1972 წლის 26 იანვარს იუგოსლავიური ავიაკომპანია JAT-ის რეისის JAT Flight 367-ის შესრულებისას თვითმფრინავი ჰაერში, ჩეხოსლოვაკიის თავზე აფეთქდა. კატასტროფა მოხდა დაახლოებით 10 000 მეტრის სიმაღლეზე და ბორტზე მყოფი 28 ადამიანიდან გადარჩა მხოლოდ ერთი - 22 წლის სერბი ბორტგამცილებელი ვესნა ვულოვიჩი.
ოფიციალური ვერსიის მიხედვით, თვითმფრინავის აფეთქება გამოწვეული იყო ბორტზე განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობით. მომხდარი იმ პერიოდის ევროპულ საჰაერო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ტერაქტად და ავიაკატასტროფად მიიჩნევა.
ვესნა ვულოვიჩის გადარჩენა დღემდე მიიჩნევა განსაკუთრებულ და პრაქტიკულად უპრეცედენტო მოვლენად.
გოგონას გადარჩენის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ადამიანს - ადგილობრივ მცხოვრებ ბრუნო ჰონკეს, რომელმაც იგი იპოვა.
ტრაგედიის დღეს ბრუნო ჰონკე საკუთარ ეზოში, შეშას ჭრიდა, როდესაც ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონა. მალევე ქუჩაში გამოვარდა და ადამიანების ხმა მოესმა - ლაპარაკობდნენ, რომ სადღაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.
მიუხედავად სიბნელისა, ჰონკე დაუყოვნებლივ გაემართა ტყისკენ, ნანგრევებისა და შესაძლო გადარჩენილების საძიებლად. გარკვეული დროის შემდეგ მან ქალის სუსტი ხმა გაიგონა, რომელიც დახმარებას ითხოვდა.
ტყის სიღრმეში, თვითმფრინავის ნამსხვრევებს შორის, იპოვა ვესნა ვულოვიჩი.
ჰონკეს აღწერით, ვულოვიჩს ეცვა ბორტგამცილებლის ფორმა, რომელიც მთლიანად სისხლით იყო გაჟღენთილი.
ვესნა მოქცეული იყო თვითმფრინავის სერვის-ეტლის ქვეშ.
ჰონკე, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო საველე მედიკოსის გამოცდილება ჰქონდა, შეძლო ნამსხვრევების ნაწილობრივი დაშლა და ვულოვიჩისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მანამდე, ვიდრე ადგილზე მაშველები მივიდოდნენ.
არსებობს რამდენიმე ვერსია, თუ რამ გადაარჩინა ვულოვიჩი.
ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ვულოვიჩი თვითმფრინავის კუდის ნაწილში იმყოფებოდა და უსაფრთხოების ღვედით იყო დამაგრებული, რაც ნაწილობრივ იცავდა მას.
თუმცა ბრუნო ჰონკეს თქმით, მან ვესნა თვითმფრინავის შუა ნაწილში იპოვა და არა კუდში.
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, აფეთქებისას სერვის-ეტლი მოწყდა და გაიჭედა თვითმფრინავის ერთ-ერთ ფრაგმენტში, რომელიც შემდეგ მიწაზე დაეცა.
აფეთქებამ გამოიწვია მყისიერი დეჰერმეტიზაცია. ძლიერმა დარტყმითმა ტალღღამ თვითმფრინავიდან, ფაქტობრივად, ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი გამოისროლა, რაც ასეთი სიმაღლის პირობებში გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავდა.
გამომძიებლების შეფასებით, თვითმფრინავის ის ნაწილი, რომელშიც ვულოვიჩი იმყოფებოდა, დაეცა მთის ფერდობზე, რომელიც დაფარული იყო: სქელი თოვლით და ხშირი ტყით, შესაბამისად, ხეების გვირგვინებმა და თოვლმა მნიშვნელოვნად შეამცირა დარტყმის ძალა და, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ითამაშა მის გადარჩენაში.
ექიმების აზრით, გადარჩენაში მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთი გარემოება - ვესნა ვულოვიჩს ჰქონდა დაბალი არტერიული წნევა. ამან შესაძლოა გამოიწვია მისი სწრაფი გონების დაკარგვა დეჰერმეტიზაციის შემდეგ, რაც თავის მხრივ დაეხმარა ორგანიზმს აეცილებინა ძლიერი შოკი და გულის ფატალური დაზიანება ვარდნის პროცესში.
იუგოსლავიური მედიის შეფასებით, აფეთქების მომენტიდან ჰონკეს მიერ აღმოჩენამდე ვულოვიჩმა გადაიტანა მინიმუმ შვიდი კრიტიკული მდგომარეობა, რომელთაგან თითოეული ცალკე აღებული სიცოცხლისთვის ფატალური შეიძლებოდა ყოფილიყო:
და მიუხედავად ამისა, ის გადარჩა!
აღნიშნული შემთხვევა ოფიციალურად დაფიქსირდა Guinness World Records-ში, როგორც ყველაზე მაღალი სიმაღლიდან, პარაშუტის გარეშე, თავისუფალი ვარდნისას გადარჩენის შემთხვევა.

კატასტროფის შედეგად ვესნა ვულოვიჩმა მიიღო მრავალმხრივი და მძიმე დაზიანებები, მათ შორის:
თავის ქალის მოტეხილობა;
ხერხემლის დაზიანება;
ქვედა კიდურების მრავალჯერადი მოტეხილობა;
ნეკნების დაზიანება.
ის რამდენიმე თვის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმთა საწყისი პროგნოზები უკიდურესად პესიმისტური იყო, თუმცა ხანგრძლივი და კომპლექსური რეაბილიტაციის შედეგად, ვულოვიჩმა შეძლო მოტორული ფუნქციების მნიშვნელოვანი აღდგენა და დამოუკიდებლად გადაადგილება.
მას არ ახსოვდა კატასტროფის უშუალო მომენტები - არც აფეთქება, არც ვარდნა, არც დაცემა... ეს, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ შოკთან.

რეაბილიტაციის შემდეგ ვესნა ვულოვიჩი დაბრუნდა JAT-ში, თუმცა არა ბორტგამცილებლად, ის მხოლოდ ხმელეთზე მუშაობდა.
შემდგომ წლებში იგი იქცა საზოგადოებრივი ინტერესის მნიშვნელოვან ფიგურად. მისი ისტორია ფართოდ გაშუქდა საერთაშორისო მედიაში და ხშირად განიხილებოდა, როგორც ადამიანის ფიზიკური გამძლეობისა და გადარჩენის უნარის გამორჩეული მაგალითი.

გარდა ამისა, ვულოვიჩი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში სერბეთში, განსაკუთრებით დემოკრატიული ცვლილებების მხარდაჭერის მიმართულებით. გამოდიოდა მილოშევიჩის წინააღმდეგ. ის მოუწოდებდა თანამოქალაქეებს, არ ეომათ ხორვატებისა თუ ბოსნიელების წინააღმდეგ. ის პრინციპულად გმობდა არა მხოლოდ სერბულ თუ ხორვატულ ნაციონალიზმს, არამედ ნებისმიერ ნაციონალიზმს. 2000 წელს, სლობოდან მილოშევიჩის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, იგი რამდენიმე იუგოსლავიელ ცნობილ ადამიანთან ერთად ძველი სასახლის აივანზე გამოჩნდა და პროტესტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ვესნა პრინციპულად ამბობდა უარს საკუთარი თავისთვის იღბლიანი ადამიანის წოდებაზე, თუმცა აღიარებდა, რომ მებრძოლი ხასიათი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ კატასტროფის შემდეგ მას ფსიქოლოგიური ტრავმები არ ჰქონია, ის ამტკიცებდა, რომ მუდმივად ტანჯავდა "გადარჩენილის დანაშაულის გრძნობა“ და ხანდახან იმასაც კი ფიქრობდა, ხომ არ სჯობდა ისიც ყველა სხვა მგზავრთან და ეკიპაჟის წევრთან ერთად დაღუპულიყო.
2016 წლის 23 დეკემბერს, ვესნა ვულოვიჩის ცხედარი ბელგრადში, მის ბინაში აღმოაჩინეს, რომლის კარის შესამტვრევადაც პოლიციის ძალისხმევა გახდა საჭირო. ქალის მეგობრებმა პოლიციას მას შემდეგ მიმართეს, რაც ვულოვიჩი რამდენიმე დღის განმავლობაში ქუჩაში არ გამოჩენილა და სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა.
ვესნას გარდაცვალების მიზეზი ოფიციალურად არ გამოცხადებულა, თუმცა მისი მეგობრები ამბობდნენ, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში მას გულის პრობლემები ჰქონდა: გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ვულოვიჩმა ინფარქტი გადაიტანა.