ავტორი:

უპირობო მორჩილება ან სიკვდილი - მექსიკის ნარკოკარტელს გადარჩენილთა ისტორიები და საზარელი აღმოჩენა ერთ-ერთ რანჩოში

უპირობო მორჩილება ან სიკვდილი - მექსიკის ნარკოკარტელს გადარჩენილთა ისტორიები და საზარელი აღმოჩენა ერთ-ერთ რანჩოში

დასავლეთ მექსიკაში, ხალისკოს შტატში მდებარე რანჩო “იზაგირე“ საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც დაკარგული ახალგაზრდების მშობლებმა იქ შესაძლო მასობრივი საფლავის კვალი აღმოაჩინეს.

მშობლებმა ინფორმაცია პირველად Facebook-ის პირდაპირი ჩართვისას გაავრცელეს და ადგილზე მისვლის შემდეგ ასობით წყვილი ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ჩემოდანი და ზურგჩანთა იპოვეს.

მკვლევრებისა და ადგილობრივი ორგანიზაციების თქმით, ტერიტორია, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო ხალისკოს ახალი თაობის კარტელთან (CJNG), სადაც ახალგაზრდებს სოციალური ქსელების მეშვეობით სამუშაოს ჰპირდებოდნენ და შემდეგ კი იარაღით ემუქრებოდნენ, ტელეფონებს ართმევდნენ და კარტელის კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაჰყავდათ.

  • ჟურნალისტ სანდრა რომანდიას თქმით, ეს სისტემა მუშაობდა როგორც იაფი მუშახელის რეკრუტირების ქსელი, სადაც წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ადამიანებს ადგილზე კლავდნენ.

გადარჩენილების თქმით, აიძულებდნენ სხვა ადამიანების წამებაშიც მონაწილეობა მიეღოთ.

“მათ სხვა ადამიანების მოკვლა, ცხედრების დაშლა, მათი დაწვა, ადამიანის ხორცის ჭამა და ჯაჭვებით ცხოვრება უწევდათ. უპირობოდ უნდა დამორჩილებოდნენ: ეუბნებოდნენ, როდის უნდა წასულიყვნენ ტუალეტში, როდის ჩაეცვათ შარვალი... როგორც ამბობენ, ისინი მოულოდნელად კარტელის ლიდერებისთვის გართობის წყაროდ იქცნენ“, - ამბობს რომანდია.

მისი შეფასებით, დაახლოებით 100 კაციანი ჯგუფიდან მხოლოდ 30 გადარჩა.

მაძიებელთა ჯგუფის წარმომადგენლის, რაულ სერვინის თქმით, ადგილზე აღმოჩნდა იარაღის გამოყენებული ვაზნები, მჭიდები, სავარაუდო სამარხები და ხანძრის კვალი, რაც მძიმე ძალადობრივ დანაშაულებზე მიუთითებს. თუმცა მექსიკის გენერალურმა პროკურატურამ ეს კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ არ არსებობს არც მასობრივი კრემაციისა და არც ცხედრების განადგურების მტკიცებულება. მათი ვერსიით, ადგილი უბრალოდ “საწვრთნელ ბაზად“ გამოიყენებოდა.

  • გამოძიების ფარგლებში უკვე დააკავეს 47 ადამიანი. ასევე დააკავეს ტეუჩიტლანის მერი, რომელსაც ორგანიზებულ დანაშაულში თანამონაწილეობას ედავებიან.

მექსიკაში ამჟამად 130 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება. უმეტესი შემთხვევა 2007 წლის შემდეგ დაფიქსირდა, როცა პრეზიდენტმა ფელიპე კალდერონმა ნარკოკარტელების წინააღმდეგ ომი დაიწყო.

მკვლევარ სანდრა რომანდიას თქმით, მსგავსი “რეკრუტირების ბანაკების“ არსებობა აჩვენებს, რომ პრობლემა კვლავ აქტუალურია და რეგიონები უფრო საფუძვლიანად უნდა შემოწმდეს.

წყარო