ავტორი:

ციკადა, Covid-19-ის ახალი შტამი - არსებობს თუ არა შეშფოთების საფუძველი?

ციკადა, Covid-19-ის ახალი შტამი - არსებობს თუ არა შეშფოთების საფუძველი?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ყურადღებით აკვირდება Covid-19-ის მაღალმუტირებული შტამის სიტუაციას, რომელიც ამჟამად 23 ქვეყანაშია გავრცელებული.

ციკადას შტამით, რომელსაც ოფიციალურად BA.3.2 ეწოდება, ინფიცირების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში, ჰონგ-კონგში, მოზამბიკსა და გაერთიანებულ სამეფოში.

  • რა არის ცნობილი ციკადას შესახებ?

“ციკადა“ (ოფიციალურად ცნობილი როგორც BA.3.2) პირველად სამხრეთ აფრიკაში 2024 წლის ნოემბერში დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შტამი “საყურადღებო“ კატეგორიაში შეიყვანა, რაც ნიშნავს, რომ მისი გავრცელების მონიტორინგი გაძლიერებულია და ექსპერტები ამჟამად აფასებენ, წარმოადგენს თუ არა ის სერიოზულ საფრთხეს გლობალური ჯანმრთელობისთვის.

ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ “ციკადა“ ვარიანტს ანტისხეულებისთვის თავის არიდება შეუძლია, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ ის რეზისტენტული იყოს ვაქცინაციით ან წინა ინფექციით გამომუშავებული იმუნიტეტის მიმართ.

მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ბავშვებში ინფიცირების შემთხვევები, შესაძლოა, უფრო ხშირი იყოს, ვიდრე მოზრდილებში.

  • სიმპტომები

ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ციკადა ადამიანებში დაავადების უფრო მძიმე ფორმებს იწვევს, ვიდრე Covid-19 ვირუსის სხვა ვარიანტები.

“ასევე არ არსებობს უფრო გავრცელებული სპეციფიკური სიმპტომები“, - დასძენს პროფესორი პოლ ჰანტერი.

Covid-19-ს თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიცხე, ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირის შეგუბება, დაღლილობა, თავის ტკივილი, სხეულის ტკივილი, ქოშინი და დიარეა.

“ვირუსი აინფიცირებს ერთსა და იმავე უჯრედებს შტამის მიუხედავად... ამიტომ, თქვენს მიერ განცდილი სიმპტომები მეტ-ნაკლებად იგივე რჩება“, - განმარტავს იან ჯონსი, დიდი ბრიტანეთის რიდინგის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი.

  • ვაქცინა

ექსპერტების შეფასებით, BA.3.2 (“ციკადა“) შტამის მიმართ COVID-19-ის არსებული ვაქცინები შესაძლოა ნაკლებად ეფექტური იყოს. სპეციალისტების თქმით, ვაქცინის სპეციალურად “ციკადას“ წინააღმდეგ განახლებული ვერსია, სავარაუდოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიქმნება, თუ ინფექციების რაოდენობა ან დაავადების სიმძიმე მნიშვნელოვნად გაიზრდება.

დეკემბერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ არ არსებობს ციკადასთან დაკავშირებული მძიმე შემთხვევების, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილიანობის ზრდის მტკიცებულება და აღნიშნა, რომ ახალი შტამი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის დაბალ რისკს წარმოადგენდა.

თუმცა, მაღალი რისკის ჯგუფებში შემავალ ადამიანებს, მათ შორის 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს, დასუსტებული იმუნური სისტემის და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს, შესაძლოა COVID-19-ის მძიმე სიმპტომები აღენიშნებოდეთ.

წყარო