ავტორი:

ისევ კვარაცხელია-მამარდაშვილის დაპირისპირება: რა მოხდება "ენფილდზე"? - ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტის ბედი დიდწილად ორ ქართველზეა დამოკიდებული

ისევ კვარაცხელია-მამარდაშვილის დაპირისპირება: რა მოხდება "ენფილდზე"? - ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტის ბედი დიდწილად ორ ქართველზეა დამოკიდებული

დღეს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს "ლივერპული“ და პსჟ დაუპირისპირდებიან და პარიზში უნიათოდ თამაშისა და 2:0 დამარცხების მიუხედავად, მასპინძელთა გუნდი მაინც იმედიანადაა განწყობილი. ყოველ შემთხვევაში, "ფულჰემის“ 2:0 ძლევის შემდეგ, ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებენ.

დღესაც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ერთი მხრივ პსჟ-ს ლიდერ ხვიჩა კვარაცხელიაზე, მეორე მხრივ კი ლივერპულელთა ქართველ მეკარე გიორგი მამარდაშვილზე, რომელსაც თანადგომის ნაცვლად, ინგლისური მედია მცირე შეცდომის გამოც აკრიტიკებს, თუმცა, იმ ფაქტსაც აღნიშნავენ, რომ ის "პარკ დე პრენსზე“ ჩინებულად გაისარჯა.

შეგახსენებთ, 8 აპრილს, პარიზში გამართულ პირველ მატჩში ჩვენდა სასიხარულოდ, ორივემ კარგად ითამაშა - მართალია ხვიჩას კლუბმა მოიგო, მაგრამ გიორგიმ ბრიტანელები გაცილებით დიდი ანგარიშით წაგებას გადაარჩინა.

კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მამადაშვილმა კი უღიმღამოდ მოთამაშე "ლივერპულში" ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა.

მოწინააღმდეგისგან განსხვავებით "პარი სენ ჟერმენმა“ გასულ უქმეებზე დაისვენა და "ენფილდზე“ მობილიზებული ჩადის.

აი, რა თქვა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ:

"ამჯერად ძალიან განსხვავებული თამაში იქნება. უნდა გავუძლოთ დაწოლას, შემდეგ ჩვენს ჩვეულ სტილში ვიასპარეზოთ და არა შედეგის შენარჩუნებაზე ვიზრუნოთ. ყველაფერი საწყის ხუთ წუთში შეიძლება შეიცვალოს. მნიშვნელოვანი კარგად დაწყებაა, თუმცა ეს საკვანძო მომენტი არ იქნება. ჩემთვის ეს ხაფანგია, ასეთია ფეხბურთი, ყველაფერი უმალ იცვლება. შეიძლება სწრაფი გოლი გაუშვა. სხვაობა (2:0) მცირეა. ვიცით, რამდენად ძნელია აქ თამაში, მაგრამ ეს მოტივაციას გვძენს. რთული შეხვედრა იქნება, ამას თავად ნახავთ. გამოცდილება გაგვაჩნია და დარწმუნებული ვარ, მზად ვიქნებით“.

კომენტარი მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ გააკეთა:

"ამ ეტაპზე ფავორიტი უბრალოდ არ არსებობს. წარსულთან შედარებით ჩვენი ერთ-ერთი განსხვავება ისაა, რომ ტურნირის გამარჯვებულები ვართ, სწორედ ეს გვმატებს ძალას. ვიცით, რასაც წარმოვადგენთ და რისი მიღწევა შეგვიძლია“.

“პარიზიენი“ წერს, რომ პსჟ-ს ხვიჩა კვარაცხელიას სახით ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გუნდებს შორის განსხვავებას ქმნის, კოზირია, ბოლო სამ მატჩში საუკეთესოდ აღიარეს, "ენფილდზეც“ გადამწყვეტი და გოლების თავისი საფირმო აღნიშვნით კვლავ მეურვეთა მწამებელი იქნება".

პარიზელთა შემადგენლობაში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, სიახლე მხოლოდ ტრავმამორჩენილი ბრედლი ბარკოლას განაცხადში ყოფნაა, რომელიც არ არის გამორიცხული შეცვალე შევიდეს.

მოკლედ, პარიზული გრანდი ინგლისში თავდაჯერებული ჩადის. ფეხბურთის ანალიტიკოსები თვლიან, რომ ლუის ენრიკეს მთავარი იარაღი სწორედ კვარაცხელიაა.

"ხვიჩამ პირველ მატჩში აჩვენა, რომ მისი შეჩერება შეუძლებელია. თუ ის ისეთივე სივრცეებს იპოვის, როგორიც "პარკ დე პრენსზე", ლივერპულელთა დაცვას კოშმარული ღამე ელის", - წერს პარიზელთა ერთ-ერთი გულშემატკივარი.

ერთი სიტყვით, კვარაცხელია მარცხენა ფლანგიდან შეუტევს, დეზირე დუე მარჯვნიდან, ცენტრიდან კი - უსმან დემბელე.

მარტო ამ სამეულის გათვალისწინებითაც კი, გიორგი მამარდაშვილს ნამდვილად უნდა ვუსურვოთ გაძლება.

ნამდვილად იშვიათია მომენტის მომსწრენი ვართ, როცა ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე მატჩის ბედი ორ ქართველზეა დამოკიდებული. ერთი მხრიდან კვარაცხელიას კრეატივი, მეორე მხრიდან კი მამარდაშვილის კედელი...

დასასრულ ორივე ქართველს კარგ თამაშს და წარმატებას ვუსურვებთ.

იხილეთ ასევე: