უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილი საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა და ხმების დათვლის პროცესი დაიწყო.
ამ დროისთვის დათვლილი ხმების 21.54%-ის შედეგების მიხედვით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია "ტისა“ ლიდერობს.
მედიის ინფორმაციით, "ტისა“ 199-ადგილიან პარლამენტში 128 მანდატს მიიღებს, რაც უმრავლესობისთვის საჭირო 133-ზე ოდნავ ნაკლებია.

ამავე მონაცემებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია"ფიდესი“ 62 ადგილს მოიპოვებს.
ხმების დათვლა გრძელდება.
ბუდაპეშტში ოპოზიციის მხარდამჭერი მიტინგი იმართება. ხალხი ორბანის დამარცხებას აღნიშნავს. ათიათასობით ადამიანი სკანდირებს "რუსებო, წადით სახლში!“.

ბუდაპეშტში, ბატიანის მოედანზე, ბემის სანაპიროსა და ანჯელო როტას სანაპიროს გასწვრივ “ტისას“ მიერ შედეგების დაკვირვების ღონისძიება უკვე დაიწყო, - ამის შესახებ უნგრეთის ოპოზიციური “ტისას“ პარტიის ლიდერმა, პიტერ მადიარმა განაცხადა.
"ყველას გიწვევთ. გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მხიარულება მთელი პროცესის განმავლობაში და არავინ აჰყვეს სახელმწიფო პარტიის ან პროპაგანდის პროვოკაციებს! ღმერთმა დალოცოს უნგრეთი!“- წერს პიტერ მადიარი სოციალურ ქსელში.
ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას მადიარმა მადლობა გადაუხადა უნგრელებს არჩევნებში მონაწილეობისთვის მიუხედავად იმისა, ვის მისცეს ხმა.
"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ოპტიმიზმით ვართ განწყობილნი, ფრთხილი ოპტიმიზმით“, - აღნიშნა მადიარმა, რომლის გამარჯვებაც თუ იქნება უნგრეთში 16-წლიანი "ორბანიზმის“ დასასრული.
შეგახსენებთ, უნგრეთში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე გაიხსნა. არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობდა. მთავარი კონკურენტები იყვნენ “ფიდესი”, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხელმძღვანელობს და პეტერ მადიარის "ტისა“, რომელიც 2020 წელს დაარსდა. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა. ამომრჩევლებმა ერთმანდატიან ოლქში კანდიდატს (199 ადგილიდან 106 ასე გადანაწილდება) და პარტიას მისცეს ხმა.
პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. უნგრეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, აქტივობამ 17:00 საათისთვის 74.23%-ს მიაღწია და 2002 წელს დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, 73.51%-ს გადააჭარბა.
იხილეთ ასევე: