უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მედიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით 10 000-ზე მეტ ლოკაციაზე, ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 19:00 საათზე დაიხურება.
არჩევნებში რეგისტრირებულია დაახლოებით 7.5 მილიონი ამომრჩეველი.
არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს. მთავარი კონკურენტები არიან “ფიდესი”, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს და პეტერ მადიარის "ტისა“, რომელიც 2020 წელს დაარსდა.
არჩევნები შერეული სისტემით ტარდება. ამომრჩევლები ერთმანდატიან ოლქში კანდიდატს (199 ადგილიდან 106 ასე გადანაწილდება) და პარტიას აძლევენ ხმას. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.
პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია "ფიდესმა“ და ოპოზიციურმა პარტია "ტისამ“ გუშინ ღამით წინასაარჩევნო მიტინგები გამართეს.
ოპოზიციური პარტია "ტისას“ ლიდერის, პეტერ მადიარის განცხადებით, 12 აპრილს მილიონობით ადამიანი დაადასტურებს, რომ ქვეყნის ადგილი ევროპაში იყო, არის და ყოველთვის იქნება. მისი მტკიცებით, გამარჯვების შემდეგ საიდუმლო აგენტების შესახებ ფაილებს გახსნის და რუსეთის გავლენას გამოიძიებს, ასევე გამოძიება ჩატარდება საგარეო საქმეთა მინისტრ პეტრე სიიარტოსთან დაკავშირებითაც.
ბუდაპეშტში "ფიდესის“ წინასაარჩევნო მიტინგზე პრემიერ-მინისტრმა ორბანმა განაცხადა, რომ მიაღწევენ გამარჯვებას, რომელიც ყველას გააკვირვებს. ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით და ბოლო რეიტინგების მიხედვითაც, მას ეს ძალიან გაუჭირდება...
იხილეთ ასევე: