დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთი ბრიტანეთის წყალქვეშა კაბელების წინააღმდეგ მიმართულ საიდუმლო ოპერაციის მცდელობაში დაადანაშაულა.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრის თქმით, სამი რუსული წყალქვეშა ნავი, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებოდა, თუმცა ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებების შემდეგ ტერიტორია დატოვეს.
პრესკონფერენციაზე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ჯონ ჰილის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, “Щука-Б“ (ნატოს კლასიფიკაციით Akula) პროექტის რუსული ატომური წყალქვეშა ნავი რამდენიმე კვირის წინ საერთაშორისო წყლებში, ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოაჩინეს. ის ბრიტანულმა სამხედრო ხომალდებმა და ავიაციამ შენიშნეს, რომლებიც ნატოს მოკავშირეებთან, მათ შორის ნორვეგიასთან ერთად მოქმედებდნენ.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედროებმა “სწრაფად დაადგინეს, რომ ეს წყალქვეშა ნავი ყურადღების გადატანის მიზნით იყო გაგზავნილი“, ხოლო იმავე რაიონში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ღრმა წყლების კვლევის მთავარი სამმართველოს კიდევ ორი წყალქვეშა აპარატი მოქმედებდა.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსული სუბმარინები “კრიტიკული წყალქვეშა ინფრასტრუქტურის მიმართ მავნებლურ საქმიანობას ეწეოდნენ". თუმცა უწყება არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რის გაკეთებას ცდილობდნენ რუსული წყალქვეშა ნავები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ დრომდე არ გამოხმაურებია ბრიტანული მხარის განცხადებებს.

რუსული სამხედრო ძალების მოქმედებების საპასუხოდ, დიდმა ბრიტანეთმა რეგიონში თავისი ფრეგატი “HMS St Albans“ და დამხმარე გემი გაგზავნა, ხოლო სამხედრო ვერტმფრენები და თვითმფრინავები რუსულ წყალქვეშა ნავებს დღე-ღამეში 24 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
ლონდონის განცხადებით, მას შემდეგ, რაც წყალქვეშა ნავებზე მეთვალყურეობის განხორციელების მიზნით, ბრიტანულმა სამხედრო ხომალდებმა და ავიაციამ რამდენიმე ჰიდროაკუსტიკური ბუი (მცურავი ან ღუზაზე დასაყენებელი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს ჰიდროაკუსტიკური სიგნალების გასხივებს ან მიღებასა და რეტრანსლაციას. გამოიყენება ფარვატერების, სანაოსნო საფრთხეების, ზღვაში რაიმე საგნების აღსანიშნად, აგრეთვე მოხმაურე ობიექტების აღმოსაჩენად - რედ.) ჩამოაგდეს, როგორც “Щука-Б“ პროექტის ატომურმა წყალქვეშა ნავმა, ისე ორმა სხვა აპარატმა აღნიშნული ტერიტორია დატოვეს.

ბრიტანეთი პირველად არ ადანაშაულებს რუსეთს წყალქვეშა კაბელების წინააღმდეგ მიმართული ოპერაციების ჩატარებაში. თუმცა ამჯერად ქვეყნის ხელისუფლება უფრო ხანგრძლივ და ფარულ ოპერაციაზე საუბრობს.
გასული წლის ბოლოს ბრიტანეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს , რომ ქვეყნის სანაპიროსთან მყოფმა რუსულმა სადაზვერვო ხომალდმა “იანტარმა“ ლაზერები გამოიყენა, რათა ბრიტანეთის საჰაერო ძალების იმ პილოტებისთვის შეეშალა ხელი, რომლებიც მის მოქმედებებს აკვირდებოდნენ.
დაახლოებით 600 ბრიტანული წყალქვეშა კაბელი, რომელთა საერთო სიგრძე 1.4 მილიონი კილომეტრს შეადგენს, ოკეანეებსა და ზღვებში ელექტროენერგიისა და მონაცემების გადასაცემად გამოიყენება.

მათგან უმეტესობა მონაცემთა გადასაცემი კაბელებია, რომელთა საშუალებით თითქმის მთელი ბრიტანეთის ინტერნეტ ტრაფიკი გადის.
დაახლოებით 60 წყალქვეშა კაბელი ხმელეთზე ბრიტანეთის სანაპიროს სხვადასხვა წერტილში, ძირითადად აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში გამოდის.
როგორც რუსეთის საკითხებში ექსპერტი კირ ჯაილზი აცხადებს, “ კაბელების წინააღმდეგ შესაძლო დივერსიები არ უნდა განიხილებოდეს როგორც ერთჯერადი მოვლენა, მსგავსი დაზიანებები შეიძლება რუსეთის ბევრად უფრო ფართო პროგრამის ნაწილი იყოს, რომელიც მიზნად საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და ზოგადად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების დაზიანებას ისახავს“.