ავტორი:

"როგორც ვიცი, ორბანს საიდუმლო შეთანხმებები ჰქონდა რუსეთთან და საქართველოსთან... მადიარი აპირებს გამოძიებების დაწყებას - ამოვარდება ფინანსური მაქინაციები ივანიშვილთან ერთად" - სააკაშვილი

"როგორც ვიცი, ორბანს საიდუმლო შეთანხმებები ჰქონდა რუსეთთან და საქართველოსთან... მადიარი აპირებს გამოძიებების დაწყებას - ამოვარდება ფინანსური მაქინაციები ივანიშვილთან ერთად" - სააკაშვილი

ვიქტორ ორბანი ოდესღაც კარგი კაცი იყო - 2017 წლის ჩათვლით ის მუდმივად მხვდებოდა, მაგრამ უცნაურად დამამახსოვრდა ჩვენი ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა, როდესაც მან 2015-ში მითხრა - „მიშა, გამაცანი უკრაინელი ოლიგარქები და ერთად გავაკეთოთ ფული“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ვიქტორ ორბანმა გაიცნო ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მისი ერთ-ერთი მთავარი სპონსორი გახდა. თავის მხრივ ორბანმა „ოცნებას“ ასწავლა პოლიტ-ტექნოლოგიები, ჩამოაყალიბებინა პროპაგანდისტული ლოზუნგები.

„მე ის პირველად გავიცანი თავისუფალი უნგრეთის სულ დასაწყისში, როცა 1993 წელს, როგორც „ფიდეშის“ ლიდერი შეგვხვდა კოლუმბიის უნივერსიტეტის ზაფხულის სკოლის სტუდენტებს, რაცკევეს სასახლეში ბუდაპეშტთან. მაშინ ის იყო ტანწერწეტა, ქარიზმატული, თვალებანთებული იდეალისტი პოლიტიკური ლიდერი.

მოგვიანებით ორბანმა მხარი დაუჭირა ვარდების რევოლუციას, როგორც ოპოზიციის ლიდერმა და შემდეგ, როგორც პრემიერმა მჭიდრო კავშირები დაამყარა ჩვენთან. მაშინ ის აქებდა ქართულ რეფორმებს და თავს იწონებდა, როგორც თვითონაც რეფორმატორი. ის ჩამოვიდა 2012 წელს ჩვენს მხარდასაჭერად არჩევნებზე. 2012 წლის რუსული სპეცოპერაციის შემდეგ, მან შემომთავაზა მე და ჩემი მთავრობის წევრებს თავშესაფარი უნგრეთში. მე ეს არ მჭირდებოდა, მაგრამ ბევრი წავიდა.

შემდგომაც 2017 წლის ჩათვლით ის მუდმივად მხვდებოდა, მაგრამ უცნაურად დამამახსოვრდა ჩვენი ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა, როდესაც მან 2015-ში მითხრა - „მიშა, გამაცანი უკრაინელი ოლიგარქები და ერთად გავაკეთოთ ფული“. ჯერ ერთი, მაშინ ოდესის გუბერნატორი ვიყავი და ხელჩართული ომი მქონდა უკრაინელ მილიარდერ-ოლიგარქებთან და მათ მედია საშუალებებთან. მეორეც, ცხოვრებაში არ განმიხილავს პოლიტიკა, როგორც ფულის კეთების საშუალება, თან ეს არანაირად არ ჯდებოდა ჩემს წინა წარმოდგენაზე ორბანზე, ამიტომ იმედი დავიტოვე, რომ ის ხუმრობდა.

დაახლოებით ამ დროს დაიწყო ავტორიტარული გადახრა უნგრეთში. მერე კი მან გაიცნო ოლიგარქი ივანიშვილი, რომელიც მისი ერთ-ერთი მთავარი სპონსორი გახდა. სამაგიეროდ ორბანმა „ოცნებას“ ასწავლა პოლიტ-ტექნოლოგიები, ჩამოაყალიბებინა პროპაგანდისტული ლოზუნგები, ასწავლა უნივერსიტეტების დახურვაც კი.

გარდა ამისა, ორბანი გახდა პუტინის მთავარი შიკრიკი ივანიშვილთან. 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ის ჩამოვიდა ქოცების მხარდასაჭერად (ჩემი ინფორმაციით, თავისი თვითმფრინავით, ამის სანაცვლოდ 30 მილიონი დოლარი წაიღო ბუდაპეშტში) და ასევე ჩამოიტანა პუტინის მოთხოვნა - ევროკავშირზე დაუყოვნებლივ უარის თქმა, რაც რეჟიმმა შეასრულა კიდეც, კობახიძის პირით. გარდა ამისა ორბანი იქცა ივანიშვილისთვის ამერიკასთან „დალაგების“ ერთ-ერთ არხად. რა თქმა უნდა, არა უსასყიდლოდ (მეორე არხია ემირატების კომპანია და მისი ამერიკელი ძალიან ცნობილი სახელის მატარებელი ინვესტორები, სწორედ ამ სახელების არ გამჟღავნებისთვის არის „არაბული ქალაქების“ ხელშეკრულება გასაიდუმლოებული).

ასევე, ორბანი ვეტოს ადებდა ევროკავშირის სანქციებს ივანიშვილის წინააღმდეგ და გუშინ სიიარტო გამოიჭირეს რუსეთის და საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაბლოკვის დოკუმენტების სასწრაფოდ განადგურების პროცესში. როგორც ვიცი, ორბანს საიდუმლო შეთანხმებები ჰქონდა რუსეთთან და საქართველოსთან, მათ შორის სანქციების დაბლოკვაზე. მადიარი აპირებს გამოძიებების დაწყებას და დარწმუნებული ვარ ამოვარდება ფინანსური მაქინაციები ივანიშვილთან ერთად.

სხვათა შორის, ის ფაქტი, რომ მადიარი ორბანის პარტიიდან იყო გამოსული, ჩემი აზრით გადამწყვეტი იყო ღარიბაშვილის დაჭერის დროს. ივანიშვილმა უბრალოდ თავი დაიზღვია.

ზოგადად უნგრელმა ერმა მოახდინა ელექტორალური რევოლუცია. ეს არის ერი, რომელმაც მოახდინა მე-19 საუკუნის, მაშინდელი მსოფლიოს ყველაზე სერიოზული რევოლუცია 1848 წელს და ასევე საბჭოთა კავშირს აუჯანყდა იმრე ნადის მეთაურობით 1956 წელს.

გაკვეთილი საქართველოსთვის დღესავით ნათელია. 2022 წელს უნგრეთშიც ოპოზიციამ შექმნა რაღაც დროებითი საარჩევნო კავშირი, სადაც ყველა ერთმანეთს ვერ იტანდა და ისინი ორბანმა გამანადგურებლად დაამარცხა, ვინაიდან ისინი იყვნენ ფეისბუქის და ტელეარხების პოლიტიკოსები, რომელთაც არაფერი საერთო არ ჰქონდა ხალხთან.

შემდეგ კი გამოჩნდა პიტერ მადიარი, რომელიც სხვა პოლიტიკოსებთან კი არ ატარებდა დროს, არამედ დღე და ღამე იყო გასული ხალხში, მოქმედებდა ისე, როგორც მე 2002-2003-ში და მან ბოლომდე გაანადგურა ორბანის პარტია. მან ერთის მხრივ დაარწმუნა ხალხი, რომ გამარჯვება შეეძლო, მეორეს მხრივ დაარწმუნა იდეალისტური ახალგაზრდობა, რომ ის არ იყო გასვრილი და ისინი მოვიდნენ არჩევნებზე.

2024-ში საქართველოში ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი არ მივიდა არჩევნებზე და შესაბამისად არც დაიცვა მისი შედეგები, ხოლო უფროსი მოსახლეობის ნაწილი იმიტომ არ მივიდა, რომ გამარჯვების არ სჯეროდა. გილაურების ჩარევამ არჩევნებში და პარტიების უმრავლესობის ნაც. მოძრაობის წინააღმდეგ დარაზმვამ, მუდმივმა ურთიერთ-კბენებმა უკიდურესად ნეგატიური როლი ითამაშა ხალხის განწყობაზე.

თუ გამარჯვება გვინდა, უნდა გამოვიდეთ ფეისბუქებიდან, ტელესტუდიებიდან და გავცდეთ რუსთაველის გამზირს, დავუკავშირდეთ ნამდვილ ხალხს!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.