Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის" ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს" მორიგი სტუმარია მგალობელი, ქრისტეს დამტირებელი ნაირა ნაჩხატაშვილი. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა.
გთავაზობთ ინტერვიუდან საინტერესო ეპიზოდებს, ხოლო "სახალხო ინტერვიუს" სრული ვერსიის ნახვას კი მითითებულ ბმულზე შეძლებთ.
დავითი:
- რა არის თქვენთვის გალობა? ყველას შეუძლია მისი სწავლა?
- მგალობელი ვარ უკვე მრავალი წელია. სპეციალობით გუნდის დირიჟორი გახლავართ. სადირიჟორო და ვოკალური ფაკულტეტი დავამთავრე. ჩემთვის გალობა ძალიან დიდი განძია. ის ადამიანს მეტად აახლოებს ღმერთთან. იგივე მედავითნეები ლოცვას სხვა სიმაღლეზე აჰყავს... გალობა მოგეხსენებათ, თავისი ლამაზი ჰანგებით უფალს უკავშირდება. გალობის სწავლას, ადამიანი თუ მოინდომებს, ალბათ შეძლებს. აქ ერთი ამბავი მახსენდება - სიონის საკათედრო ტაძარში გალობა რომ დავიწყე, იქ ერთ სტიქაროსანს ვასწავლით, მაგრამ სმენა საერთოდ არ ჰქონდა. ამბობდა, ისეთი რწმენით გადავწყვიტე გალობას დავეუფლო, რომ შევძლებო. წლები გავიდა და ვხედავ, რომ მშვენივრად გალობს. ტონალობაში ჯდება და აღარ ეშლება. ამასთან, დიაკვანი გახდა და მერე მღვდელიც. თავიდან ხომ გეუბნებით, ცოტა გვეღიმებოდა კიდეც, ასე უსმენოდ რანაირად ისწავლის-თქო. მაგრამ შეძლო, უნდოდა და შეძლო. ასე რომ, ყველას შეგიძლიათ შეისწავლოთ...
ანი:
- როგორ ემზადებით ყოველ წითელ პარასკევს, რომ „ქრისტეს დატირება“ იგალობოთ? როგორი განწყობა გაქვთ წინა დღეებში?
- წითელ პარასკევს, მოგეხსენებათ, მთელი ქვეყანა ელოდება დაველოდები მეც. ვიცი, რომ უნდა ვიგალობო და მივყვები თითოეულ დღეს - რა ხდება. განსაკუთრებით ბოლო დღეებს, ვნების კვირას რასაკვირველია ადამიანი მეტად განიცდის. ქრისტეს დატირება დიდი პასუხისმგებლობაა. ვიღაც შეიძლება საერთოდ პირველად შემოდის ტაძარში და ისე უნდა იგალობო, რომ ტაძარში დარჩეს. მე კიდევ ჩემი გალობით ვგალობ და ვგალობ.
ბესო:
- რა ისტორია თუ ამბავი უძღვის იმას, რომ ყოველ წითელ პარასკევს ქრისტეს დამტირებელი გახდით?
- უწმინდესი პატრიარქად რომ აკურთხეს და რომ მობრძანდა, კომუნისტური წყობა იყო. ხალხი იშვიათად დადიოდა ტაძარში. შუაღამისას უნდა შესულიყვნენ იქ, ან დილით. უმეტესად მაინც პენსიონერები დადიოდნენ, რომელსაც ვერსაიდან ვერ გააგდებდნენ. ახალ პატრიარქს ილია II-ეს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ხალხი მოეზიდა. უნდოდა, რომ ყოველი ადამიანი მორწმუნე გამხდარიყო და ტაძარი ხალხით ავსებულიყო. ამიტომ მოისურვა, ყოველდღიურ წირვაზე გუნდს ეგალობა... გუნდის შეკრება დაიწყო. მე რომ მომისმინა, მოვეწონე. მერე რომ გადაწყვიტეს, ქრისტეს დატირება დავით გურამიშვილის ტექსტზე „მოთქმა ხმითა თავბოლო ერთი“ შესრულებული, ეს მე მომანდეს. თუმცა მანამდე კომპოზიტორებს დაევალათ, მუსიკა შექმნილიყო... ერთხელაც პატრიარქმა რატომღაც მკითხა, - ნაირა, აბა, რას იტყვი, რა აზრი გაქვსო? თქვენო უწმინდესობავ, ყველა ძალიან ლამაზი მუსიკაა, კარგია, მაგრამ ტაძარში უნდა გაისმას და აქ მგონია, რომ ქრისტეს დატირება ისე უნდა შესრულდეს, როგორც დედა დაიტირებს შვილს, ყველასთვის მისაწვდომი ხომ უნდა იყოს-მეთქი?! აბა, როგორო? და რომ დავიწყე გალობა, მოეწონა. მითხრა, ჰო, ეგ არის, ეგა, რასაც იგალობებ და უკვე 47 წელია, ამ საგალობელს ვგალობ.

ნუნუ:
- გვიამბეთ თქვენი გვარის ისტორია - რა იცით მის შესახებ.
- ჩვენი გვარი წარმოშობით რაჭიდანაა, გლოლადან. წინაპრები ბერიშვილები იყვნენ. ჩემი დიდი პაპა რაჭიდან სოფელ მარაბდაში გადმოვიდა. ეროვნული ამბები აწუხებდა. ამიტომ ახლა იქ მაქვს სოფელი და რითაც ვამაყობ, რადგან ცხრა ძმა ხერხეულიძე იქაა დაკრძალული. ჩვენი ტაძარიც გვაქვს მარაბდაში აშენებული. თუ ვინმეს რამე სჭირდებოდა, დახმარება უნდოდა, პაპა ეხმარებოდა. ყანაშიც ხშირად უწევდა ყოფნა, ზოგჯერ იმ ნაჩხატებში იმალებოდა ხოლმე და ნაჩხატა დათას ეძახდნენ. რომ ჰკვეთებოდნენ, რა გვარი ხარ, ნაჩხატაშვილიო. საბოლოოდ კი გადაწყვიტა, ნაჩხატაშვილი ოფიციალურადაც გამხდარიყო. მამაჩემი 12 წლის იყო, მამა რომ გარდაეცვალა და ჰყვებოდა ხოლმე, - პაპის საფლავზე მიმიყვანდა და მეუბნებოდა, შვილო, იცოდე, ეს შენი პაპაო, შენი წინაპარიო... ასე გავხდით ბერიშვილები ბერიშვილები ნაჩხატაშვილები.
უცნობი:
- ქალბატონო ნაირა, რაზე გწყდებათ გული? მე გული იმაზე მწყდება, რომ პატრიარქთან ურთიერთობის შესაძლებლობა არ მქონია და პირადად არც მისი დალოცვის შესაძლებლობა მქონდა...
- სიმართლე გითხრათ, გული არაფერზე მწყდება. იმიტომ, რომ ტაძარზე უკეთეს ადგილას ვერსად წავიდოდი, თან უწმინდესთან ურთიერთობის საშუალება მქონდა. ადრე გული მწყდებოდა, რომ შესაძლებლობა მქონდა, ჩემი ხმით მსოფლიო ასპარეზზე გავსულიყავი და ადგილი იქ როგორც საოპერო მომღერალს დამემკვიდრებინა, მაგრამ აქ სიტუაცია სხვანაირად აეწყო. მერე ჩემი შვილი სცენაზე რომ დავინახე, მივხვდი, ღმერთს როგორ ვუყვარვარ, რომ ეს სურვილიც შემისრულა. რა მნიშვნელობა ჰქონდა იმას, სცენაზე მე დავდგებოდი, თუ ჩემი ქალიშვილი.
მკითხველი:
- კათოლიკოს-პატრიარქზე ილია II-ზე რა მოგონებები გაქვთ?
- მოგეხსენებათ, უწმინდესი იყო არა მარტო ჩემი მამა, სრულიად საქართველოს მამა - ჩვენი მფარველი ცოცხალი ანგელოზი, ჩვენი მწყემსი კეთილი. მასთან ურთიერთობის ეპიზოდებს ტკივილით და გულის წყვეტის გარეშე ვერ მოვყვები. მისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა. თითოეული წინადადება, ყოფით თემაზე იქნებოდა, თუ იუმორით ნათქვამი ფრაზა, ყველაფერი მაინც იქით მიდიოდა, რომ მასში რაღაც სიბრძნე იყო ჩადებული. იმ ნათქვამის მიღმა უნდა გაგვეგო, რაღაც მნიშვნელოვანი და მესმოდა, იმას რატომ გვეუბნებოდა. სულ გვასწავლიდა და აბსოლუტურად ყველაფერს გვასწავლიდა.
გუგა:
- პატრიარქთან შეხვედრიდან ყველაზე მნიშვნელოვან რჩევას ან დარიგებას რას გაიხსენებდით?
- უწმინდესმა შარშანწინ დაგვიბარა და მოისურვა, რომ ახალ წელს მასთან შევხვედროდით. წავედით. მოგეხსენებათ დაუძლურებული იყო, მაგრამ გვიმასპინძლა, ჩვენთვის სუფრა გააშლევინა. მე და ჩემი ქალიშვილი ვიყავით, ასევე ერთი მგალობელი და შერეული გუნდიდანაც რამდენიმე მგალობელი იყო, ასევე ოპერის სოლისტებიც დაიბარა... როგორია, ვგალობთ, გვისმენდა და ვგრძნობდით, რომ გვემშვიდობებოდა… მერე ყველა დაგვასაჩუქრა სხვადასხვა საჩუქრით... რამდენი წლით ადრე დაწერა საგალობელი, - „დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“. კი, დაიღალა, ძალიან დაიღალა, დიდი ხანი ეხვეწებოდა უფალს, რომ მოდი ჩემთანო. მაგრამ მისი ლოცვა საქართველოს სჭირდებოდა, მისი თანადგომა ყველას გვჭირდებოდა. მტკივნეულია მისი გარდაცვალება, და ის, რომ საქართველოს აღარ ჰყავს მლოცველი. უყვარდა ადამიანი და სულ შერიგებისკენ მოგვიწოდებდა... დედაჩემმა იცოდა თქმა - სისხლი სისხლით არ მოიბანება შვილო, წმინდა უნდა მოაშუშო ყველაფერიო, ანუ გონიერებით. პატრიარქის და დედის შეგონებები სულ თან მდევს.
უცნობი:
- ტაძარში საერთოდ როდის მიხვედით, როგორი იყო თქვენი გზა ტაძრამდე?
- ვსწავლობდი მუსიკალურ ტექნიკუმში, რომელიც ახლოს იყო სიონის ტაძართან და შესვენებებზე, თავისუფალ დროს მე და ჩემი მეგობარი ჩამოვდიოდით ხოლმე. სხვები თუ კინოთეატრში, ან სასეირნოდ მიდიოდნენ, ჩვენ რატომღაც სულ სიონისკენ მიგვიწევდა გული. იქ ყოფნა გვიყვარდა. ხატებთან მივდიოდით და ყოველთვის შემწეობას ვთხოვდით. ის არ ვიცოდით, რომ პატიებაც უნდა გვეთხოვა და უფლის სახელი დიდებით მოგვეხსენიებინა. მღვდელი, ანაფორიანი ადამიანი რომ დავინახე, გამიკვირდა, არ მყავდა ნანახი. არადა, რა ვიცოდი, გავიდოდა ხანი და მეც თურმე ტაძრის მსახური უნდა გამხდარიყავი. სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო - ამაზეა ნათქვამი.

გიორგი:
- მართალია, კონსერვატორიაში რომ ჩააბარეთ, თვალთვალი დაგიწყეს იმის გამო, რომ ტაძარში დადიოდით?
- გალობა რომ დავიწყე, მითხრეს, ერთი პიროვნება, როგორც მრევლი ტაძარში ხშირად დადიოდა. მერე ისიც თქვეს, - ეს კონსერვატორიაში ხომ იცი, ვინ არისო?! უკვე მეც ვაკვირდებოდი და ვხედავდი, რომ თვალს არ მაცილებდა და ამპარტავნულად არც მეც თვალს ვუსწორებდი... მერე მითხრეს, კონსერვატორიაში, თავის კაბინეტში გიბარებსო. ნაირა, ჩვენ შევხვედრივართო - ასე დაიწყო საუბარი, რომ მივედი. დიახ, გიცანით-მეთქი. გვინდა, შემოგთავაზოთ სამსახურები და შეიძლება, რომ ტაძარში არ იაროთო?! სადაც არ უნდა წავიდე, ტაძარში ვიქნები თუ არა, კაპელაშიც კი, სოლისტად მეძახიან-მეთქი. კომპოზიტორი რომ დაწერს მუსიკას, ყველას უნდა, რომ მე ვიმღერო. ეკონომიურად არ მიჭირს და ტაძარზე უკეთეს ადგილას სად უნდა წავიდე-მეთქი?! მოკლედ, როგორ არ ეცადა და ვერაფრით დამითანხმა. ის ჩემი უარი კონსერვატორიიდან გამორიცხვის მიზეზი გახდა. თუმცა მერე თვითონვე აღმადგინეს. ერევნიდან პროფესორი ქალბატონი, მსოფლიო დონის მომღერალი იყო ჩამოსული და მომისმინა. ჩემმა პედაგოგმა, უკარგესმა ქალბატონმა უთხრა, - ეს იცით, კონსერვატორიიდან გარიცხეს. იმ ქალმა, უთხრა - ვინც ეს გარიცხა, თვითონა არიან გასარიცხებიო.
ლიკა:
- მუსიკით ბავშვობიდან იყავით დაინტერესებული?
- სიმღერის ნიჭი ბავშვობიდან მქონდა. დედა ჰყვებოდა, აკვანში რომ გიმღეროდი, სიტყვებს ვერ ამბობდი, მაგრამ ტონალობაში მომყვებოდი და მაოცებდიო. რომ წამოვიზარდე, მომღერალი შემარქვეს - ყველა ასე მეძახდა. სულ მამღერებდნენ. მუსიკის ნიჭი გენეტიკურად გადმომეცა - მამაჩემი აღმოსავლური საკრავებზე (სასულეებზე - სალამური, დუდუკი უკრავდა). ჩვენც გვიყვარდა აღმოსავლური კილო. ისე ყველა ჟანრი, ნებისმიერ კილო, გურული იქნებოდა თუ ქალაქური, საერთოდ ხალხური სიმღერები, წარმოიდგინეთ, საესტრადოც (თუმცა საესტრადო ჩემი ჟანრი არ იყო) - მუსიკალურ ტექნიკუმში რომ ვაბარებდი, თითქმის ყველაფერი ვიცოდი. დედაჩემი შესანიშნავად მღეროდა, წკრიალა ხმა ჰქონდა. რომ ვუსმენდი, ნეტავ, საიდან ამოსდის ეს ხმა-მეთქი? მერე გარდატეხის ასაკი რომ გადავიარე, უკვე მეც დედასავით წკრიალა ხმა მქონდა.
ლილი:
- კონსერვატორიაში რომ ჩააბარეთ, საოპერო კარიერას რატომ არ გაჰყევით?
- გალობა რომ დავიწყე, მაშინ ცოტა რთული პერიოდი იყო. საოპერო ჟანრი ხომ მინდოდა, თუმცა ისევ იმას ვამბობ, რომ გული არ მწყდება, საოპერო კარიერას რომ არ გავყევი. მაშინ სიმფონიურ ორკესტრზე იყო დიდი აქცენტი და ჯანსუღ კახიძესთან სიმფონიებს ვმღეროდი. ჯანსუღს უნდოდა, „ჯადოსნურ ფლეიტაში“ ღამის დედოფალი მემღერა, მაგრამ ვერ მოხერხდა. თუმცა ჯანსუღ კახიძეს ჩემი ნამღერი მოსწონდა და ასევე სხვასაც. მოკლედ, საოპერო მიმართულებით არ განვითარდა ჩემი კარიერა, მაგრამ ერთი წამი არ მქონია თავისუფალი დრო. სულ დაკავებული ვიყავი. ერთ დღეს სამების ტაძარში ვგალობდი, რეგენტიც ვიყავი, მერე სიონში ჩამოვირბენდი ქალთა გუნდში. შემდეგ ბავშვთა დალოცვის დღე იწყებოდა და ვგალობდი შერეულ გუნდში და ქალთა გუნდში... ერთდროულად ბევრ საქმეს ვაკეთებდი. ერთ-ერთ კონცერტზე ღამის დედოფლის ორივე არია მე შევასრულე და კიდევ „ტრავიატადან“ პირველი არია. იმის მერე ჯანსუღ კახიძემ დამირეკა, მინდა კარმინა ბურანა შემისრულოო... მაესტრო დიდად მაფასებდა. მაღალი ბგერები ყოველთვის მიჟღედა, რაც, რა თქმა უნდა, ღმერთისგან მოცემული იყო.

ზურაბი:
- რას გვეტყვით შვილზე, რომელიც საოპერო მომღერალია... თქვენ ურჩიეთ?
- არაფერი მირჩევია, უბრალოდ მინდოდა, რომ ჩემს შვილს მუსიკალური განათლება ჰქონოდა. ჯერ ფორტეპიანოს შვიდწლედი დაამთავრა და მერე მუსიკალურ ტექნიკომში სადირიჟორო განყოფილებაზე ჩააბარა. ერთ მშვენიერი დღეს სახლის კარს რომ მოვუახლოვდი, მაღალი ბგერები მომესმა. ჩემი ქალიშვილი თავის მეგობრებთან ერთად იცინოდა და ამ სიცილში უკვე მივხვდი, რომ შეიძლებოდა მისი ვოკალის დამუშავება. დავიწყეთ მეცადინეობა. მაკო საკმაოდ შრომისმოყვარეა. ზერელედ არასოდეს მისდგომია არაფერს. იმ განათლებამ და დიდმა შრომა მოიტანა ის, რომ იმ მწვერვალზე აიყვანა, რომ საოპერო ჟანრის წამყვანი სოლისტი გახლავთ.
რევაზ ფეხლევი:
- რას ურჩევდით ახალგაზრდობას, ბიჭებს და გოგონებს?
- ახალგაზრდებს ვურჩევდი, იარონ ტაძარში ანუ სიკეთით აღივსონ, ბევრი მადლი გააკეთონ, იშრომონ, რა სპეციალობაც უნდათ, ის აირჩიონ. გეგმა უნდა დასახონ და უნდა გავიდნენ ბოლოში. არ შეიძლება შუა გზაზე დაწყებული საქმის მიტოვება. ინტერესი უნდა ჰქონდეთ, უნდა ისწავლონ, არასოდეს გაჩერდნენ. სულ წინსვლას ვუსურვებ. ყველანი ჩემი შვილები ხართ, ყველა მიყვარხართ. ადამიანის და ერთმანეთის დიდი სიყვარული გქონდეთ.