასწარ შეთანხმებული, მეორეც, როცა შენ ადამიანების უფლებების დაცვა გაქვს ბრძოლის მიზნად დასახული და ამ დროს აცხადებ, რომ ვიღაცები უპირობოდ დააპატიმრეთო, როგორ შეიძლება? ჩვენ ამ განცხადებას გავემიჯნეთ და წამოვედით გაბრაზებულები. ზოგიერთი დარჩა, რადგან ბევრს იმ დროს ვერ აუხსნიდი, რაში იყო ამ განცხადების მავნებლობა. ხალხი ხედავდა, ოზგანი საფრთხე იყო და მორჩა. ამ დროს ჩვენი მტკიცება, რომ ოზგანი ხელოვნურად შექმნილი იყო და მის ნაცვლად რუსები ახალ ოზგანს იპოვიდნენ, უშედეგო იქნებოდა. ამ დროს ირაკლი ბათიაშვილი და ირაკლი წერეთელი ქუთაისის ციხეში ისხდნენ, მანიფესტაციების გამართვის გამო ცოტა ხნით ჩასვეს. 5 აპრილს გაათავისუფლეს. თბილისში დაბრუნებული წერეთელი მთავრობის სასახლესთან მოვიდა. ისიც გაოგნებული იყო. როგორც ჩვენ, მანაც იცოდა, რომ 4 აპრილს მთავრობის სასახლესთან არაფერი უნდა ყოფილიყო. ამ დროს თამრიკო ჩხეიძე ჩამომჯდარია კიბეზე და ითხოვს ვიღაცების დაჭერას. წერეთელი უხსნიდა, რომ ასეთი ლოზუნგები კარგს არაფერს მოიტანდა, მაგრამ იქიდან მაინც ვერ ააყენა...განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: