მზარდი შიშების ფონზე, რომელიც ლიბანში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლას უკავშირდება, ვრცელდება ინფორმაცია რომ ისრაელი და ლიბანი მომავალ კვირას ვაშინგტონში მოლაპარაკებებს გამართავენ.
აღნიშნულის შესახებ განცხადება, რომელიც აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გააკეთა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც სულ უფრო იზრდება საერთაშორისო შეშფოთება, რომ ისრაელის დაბომბვის სერიამ ისედაც მყიფე აშშ–ირანის ზავი შეიძლება საბოლოოდ დაანგრიოს.
ლიბანში, “ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მიმართულმა ყველაზე მასშტაბურმა იერიშებმა, გასულ ოთხშაბათს ასობით ადამიანი იმსხვერპლა და ვაშინგტონსა და თეირანს შორის დადებული ზავი, მისი ძალაში შესვლიდან 48 საათზე ნაკლებ დროში უკვე შეარყია.

“ვადასტურებთ, რომ დეპარტამენტი მომავალ კვირას უმასპინძლებს შეხვედრას, სადაც ისრაელთან და ლიბანთან მიმდინარე მოლაპარაკებებს განვიხილავთ,“ - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.
განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრებს ლიბანთან იმ პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება დაავალა, რომლებიც ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰეზბოლას“ განიარაღებაზე იქნება ფოკუსირებული.
თუმცა ლიბანის მთავრობის წარმომადგენელმა AFP-ს განუცხადა, რომ ბეირუთი მოლაპარაკებებში ჩართვამდე ზავის უზრუნველყოფას ითხოვს.
არც ისრაელს და არც ლიბანს საჯაროდ მომავალ კვირას აშშ-ში დაგეგმილი მოლაპარაკებები არ დაუდასტურებიათ, ხოლო ისრაელის ბოლო იერიშებმა მწვავე კრიტიკა გამოიწვია ირანისა და პაკისტანის ოფიციალური პირების მხრიდან ისლამაბადში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ, სადაც მთავარი საკითხს აშშ- მიერ მოთხოვნილი ჰორმუზის სრუტის გახსნა წარმოადგენს.