ირანში საომარი მოქმედებების შესაჩერებლად მიღწეული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კრახის პირასაა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც თეირანმა, ლიბანში ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების საპასუხოდ, სტრატეგიული მნიშვნელობის ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაკეტა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამერიკული სამხედრო კონტინგენტი რეგიონში მანამ დარჩება, ვიდრე ისლამური რესპუბლიკა "რეალურ შეთანხმებას“ სრულად არ შეასრულებს.
მიუხედავად იმისა, რომ სამშაბათს ვაშინგტონმაც და თეირანმაც საკუთარი თავი კონფლიქტში გამარჯვებულად გამოაცხადეს, ლიბანში განახლებული ძალადობა ზავის პირობებს ბათილად აქცევს. ხუთშაბათს, 9 აპრილს, დილით გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის ირგვლივ აშშ-ის სამხედრო გემებისა და ჯარების კონცენტრაცია არ შემცირდება.

"თუ რაიმე მიზეზით შეთანხმება არ შესრულდება, რაც, ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, მაშინ დაიწყება სროლა, რომელიც იქნება იმაზე მასშტაბური და ძლიერი, ვიდრე ოდესმე ვინმეს უნახავს“, - დაწერა ტრამპმა. პრეზიდენტმა ასევე დაადასტურა აშშ-ის ურყევი პოზიცია, რომ ირანი ვერასოდეს შეძლებს ბირთვული იარაღის შექმნას, ხოლო ჰორმუზის სრუტე "ღია და უსაფრთხო“ იქნება.
ირანული მხარე აშშ-ს შეთანხმების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. თეირანის განმარტებით, სრუტის ჩაკეტვა იყო პირდაპირი პასუხი ისრაელის თავდასხმებზე "ჰეზბოლას“ წინააღმდეგ, რომელსაც ირანი მფარველობს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი ამტკიცებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის 10-პუნქტიანი გეგმა ლიბანში საომარი მოქმედებების დასრულებასაც ითვალისწინებდა. თუმცა, ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
"მსოფლიო ხედავს ხოცვა-ჟლეტას ლიბანში. ბურთი ახლა აშშ-ის მოედანზეა“, - განაცხადა არაღჩიმ.

აღსანიშნავია, რომ როდესაც შეთანხმების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა, რომლის ქვეყანაც მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებდა, აღნიშნა, რომ შეთანხმება "ყველა ტერიტორიაზე, მათ შორის ლიბანზეც ვრცელდებოდა“.
უთანხმოება მწვავდება შიდა პოლიტიკურ დონეზეც. ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფმა ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს "არაგონივრული“ უწოდა. მისი თქმით, აშშ-მა უკვე დაარღვია თეირანის 10 მოთხოვნიდან სამი, მათ შორის:
ისრაელის "ჰეზბოლაზე“ თავდასხმების დაშვება;
ირანის საჰაერო სივრცეში დრონის სავარაუდო შეჭრა;
უარი ირანის მიერ ურანის გამდიდრების უფლების აღიარებაზე.
ამავდროულად, ლიბანი უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა. 8 აპრილის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 203-მდე გაიზარდა. ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაფ სალამმა ისრაელი საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფასა და სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართულ დარტყმებში დაადანაშაულა.
ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებით გამოწვეული იმედი სულ რამდენიმე წუთში გაქრა, როდესაც ისრაელის ავიაციამ ბეირუთზე, სამხრეთ ლიბანსა და ბექაას ველზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა -10 წუთში 100-ზე მეტი სამიზნე დაიბომბა.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამიზნეები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას (სარაკეტო სისტემები, სარდლობის ცენტრები) წარმოადგენდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა და ჯანდაცვის სამინისტრო სამოქალაქო მსხვერპლზე საუბრობენ.
ბოლო მონაცემებით, ომის დაწყებიდან სულ რაღაც ხუთ კვირაში ლიბანში 1 739 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 5 873-ს შეადგენს.