ავტორი:

საუკეთესოები მოედანზე: კვარაცხელიას დომინირება, მამარდაშვილის გუნდისთვის შენარჩუნებული შანსი - როგორ აფასებენ ექსპერტები და ქომაგები ქართველების პარიზულ დაპირისპირებას?

საუკეთესოები მოედანზე: კვარაცხელიას დომინირება, მამარდაშვილის გუნდისთვის შენარჩუნებული შანსი - როგორ აფასებენ ექსპერტები და ქომაგები ქართველების პარიზულ დაპირისპირებას?

გუშინ, 8 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში ფრანგულმა პსჟ-მ ბრიტანული "ლივერპული" 2:0 დაამარცხა. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელობანი თამაში იყო, რადგან ერთმანეთ ორი ქართველი, ეროვნული ნაკრების ორი გამორჩეული ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჩვენდა სასიხარულოდ, ორივემ ძალიან კარგი ჩაატარეს, მართალია ხვიჩას კლუბმა მოიგო, მაგრამ გიორგიმ ბრიტანელები გაცილებით დიდი ანგარიშით წაგებას გადაარჩინა.

კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მამადაშვილმა კი უღიმღამოდ მოთამაშე "ლივერპულში" ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.

  • "კვარა"

ხვიჩა კვარაცხელიამ "ლივერპულის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მართლაც მსოფლიო ვარსკვლავია.

ექსპერტთა შეფასებით, ეს არ იყო უბრალოდ კარგი თამაში, ეს იყო ფეხბურთელის უნაკლო პერფორმანსი, რომლის დროსაც ქართველი ფეხბურთელი მოედნის ყველა მონაკვეთზე ერთნაირი წარმატებით თამაშობდა. ევროპული მედია კიდევ ერთხელ აღტაცებით წერს ჩვენებურზე, კვარაცხელია მუდმივად პოულობდა სივრცეებს ურთულეს დაცვასთან და იდეალურ დამრტყმელ პოზიციებზე გადიოდა. 1 გოლი, 7 დარტყმა (2 კარში): ხვიჩა გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა იყო და მუდმივ წნეხში ამყოფებდა მეტოქის მცველებს. ყველა ერთხმად აქებს მის მოედნის ხედვასა და თამაშის კონტროლს - 63 შეხება ბურთთან და 38 ზუსტი პასი. ის არა მხოლოდ საკუთარი მომენტების რეალიზებას ცდილობდა, არამედ თანაგუნდელებისთვისაც ქმნიდა მომენტებს. კვარაცხელია იყო ფრანგების შეტევის მთავარი ძრავა. მან სრულად მოიგო ფიზიკური ბრძოლა მარცხენა ფლანგზე, არ დაუთმო სივრცეები მოწინააღმდეგეს და დაამტკიცა, რომ დაცვით პოზიციაზეც იდეალურია.

ის ბრწყინვალე სეზონს ატარებს: ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში კვარაცხელიას ანგარიშზე 12 დაპირისპირებაში უკვე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მატჩის შემდეგ "კვარამ" CANAL+-თან მცირე ინტერვიუ ჩაწერა, სადაც "ენფილდზე“ გასამართ საპასუხო შეხვედრასა და გიორგი მამარდაშვილზე მოკლედ ისაუბრა:

"ვფიქრობ, მეტის გატანის შესაძლებლობა გვქონდა, მაგრამ მგონია, ეს ნორმალურია. კარგი მატჩი ჩავატარეთ. „ენფილდზე“ კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ. ვიცით, იქ ძალიან მძიმე თამაში იქნება. მზად ვართ და მომზადებას დღეიდანვე დავიწყებთ"

გიორგიზე კი თქვა: "პირველ ტაიმში წარმოუდგენელი ბურთი მოიგერია. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ".

  • "მამარდა"

შეიძლება ითქვას, რომ გიორგიმ საფრანგეთის დედაქალაქში კარიერის ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი ჩაატარა. მიუხედავად მარცხისა, ქართველმა მეკარემ ლივერპულელები არაერთხელ იხსნა სრული განადგურებისგან და გუნდს საპასუხო მატჩისთვის შანსი შეუნარჩუნა.

"ლივერპულის" მწვრთნელმა არნე სლოტმა მატჩის შემდგომ თქვა:

"თუ მთლიან თამაშს გადავხედავთ, გაგვიმართლა, რომ მხოლოდ 2:0 წავაგეთ. წინა დღეს ვუყურე "ბაიერნისა“ და "რეალის“ მატჩს, სადაც მანუელ ნოიერმა უმნიშვნელოვანესი ბურთები მოიგერია. ვფიქრობ, დღეს მამარდაშვილს სწორედ ნოიერის მსგავსი თამაში დასჭირდა. მისი მოგერიებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო".

მიუხედავად ქებისა, გიორგი "ლივერპულის" ლეგენდამ სტივენ ჯერარდმა პირველი გაშვებული ბურთის გამო გააკრიტიკა:

"ახლა საუბარი მარტივია, მაგრამ მგონი, ყველასთვის გასაგებია, თუ რატომ არ უნდა გაეყიდა კლუბს ლუის დიასი და კაომჰინ კელეჰერი. რაც შეეხება პირველ გოლს, ჩემი აზრით, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც მამარდაშვილი ასე წინ უნდა ყოფილიყო გამოსული. შეიძლება ცუდად ჟღერს, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ თუ უკან იდგებოდა, ბურთის მოგერიებას, მისი ხარიხის უკან გადაგდებას მოახერხებდა".

თუმცა ჩვენებურს არაერთი ცნობილი მიმომხილველი გამოექომაგა, მაგალითად, BBC-ის ექსპერტებმა პოლ რობინსონმა და ელი მაკოისტმა დაიცვეს ქართველი:

"პირველი გოლისას მას უბრალოდ არ გაუმართლა, ეს ცუდი რიკოშეტი იყო და ის დამნაშავე არ ყოფილა. ამის შემდეგ კი მან დიდებულად ითამაშა და არაერთი რთული ბურთი აიღო.

"შეიძლება ეს მის კარიერაში ყველაზე დიდი მატჩი გახლდათ. დებიუტში გაშვებული გოლისას ვერაფერს გახდა, ასევე კვარაცხელიას გოლისას. მომენტებში მისი გადაცემები უკეთესის სურვილს ტოვებდა, მაგრამ რამდენიმეჯერ იხსნა გუნდი უფრო დიდი ანგარიშით წაგებისგან", - Liverpool-com.

"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა და თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. ორ გოლზე მეტით რომ არ დამარცხდნენ, უდავოდ ქართველის დამსახურებაა“, - Rousing The Kop.

ინგლისელი გულშემატკივრების აბსოლუტური უმრავლესობაც სოციალურ ქსელებში თანხმდება, რომ გუნდის კატასტროფული თამაშის ფონზე, გიორგი ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო.

ბევრი ამბობს, რომ "ლივერპულის“ მცველებმა ქართველი კიპერი საჯარიმოში მარტო მიატოვეს ("პსჟ“ ბურთს 70% ფლობდა და 19 დარტყმა შეასრულა), თუმცა მამარდაშვილმა მაინც მოახერხა ურთულესი დარტყმების მოგერიება (მათ შორის დუეს და ჰაკიმის).

  • როგორ შეაფასეს ქართველები ანალიტიკურმა საიტებმა?

ქართველი ფეხბურთელების თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს, ხვიჩამ ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი ქულები დაიმსახურა და MVP-ს პრიზიც გადასცეს.

კვარაცხელია: Whoscored 8.4, Sofascore 9.0, Flashscore 8.6.

მამარდაშვილი: Whoscored 6.6 (საუკეთესო ფლორიან ვირცის შემდეგ თავის გუნდში) , Sofascore 6.9 (საუკეთესო ვირცის შემდეგ თავის გუნდში), Flashscore 6.7 (საუკეთესო თავის გუნდში).

  • სტატია მომზადებულია sportall.ge-ის სტატიების გამოყენებით