ლიბანში ისრაელის ფართომასშტაბიანი დარტყმების შედეგად სულ მცირე 182 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირების განცხადებით, ოპერაცია მიმართული იყო ლიბანის შეიარაღებული დაჯგუფების, ჰეზბოლას წინააღმდეგ.
ისრაელის მხარის ინფორმაციით, ეს კონფლიქტის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში იყო. მათივე თქმით, სულ რაღაც 10 წუთში 100-ზე მეტი სამეთაურო ცენტრი და სამხედრო ობიექტი დაბომბეს.
დარტყმების ძირითადი სამიზნე გახდა ბეირუთის სამხრეთ გარეუბნები, სამხრეთ ლიბანი და ბექაას აღმოსავლეთ ველი.

საჰაერო დარტყმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციამ უარყო განცხადება, თითქოს აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანზეც ვრცელდებოდა. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრესმდივანმა კაროლინ ლივიტმა ასევე დაადასტურა, რომ ლიბანი აღნიშნული შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა.
ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სამხედრო კამპანიის გაგრძელებას გეგმავენ, მაშინაც კი, თუ ირანთან რაიმე შეთანხმება იქნება მიღწეული. თუმცა, ბოლო დღეებში ისრაელის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო წყაროები მიუთითებენ, რომ არმიას აღარ აქვს გეგმაში შემდგომი ფართომასშტაბიანი წინსვლა ლიბანის ტერიტორიაზე.
ამავე წყაროების ცნობით, ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობა აღიარებს, რომ მხოლოდ სამხედრო ძალის გამოყენებით ჰეზბოლას სრული განიარაღება პრაქტიკულად შეუძლებელია.