ავტორი:

როდიდან გამოიდარებს საქართველოში - მომდევნო დღეების პროგნოზი

როდიდან გამოიდარებს საქართველოში - მომდევნო დღეების პროგნოზი

აღდგომის მეორე დღე განსაკუთრებულად უხვი ნალექით გამოირჩეოდა საქართველოში. მთიან და მაღალმთიან ზონაში დიდმა თოვლმა შექმნა პრობლემები, კახეთსა და კოლხეთის დაბლობზე წვიმის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა, რომელმაც მდინარეების ადიდება გამოიწვია. არის თუ არა წელს აპრილი უჩვეულოდ ცივი და თუ როგორი ამინდებია მოსალოდნელი მიმდინარე კვირაში, სინოპტიკოსი - თამარ პაპაშვილი გაგვაცნობს:

- ასეთი ნალექიანი და ცივი კვირის შემდეგ მთელ საქართველოში გამოიდარებს. მიმდინარე კვირაში, დღევანდელი, 14 აპრილი ბოლო დღეა ასეთი ნალექიანი დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში ყველგან გამოიდარა, უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული, თუმცა ქარიანი დღე იქნება.

ხვალიდან ქარი შესუსტდება, უფრო ზომიერი სახის იქნება. 19 აპრილამდე უმეტესად უნალექო ამინდებია მოსალოდნელი მთელი საქართველოს მასშტაბით. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 22-24 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში 19-21 გრადუსის ფარგლებში. ქარი ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში 19 აპრილამდე აღარ იქნება.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 17-18 აპრილს ქარიანი დღეებია მოსალოდნელი. აღმოსავლეთის ქარი იქროლებს ასევე შიდა ქართლის ტერიტორიაზე. 19 აპრილიდან კვლავ ველოდებით ამინდის პირობების გაუარესებას, ჰაერის ტემპერატურის დაკლებას, შედარებით ცივი და ნოტიო მასების გავრცელებას საქართველოს ტერიტორიაზე. მაღალმთიან რაიონებში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, 19-20-21 აპრილი უამინდობა იქნება და შემდეგ კვლავ გამოიდარებს.

- შეიძლება ითქვას, რომ აპრილი უჩვეულოდ ცივია?

- ჰაერის ტემპერატურა გასულ კვირაში საკმაოდ დაბალი იყო და საშუალოდ +7+12 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდა, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, რაც ამ პერიოდის ნორმასთან შედარებით დაბალია.