კალიფორნიელ ექიმს, რომლისგანაც სერიალ "მეგობრების“ ვარსკვლავმა მეთიუ პერიმ მედიკამენტი "კეტამინი" მიიღო, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მეთიუ პერი, რომელიც წლების განმავლობაში ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა, 2023 წლის ოქტომბერში ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, ჯაკუზიში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მისი სიკვდილი კეტამინის მწვავე ზემოქმედებამ გამოიწვია.

განაჩენის გამოტანამდე, მეთიუ პერის დედინაცვალმა, დები პერიმ, მოსამართლეს მაქსიმალური სასჯელის დაკისრება სთხოვა. მის მიერ წარდგენილ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სანგჰამ “შეუქცევადი ზიანი“ მიაყენა ოჯახს.
“შენ გამოიწვიე ეს... შენ, ვისაც საკმარისი ნიჭი გაქვს ბიზნესის კეთებისთვის. აირჩიე გზა, რომელიც ხალხს აზიანებს,“ - განაცხადა მან - “გთხოვთ, ამ უგულო ქალს მაქსიმალური სასჯელი მიესაჯოს, რათა ვერ შეძლოს სხვა ოჯახების დაზიანება.“

ფედერალური გამოძიების ფარგლებში, სანგჰას ლოს-ანჯელესში მდებარე სახლში ჩატარებული ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ათობით კეტამინის ფლაკონი ამოიღეს. პროკურატურის ინფორმაციით, ის ჩრდილოეთ ჰოლივუდში მდებარე სახლიდან ინიექციური ნარკოტიკების მიწოდებას სულ მცირე 2019 წლიდან ახორციელებდა.
ასევე ამოღებული იქნა ათასობით აბი, რომლებიც შეიცავდა მეტამფეტამინს, კოკაინსა და ქსანაქსს.
სანგჰამ თავდაპირველად ბრალდებები უარყო, თუმცა სასამართლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე აღიარებითი ჩვენება მისცა. საპროცესო შეთანხმების ფარგლებში, მან ასევე აღიარა, რომ 2019 წლის აგვისტოში კეტამინი მიჰყიდა კოდი მაკლორს, რომელიც რამდენიმე საათში ნარკოტიკების დოზის გადაჭარბების შედეგად გარდაიცვალა.
იხილეთ ასევე: