დღეს ჩვენი ქვეყნის მომავალი არ განისაზღვრება სხვისი პოლიტიკური დღის წესრიგით. ჩვენი სამშობლოს მომავალი განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერის ეროვნული ინტერესებით! დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ისმის, არის შემდეგი: როგორი სტრატეგია უნდა ჰქონდეს ისეთ მცირე სახელმწიფოს, როგორიც საქართველოა, სწრაფად ცვალებად და ხშირად არაპროგნოზირებად გეოპოლიტიკურ გარემოში? - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"ფაქტია - მსოფლიო წესრიგი იცვლება, ჩვენ ყველანი ვხედავთ ლიბერალური მსოფლიო წესრიგის კრიზისს. ეს წესრიგი ეფუძნებოდა იდეას, რომ დასავლეთი - განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები - იყო გლობალური სისტემის მთავარი ლიდერი და უსაფრთხოების მთავარი გარანტი. თუმცა დღეს მსოფლიო სისტემაში მიმდინარეობს ძალთა გადანაწილება. გლობალურ პოლიტიკაში ძლიერდება ჩინეთი და სხვა რეგიონული ძალები. ევროპული პოლიტიკის არაერთმა შეცდომამ და ევრობიუროკრატიის არათანმიმდევრულმა ნაბიჯებმა იქამდე მიიყვანა საქმე, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად შესუსტდა.
ამერიკა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ევროპის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო, სულ უფრო ნაკლებად არის მზად ევროპული პოლიტიკური პრობლემების საკუთარ თავზე ასაღებად.
ამ ვითარებაში განსაკუთრებით აშკარა გახდა უთანხმოებები ამერიკისა და ევროპული პოლიტიკური ელიტების ნაწილს შორის - უთანხმოებები, რომლებიც დღეს უკვე ღიად ჩანს საერთაშორისო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაში.
უკრაინის ომმაც ნათლად აჩვენა, რამდენად მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს გაუთვლელ გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. დღეს ყველა ხედავს, რა ფასს იხდის უკრაინული სახელმწიფო. ამავე დროს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებმა კიდევ უფრო დაძაბა საერთაშორისო ვითარება. ეს პროცესები გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზეც, ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზეც და საერთაშორისო ძალთა ბალანსზეც. ამ ყველაფრის ფონზე საერთაშორისო ურთიერთობებში კვლავ ძლიერდება რეალისტური პოლიტიკა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოები პირველ რიგში მოქმედებენ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სამხედრო და ეკონომიკური ძალა ისევ რჩება საერთაშორისო პოლიტიკის მთავარ ფაქტორად და ასეთ გარემოში პატარა სახელმწიფოები ვალდებულნი არიან იმოქმედონ განსაკუთრებული სიფრთხილით, გონივრული გათვლებით და მკაფიო სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით.
და ბოლოს, ერთი მარტივი სიმართლე: მსოფლიოში, სადაც დიდი ძალები საკუთარ ინტერესებს იცავენ, პატარა სახელმწიფოებს გადარჩენა შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, როდესაც თავადაც იცავენ საკუთარ სახელმწიფოს. დღეს ჩვენი ქვეყნის მომავალი არ განისაზღვრება სხვისი პოლიტიკური დღის წესრიგით. ჩვენი სამშობლოს მომავალი განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ერის ეროვნული ინტერესებით!“ -განაცხადა არჩილ ბერიძემ.
გარდა ამ საკითხისა, მან ისაუბრა რუსთაველის თეატრში რობერტ სტურუას რეჟისორობით დადგმულ „ვეფხისტყაოსანზე“. არჩილ ბერიძის შეფასებით, „ვეფხისტყაოსნის“ ასეთი მასშტაბით და სიღრმით გაცოცხლება არის არა მხოლოდ ხელოვნების აქტი, არამედ ეროვნული თვითშეგნების კიდევ ერთი ძლიერი გამოხატულება. ეს იყო დიდი დაბრუნება - არა მხოლოდ რუსთაველის თეატრის, არამედ მთლიანად ქართული თეატრის.
„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბატონი რობიკო სტურუას სპექტაკლს - „ვეფხისტყაოსანი“, რომლის პრემიერაც რუსთაველის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. გულწრფელად ვიტყვი - შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მინდა მივულოცო არა მხოლოდ თეატრის შემოქმედებით ჯგუფს, მაესტრო რობიკო სტურუამ კიდევ ერთხელ შეძლო ის, რაც დიდ ხელოვანებს ძალუძთ - მან სცენაზე არა მხოლოდ კლასიკა დააბრუნა, არამედ ახალი სიცოცხლე შესძინა ქართულ თეატრს, წამოწია ახალგაზრდა თაობა და დაუტოვა მათ დიდი შემოქმედების გზა. „ვეფხისტყაოსნის“ სპექტაკლი არის ქართული იდენტობის, სულისა და კულტურის მეხსიერების საოცარი აღდგენა“, - განაცხადა ბერიძემ.
წაიკითხეთ ასევე: