უნგრეთი ახალი საპარლამენტო არჩევნების შედეგს ზეიმობს. უნგრეთის საარჩევნო საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ხმების თითქმის 90%-ის დათვლის შემდეგ, პიტერ მადიარის პარტია “ტისა“ უნგრეთის პარლამენტში, სავარაუდოდ, უმრავლესობას მოიპოვებს.
CNN-ის ინფორმაციით, “ტისა“, სავარაუდოდ, უნგრეთის პარლამენტის 199 ადგილიდან ორ მესამედზე მეტს გააკონტროლებს, რაც მას უნგრეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილებას მისცემს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, უნგრეთსა და ევროპაში ბევრი იმედოვნებს, რომ ახალი მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ განხორციელებულ ზოგიერთ ცვლილებას გააუქმებს.

პარტია “ტისას“ ლიდერს არჩევნებში გამარჯვების მოპოვებას ულოცავენ ევროპისა და მსოფლიოს ლიდერები.

“უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა კვლავ ერთად! დიდებული გამარჯვება, ძვირფასო მეგობრებო! Ruszkik haza! (რუსებო, სახლში წადით!)“, - წერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი X-ზე.
ასევე, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში მოკლე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია “ტისას“ ლიდერს პიტერ მადიარს ესაუბრება.
“პიტერ, ძალიან ბედნიერი ვარ. ვფიქრობ, თქვენზე ბედნიერი ვარ“, - მიმართავს ტუსკი მადიარს.

“მოლდოვა მოუთმენლად ელის უნგრეთთან პარტნიორობის გაღრმავებას, იმ მეგობრობის საფუძველზე, რომელიც ჩვენს ხალხებს აერთიანებს და ასევე, ერთად მუშაობას უფრო ძლიერი, ერთიანი და მტკიცე ევროპისთვის“, - წერს მაია სანდუ X-ზე.
“ვულოცავ პიტერ მადიარს და პარტია “ტისას“ დამაჯერებელ გამარჯვებას. უკრაინა ყოველთვის ცდილობს კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას ევროპაში ყველასთან და მზად ვართ გავაღრმაოთ თანამშრომლობა უნგრეთთან,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
“მზად ვართ შეხვედრებისა და ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ქვეყნის, ასევე ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკეთილდღეოდ“, - აცხადებს ზელენსკი.

“დღეს ევროპა იმარჯვებს და ევროპული ღირებულებები იმარჯვებს. ვულოცავ უნგრეთის ყველა მოქალაქეს ისტორიული არჩევნების ჩატარებას“, - ასე ეხმაურება ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი უნგრეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.
“მოუთმენლად ველი პიტერ მადიართან მუშაობას ყველა ევროპელისთვის უკეთესი მომავლისთვის“, - წერს სანჩესი.
“მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას პიტერ მადიართან, რათა ევროპა უფრო ძლიერი და აყვავებული გავხადოთ“, - აცხადებს ის.

“გილოცავთ, პიტერ მადიარო არჩევნებში გამარჯვებას. ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც,“ - წერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი განცხადებით, მოუთმენლად ელის პარტია“ტისას“ ლიდერთან თანამშრომლობასა.
“მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას ჩვენი ორივე ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“, - წერს სტარმერი.
“უნგრელმა ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო. გულითადად გილოცავთ არჩევნებში წარმატებას, ძვირფასო პიტერ მადიარო. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას. მოდით, გავაერთიანოთ ძალები ძლიერი, უსაფრთხო და უპირველეს ყოვლისა, გაერთიანებული ევროპისთვის“, - აცხადებს მერცი.

“ხლახან ვესაუბრე პიტერ მადიარს, რათა მისთვის უნგრეთში გამარჯვება მიმელოცა. საფრანგეთი მიესალმება უნგრელი ხალხის ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებას და ევროპაში უნგრეთის გამარჯვებას. მოდით, წინ წავწიოთ უფრო სუვერენული ევროპა, ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი კონკურენტუნარიანობისა და ჩვენი დემოკრატიისთვის“, - წერს მაკრონი.
შეგახსენებთ, უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ პიტერ მადიარის ოპოზიციური პარტია “ტისა“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩამოაყალიბებს. უნგრეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა.
იხილეთ ასევე: