ავტორი:

აშშ აცხადებს რომ ირანის საზღვაო ბლოკადა დღეს დაიწყება - როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ გადაწყვეტილებას კონფლიქტზე?

აშშ აცხადებს რომ ირანის საზღვაო ბლოკადა დღეს დაიწყება - როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ გადაწყვეტილებას კონფლიქტზე?

მას შემდეგ, რაც აშშ-ის დელეგაციამ, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით, ვერ შეძლო შეთანხმების მიღწევა ვაშინგტონსა და თეირანს შორის ომის შეწყვეტის შესახებ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მორიგი გადაწყვეტილების განსაზღვრა მოუხდა.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორშაბათს ღამით ირანის საზღვაო ბლოკადა დაიწყება.

  • “აშშ ირანის პორტებში შემავალი და იქიდან გამომავალი გემების ბლოკირებას 13 აპრილს, აღმოსავლეთის დროით 10:00 საათიდან დაიწყებს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ამასთან, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ბლოკადა ყველა ქვეყნის გემზე გავრცელდება, “რომლებიც შედიან ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში, კერძოდ, სპარსეთისა და ომანის ყურეში მდებარე ირანის პორტებში ან იქიდან გამოდიან“.

“CENTCOM-ის ძალები არ შეაფერხებენ იმ გემების თავისუფალ ნავიგაციას, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს გადიან არაირანული პორტების მიმართულებით ან მათი დატოვების მიზნით“, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.

ტრამპის თქმით, ისლამაბადში გამართული 20-საათიანი მოლაპარაკებებისას მიღწეული იქნა პროგრესი, თუმცა ირანი არ დათანხმდა აშშ-ის მოთხოვნას ბირთვულ ამბიციებზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, მოლაპარაკებების დეტალების მცოდნე ამერიკელი ჩინოვნიკის თქმით, უთანხმოების სია გაცილებით გრძელია და მოიცავს ირანის კონტროლს ჰორმუზის სრუტეზე და მის მხარდაჭერას ისეთი რეგიონული პროქსი-ჯგუფებისადმი, როგორიცაა ჰუსიტები იემენში და “ჰეზბოლა“ ლიბანში.

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ბოლო განცხადებები არ შეიცავდა ირანული ცივილიზაციის განადგურების მუქარას, ისინი წარმოშობს ახალ პრობლემებსა და რისკებს:

  1. გაზრდის თუ არა განაღმვითი სამუშაოები აშშ-ის გემებზე თავდასხმის ალბათობას?
  2. გამოიყენებს თუ არა აშშ ძალას იმ უცხოური გემების წინააღმდეგ, რომლებიც ბლოკადას დაარღვევენ?
  3. როგორ რეაგირებას მოახდენენ ირანულ ნავთობზე დამოკიდებული ქვეყნები, მაგალითად, ჩინეთი?
  4. გამოიწვევს თუ არა ირანის შემოსავლის ძირითადი წყაროს გადაკეტვა ნავთობის ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას?

სენატორი მარკ უორნერი აცხადებს, რომ ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა აიძულოს ბლოკადამ ირანელები გახსნან სრუტე. თუმცა, კონგრესმენი მაიკ ტერნერი მიიჩნევს, რომ ეს არის საშუალება, რათა ყველა მხარე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდეს.

გასულ კვირას ტრამპი რთული არჩევანის წინაშე იდგა: გაეგრძელებინა შეტევები, რაც გამოიწვევდა ჰუმანიტარულ კრიზისს და მსოფლიო ეკონომიკის დესტაბილიზაციას, ან უარი ეთქვა ომზე, რომელიც ამერიკელებში არაპოპულარულია. CBS-ის გამოკითხვით, ამერიკელების 59% მიიჩნევს, რომ ომი აშშ-სთვის ცუდად ვითარდება.

ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანი საბოლოოდ აშშ-ს “ყველაფერს“ მისცემს და ამერიკული ეკონომიკა ნავთობის ფასების მატებას გაუძლებს.

ირანთან ომი თითქმის მეორე თვეა გრძელდება, ხოლო ამჟამინდელი ორკვირიანი ზავი კოლაფსის ზღვარზეა. კონფლიქტი გადაიქცა ნებისყოფის გამოცდად - ირანის უნარს, გაუძლოს შეტევებს, უპირისპირდება ტრამპის მზაობა, აიტანოს ის ეკონომიკური და პოლიტიკური დანაკარგები, რაც ამ ომმა გამოიწვია. საბოლოოდ, ამ დაპირისპირების ყველა მონაწილე შესაძლოა დასუსტებული აღმოჩნდეს.

წყარო

იხილეთ ასევე: