პოლონეთის ქალაქ პოზნანის პროკურატურამ საქართველოს მოქალაქის, 48 წლის ნაზგური ქავთარაშვილის მიმართ ძებნა ოფიციალურად გამოაცხადა. მას ბრალად ედება საკუთარი 5 თვის შვილის, მუჰამედის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა და დახმარების გაუწევლობა. საქმეში ფიგურირებს ბავშვის დედაც, თამარ კ., რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.
"ბავშვი დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა" - ექიმების ჩვენება
ტრაგედია 2 აპრილს დაიწყო, როდესაც ბავშვის დედამ, თამარ კ.-მ და მისმა ნაცნობმა, ალექსანდრე ც.-მ, ჩვილი პოზნანის პედიატრიულ ცენტრში მიიყვანეს. დედა ექიმებს უმტკიცებდა, რომ ბავშვი მოულოდნელად ცუდად გახდა და კატეგორიულად უარყოფდა რაიმე სახის ტრავმას.
თუმცა, პირველივე დათვალიერებისთანავე მედიკოსებისთვის ნათელი გახდა, რომ საქმე სასტიკ ძალადობასთან ჰქონდათ. გამოკვლევამ აჩვენა:
ექიმების დასკვნა ცალსახაა: ეს არ ყოფილა შემთხვევითი დაცემა. ბავშვი სისტემატური, მრავალდღიანი ფიზიკური წამების მსხვერპლი იყო. "დაზიანებები მიუთითებს ჩვილის ინტენსიურ შენჯღრევაზე (ე.წ. შენჯღრეული ბავშვის სინდრომი) და თავის დარტყმაზე მყარ საგნებზე ან იატაკზე", - აცხადებს პროკურატურა.
ვინ არიან დაკავებულები?ამ დროისთვის პოლონეთში სამი პირია დაკავებული. მათ შორის არის ბავშვის დედა, თამარ კ. პოლონური მედია წერს, რომ ის და მისი გარემოცვა პოზნანში, ნადოლნიკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ჰოსტელში ცხოვრობდნენ.
თამარ კ.-სთან ერთად დაკავებულები არიან:
1. ალექსანდრე ც. - რომელიც ბავშვის საავადმყოფოში მიყვანისას დედას ახლდა.
2. ვლადისლავ მ. - რომელიც ასევე მონაწილეობდა ბავშვის მოვლაში.
სამივე მათგანს ბრალად ედება არასრულწლოვანის მძიმე განსაცდელში ჩაგდება. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს აშკარა დაზიანებები ჰქონდა, მათ სამედიცინო დახმარებას მხოლოდ მაშინ მიმართეს, როცა ჩვილის მდგომარეობა კრიტიკული გახდა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
ძებნა ნაზგური ქავთარაშვილზე
ბავშვის მამა, 48 წლის ნაზგური ქავთარაშვილი, მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პროკურატურამ მის შესახებ შემდეგი მონაცემები გაასაჯაროვა:
· დაბადების ადგილი: საქართველო, 1978 წლის 12 იანვარი.
· მშობლები: შოთა და მარო ქავთარაშვილები.
· ბოლო მისამართი: პოზნანი, Nadolnik 8A/202.
სასამართლომ ქავთარაშვილის მიმართ საძიებო პატიმრობის გადაწყვეტილება 10 აპრილს მიიღო. პოლონეთის პოლიცია აფრთხილებს მოსახლეობას, რომ მისთვის ნებისმიერი სახით დახმარება ან დამალვა 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.
რა ელის დამნაშავეებს?
5 თვის მუჰამედი 8 აპრილს კაროლ იონშერის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ სიკვდილის მიზეზი სწორედ მიყენებული მძიმე ტრავმები გახდა.
საგამოძიებო ორგანოები არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულებსა და ძებნილ მამას ბრალი გადაუკვალიფიცირდეთ "მძიმე სხეულის დაზიანების მიყენებაში, რამაც სიკვდილი გამოიწვია". ასეთ შემთხვევაში, პოლონეთის კანონმდებლობით, მათ 5 წლიდან უვადო პატიმრობამდე ემუქრებათ.
ცხოვრება პოზნანის ჰოსტელში – რას ჰყვებიან მეზობლები?
ტრაგედია ნადოლნიკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში (ე.წ. ჰოსტელის ტიპის ბინაში) მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ მისამართზე ძირითადად შრომითი მიგრანტები ცხოვრობდნენ.
მეზობლები აღნიშნავენ, რომ ქართული ოჯახი (თამარ კ. და ნაზგური ქ.) საკმაოდ ჩაკეტილად ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ კორპუსში კედლები თხელია, მეზობლების ნაწილი ამბობს, რომ ბავშვის ხმამაღალი ტირილი იშვიათად ესმოდათ, რაც ახლა, გამოძიების ფონზე, ეჭვებს ბადებს – ხომ არ ხდებოდა ბავშვის სისტემატური გაჩუმება ან ხომ არ იყო ის უკვე იმ მდგომარეობაში, რომ ტირილის ძალაც არ ჰქონდა.
ბინაში, სადაც ჩვილი იზრდებოდა, მუდმივად იმყოფებოდნენ დედის ნაცნობები – ალექსანდრე ც. და ვლადისლავ მ. მეზობლების თქმით, ჰოსტელში ხშირად იყო ხმაური, თუმცა არა ბავშვის, არამედ უფროსების მხრიდან.
ექთნები იხსენებენ, რომ საავადმყოფოში მიყვანისას თამარ კ. ზედმეტად მშვიდად გამოიყურებოდა. ის არ გამოხატავდა იმ ტიპის ისტერიას ან შფოთვას, რაც დამახასიათებელია დედისთვის, რომლის შვილსაც თავის ქალა აქვს გატეხილი. სწორედ ამ "ცივმა" დამოკიდებულებამ და დაზიანებების ხასიათმა აიძულა ექიმები, პოლიცია დაუყოვნებლივ გამოეძახებინათ.
წაიკითხეთ ასევე: