"ამ ყველაფერთან ერთად ბუნებრივი საფუარით დავიწყე პურის ცხობა და შემდეგ ისევ ჩემი გამომწერებისგან გაჩნდა იდეა, ბუნებრივ საფუარს ხომ არ გავყიდდი. ეს იდეა ძალიან მომეწონა, რადგან საქართველოში მსგავსი პრეცედენტი არ იყო. პირველი ვიყავი, ვინც ბუნებრივი საფუარის გაყიდვა დაიწყო" - ამბობს ქეთევან ცალუღელაშვილი. ის და მისი მეუღლე ნიკა გიგაური თიანეთში ცხოვრობენ და სოფლის მეურნეობაში მთელი ძალებით არიან ჩართული...
- სოფელთან ბავშვობიდან შეხება მქონდა, ოღონდ მხოლოდ დასასვენებლად. დედას ნათესავებს ჰქონდათ სოფელი სიღნაღის რაიონში, სადაც სკოლის არდადეგებზე ცოტა ხნით ჩავდიოდით. როცა წამოვიზარდე, ძალიან იშვიათად ვახერხებდი ჩასვლას და შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად სოფლის გარეშე გავიზარდე... ჩვენს ოჯახში სულ ვოცნებობდით, სოფელი გვქონოდა. სულ ვგეგმავდით, სოფელში მიწის ნაკვეთი მაინც შეგვეძინა და პატარა სახლი აგვეშენებინა, საკუთარი მეურნეობა გვქონოდა. საცხოვრებლად გადასვლაზე არასოდეს გვიფიქრია, ამაზე არც მე ვფიქრობდი, უბრალოდ ძალიან დიდი სურვილი მქონდა, სადმე მიწა, ჩემი საკუთარი კუთხე-კუნჭული მქონოდა.
- როგორ აღმოჩნდით თიანეთში?
- ეს დიდი ისტორიაა: რადგან წასასვლელი და დასასვენებელი არსად გვქონდა, მეგობრები თავიანთ სოფლებში გვპატიჟებდნენ, უფრო დასავლეთ საქართველოში. ერთ ზაფხულს მეგობარმა მე და ჩემი და ხონში წაგვიყვანა დასასვენებლად, დედა მეგობარმა ყაზბეგში დაპატიჟა, მამა მარტო იყო იმ დროს თბილისში და მერე ჰყვებოდა, დავფიქრდი და ნერვები მეშლებოდა, ბავშვები სად გავუშვი, თბილისში ორმოცდახუთი გრადუსი სიცხეა და ხონში ორმოცდაორიო... ამით იმას გაუსვა ხაზი, რომ ძალიან განიცდიდა, წინაპრებისგან სოფელი რომ არ დარჩა... მამამ იმ ღამესვე თურმე, საიტზე „ სიტყვა და საქმე“ თიანეთი მიუთითა, მიწის ნაკვეთის ფასები რომ გაეგო. ერთადერთი განცხადება ამოაგდო, სოფელ ზარიძეებში იყიდებოდა ნაკვეთიო... სწორედ ამ სოფელში ცხოვრობდნენ მამას წინაპრები, მისი ბებო და პაპა. მიწის ნაკვეთი ძალიან კარგ ადგილას, რეკორდულად დაბალ ფასად. იმ საღამოს მამამ დაგვირეკა, ძალიან კარგი ნაკვეთი ვნახე, ყიდვა ხომ არ გავბედოთო. მაშინ ჯერ კიდევ თბილისის ბინის რემონტის სესხები გვქონდა და ნაკვეთის ყიდვას ვერ განვიხილავდით.
ბოლოს გადავწყვიტეთ, გაგვებედა, ყველამ ერთმანეთს მხარი ავუბით და მამამ სწრაფი სესხი აიღო კვლავ. მეორე დღეს ნახა მიწის ნაკვეთი და მესამე დღეს იყიდა. ორიათასს ორასი კვადრატული ათი ათასი ლარი ღირდა, ამდენად სიმბოლურ ფასად ნაკვეთი 2017 წელს შევიძინეთ. როდესაც ნაკვეთი ვიყიდეთ და სახლის მშენებლობას შევუდექით, ჩვენი ახლობლები, მეგობრები, ყველანი გვეხმარებოდნენ, ვისაც როგორ შეეძლო. მთელი ოჯახი ფიზიკურად ვშრომობდით, ქალები სამშენებლო მასალების გადატანაშიც კი ჩართული ვიყავით. მეზობლები თურმე გაოცებას ვერ მალავდნენ, თბილისელი ხალხი როგორ თავდაუზოგავად შრომობენო. პირველივე წელს ბაღჩა გავაკეთეთ, სხვადასხვა ბოსტნეული დავთესეთ, ძალიან ლამაზი და მოვლილი ეზო გვქონდა. ჩვენი მეგობრებიც რომ მოდიოდნენ და გვეხმარებოდნენ, ერთხელ ჩემმა მეგობარმა დიდი სურვილი გამოთქვა, მიწის ნაკვეთი მასაც შეეძინა. ვინაიდან თიანეთი თბილისთან ახლოს არის, მაღალმთიანია, თან მწვანე სტატუსი აქვს, იდეალური ადგილია და ამიტომაც მოუნდა, აქ მასაც ჰქონოდა საკუთარი კუთხე.

- მანაც შეიძინა?
- დიახ, მაშინვე მეზობლებში მოვიკითხეთ, ვინმე ხომ არ ყიდდა მიწის ნაკვეთს და ჩემი მომავალი მეუღლის - ნიკას საკონტაქტო ნომერი მომცეს. ისე აღმოჩნდა, რომ ჩვენს მოპირდაპირე მხარეს ყიდდა თურმე ნიკა მიწის ნაკვეთს და ჩემს მეგობართან ერთად ნაკვეთის სანახავად მივედით. მე ძალიან ვაქტიურობდი, რადგან იუსტიციის სახლში ვმუშაობდი და სამსახურიდან გამომდინარე, ძალიან დაწვრილებით ვეკითხებოდი, ნაკვეთი იყო თუ არა გაფორმებული და ასე შემდეგ... ნიკა ჩემზე თურმე ძალიან გაბრაზდა, უფიქრია, ეს შარიანი გოგო ვინ არის, რამდენიც არ უნდა მეხვეწონ, ამათ მიწას არ მივყიდიო...სადაც ჩვენმა ოჯახმა ნაკვეთი ვიყიდეთ, იქიდან ნიკას სახლს მხოლოდ ერთი მეზობელი ყოფდა. შემდეგ ქუჩაში ერთმანეთს ვხვდებოდით, ვესალმებოდით და როგორც მეზობელი სოციალურ ქსელში დამამატა. ერთხელ ისე მოხდა, რომ თავად მომწერა, შენმა მეგობარმა თუ გადაწყვიტა ნაკვეთის ყიდვაო. ვთხოვე ცოტა დაეკლო, მართლაც დააკლო და იყიდა ჩემმა მეგობარმა ნაკვეთი. ამასობაში მე და ნიკა უფრო დავახლოვდით, თავად და მისი ოჯახიც ჩვენს მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდნენ და ერთი წლის შემდეგ მე და ნიკა დავქორწინდით. ის მეგობარი, რომელმაც ნიკასგან მიწის ნაკვეთი იყიდა, ჩემი მეჯვარეა.
- სოფლის მეურნეობაში როდის ჩაერთეთ?
- რომ გავთხოვდი, ოჯახს უკვე ჰქონდა დიდი მეურნეობა, აქტიურად ყიდდნენ რძის პროდუქტებს და მეც ჩავერთე ამ პროდუქციის რეალიზაციაში. სამწუხაროდ გლეხის შრომა არ ფასდება, გადამყიდველებთან ძალიან დაბალ ფასად აბარებდნენ პროდუქტს. შემდეგ საკუთარი ბლოგი „ქეთოს ფერმა“ რომ შევქმენი, ჩვენი წარმოებული ყველი ჩემმა გამომწერებმა რამდენჯერაც არ ნახეს, მათგან დიდი ინტერესი წამოვიდა. ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა ჩვენს პროდუქტზე. თავიდან ცოტა მეშინოდა, კრიტიკა არ ყოფილიყო, არ დაეწუნებინათ, მაგრამ მაინც გავბედე და იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, დღეს ვერც ავუდივართ, ვერ ვაწვდით იმდენს, რამდენიც მოთხოვნაა. ძალიან სწრაფად იყიდება. ჯერ მხოლოდ ათი ძროხა გვყავს და ძალიან დიდი რაოდენობით რძის ნაწარმი არ გვაქვს, ყველა მსურველს შეხვდეს.

- როგორც ვიცი, თქვენს გამომწერებს მხოლოდ რძის პროდუქტებით არ ანებივრებთ...
- დიახ, ბუნებრივი საფუარით დავიწყე პურის ცხობა და შემდეგ ისევ ჩემი გამომწერებისგან გაჩნდა იდეა, ბუნებრივ საფუარს ხომ არ გავყიდდი. ეს იდეა ძალიან მომეწონა, რადგან საქართველოში მსგავსი პრეცენდენტი არ იყო. პირველი ვიყავი, ვინც ბუნებრივი საფუარის გაყიდვა დაიწყო. ინფორმაციას რომ გავეცანი, სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან აქტიურად ყიდიან.
მიხარია პირველი ადამიანი რომ ვარ საქართველოში, ვინც ეს პრაქტიკაში განახორციელა. ბუნებრივი საფუარის გაყიდვა რომ დავიწყე, საფუართან ერთად ინსტრუქციასაც ვატან, ბოლომდე მივყვები ყველა ჩემს მომხმარებელს, როგორ უნდა გამოიყენონ პური გამოაცხონ და შეინახონ. იმდენად დიდი შედეგი გამოიღო, მეც არ ველოდი ამხელა დაინტერესებას. თავიდან ვფიქრობდი, ნეტავ 30 ცალი მაინც გაიყიდებოდეს-მეთქი და უკვე ასეულობით გაიყიდა. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და საამაყოც. ძალიან ბევრი მადლიერი ადამიანი მყავს, ვინც მეუბნება, რომ აქამდე არც ჰქონდათ გაგონილი ბუნებრივი საფუარის შესახებ... მეფუტკრეობაც დავიწყეთ, ორ სხვადასხვა საგრანტო კონკურსში მივიღე მონაწილეობა, ორივეგან გავიმარჯვე და ჩემი საქმიანობა დამიფინანსეს. ფუტკრის სკები, სხვადასხვა ინვენტარი შევიძინე. ჩავაბარე კიდეც მეფუტკრეობაზე კოლეჯში და ამ სეზონიდან უკვე შევუდექით მეფუტკრეობას. ჩემი გამომწერები ძალიან ხშირად მეკითხებოდნენ, თაფლს ხომ არ ვყიდდით და რადგან ამდენი კითხვა იყო, მეც ოცნებად მქონდა მეფუტკრეობა. ჯერ კიდევ სანამ გავთხოვდებოდი, სულ მსურდა, თიანეთში ფუტკარი გვყოლოდა. ნაბიჯ-ნაბიჯ ისე ამიხდა ეს ნატვრა, დღეს ვერც კი ვიაზრებ, როგორ მოხერხდა ეს ყველაფერი.

- როგორია თქვენი ყოველდღიურობა?
- ყველა სეზონზე განსხვავებული ყოველდღიურობაა, სხვადასხვა საქმე გვაქვს. სოფელში საქმე სულ არის... რძის პროდუქტების გაყიდვას ყველა სეზონზე ვერ ვახერხებთ. ნაკვეთებზე სხვადასხვა ბოსტნეული მოგვყავს სხვადასხვა სეზონზე მოგვყავს. ჩვენს ბოსტნეულზეც არის მოთხოვნა გამომწერებისგან, მაგრამ ჯერ არ გვაქვს ამდენი რაოდენობით. ჩვენთვის და ახლობლებისთვის საკმარისი ბოსტნეული მოგვყავს. ვცხოვრობთ დედამთილ-მამამთილთან ერთად, ყველა აქტიურად ვართ ჩართული სოფლის მეურნეობაში. საქონლის მოვლა, დაბინავება, მოწველა და ასე შემდეგ... გადანაწილებული გვაქვს ეს საქმეები. მე უფრო ყველის ამოყვანასა და რძის პროდუქტების მომზადებას უზრუნველვყოფ. ბავშვებზე ზრუნვის გამო იმდენი დრო არ მაქვს, გარე სამუშაოებშიც აქტიურად ჩართული ვიყო. თუმცა მაინც ძალიან ვცდილობ, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცი და მინდა ყველაფერი ვისწავლო.

ყველის ამოყვანაც ჩემმა დედამთილმა მასწავლა, ასევე როდის უნდა დაითესოს სხვადასხვა ბოსტნეული. რა თქმა უნდა ძალიან რთულია ბავშვების მოვლასთან ერთად სახლის საქმეების მოსწრება სოფელში. თუმცა როდესაც საქმე ოჯახს, საყვარელ საქმიანობას ეხება, ყველაფერი შესაძლებელი ხდება და ეს სირთულეებიც ცხოვრების სასიამოვნო ნაწილად იქცევა. ვცდილობ დავაბალანსო ეს ყველაფერი. ეზოს საქმეებს თუ ვაკეთებთ, უფროსი ბავშვი - გიორგიც სულ თან მყავს. ცომს თუ ვზელ, ან პურს ვაცხობ, ვცდილობ დავაინტერესო და საქმეში ჩავრთო. გიორგი როცა თბილისში ჩემებთან მიმყავს, სულ უნდა სოფელში მალე დავბრუნდეთ. აქ მეტი თავისუფლება აქვს, ყოველდღიურად მეტ გასართობს პოულობს ცხოველებთან ურთიერთობით, ეზოში ახალი აღმოჩენებით...
ზამთარში თოვლი გვაქვს, შემოდგომაზე გუბეები, წყალში თამაში და თბილისში ამდენ გასართობს ვერ იპოვიდა. მითუმეტეს ჯანსაღ გარემოში იზრდება და ეს კიდევ მეტ მოტივაციას მაძლევს, აქ ვიყოთ. გონებაში არც კი ვუშვებ, საცხოვრებლად ქალაქში წავიდეთ. იმის შეგრძნება, რომ შვილებს ასეთ ჯანსაღ გარემოში ვზრდი, ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა.

- აპირებთ სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო გააფართოოთ?
- დიახ, ამის ძალიან დიდი სურვილი და მოტივაცია გვაქვს, სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო გავზარდოთ, უფრო მეტი რძის პროდუქტი ვაწარმოოთ. რადგან მოთხოვნაა, ბოსტნეულიც გვქონდეს გაყიდვაში, სამომავლო გეგმაში გვაქვს, ესეც შევძლოთ. სამომავლოდ ასევე მსურს არა მხოლოდ თაფლის, არამედ ფუტკრის სხვადასხვა პროდუქტის რეალიზაცია. ასევე დიდი მოთხოვნაა, ბუნებრივ საფუარზე გამომცხვარი პურიც გავყიდო, რადგან ფურნეც მაქვს ეზოში აშენებული. საგრანტო კონკურსში დამიფინანსეს ამის აშენებაც. ჯერჯერობით სარეალიზაციო პურის ცხობას დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებ. სამომავლოდ ამაზეც ვფიქრობ, იმედია გამომივა.