ავტორი:

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია: პსჟ-მ "ენფილდი" დაადუმა - დემბელს 2 გოლი ხვიჩას მონაწილეობით - მამარდაშვილმა "ლივერპული" ვერ იხსნა

კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია: პსჟ-მ "ენფილდი" დაადუმა - დემბელს 2 გოლი ხვიჩას მონაწილეობით - მამარდაშვილმა "ლივერპული" ვერ იხსნა

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში "ლივერპულმა" პსჟ-ს უმასპინძლა. მატჩი ანგარიშით 0:2 დამთავრდა, შესაბამისად, ხვიჩა კვარაცხელია და პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არიან.

გუნდები ასეთი ძირითადი შემადგენლობებით გავიდნენ მოედანზე:

  • "ლივერპული: "მამარდაშვილი, ფრიმპონგი, კონატე, ვან დეიკი, კერკეზი, გრავენბერხი, მაკ ალისტერი, სობოსლაი, ვირცი, ისაკი, ეკიტიკე.
  • პსჟ: საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ვიტინია, ნევეში, ზაირ-ემერი, დუე, კვარაცხელია, დემბელე.

შეხვედრა "ენფილდზე" თბილისის დროით 23:00 საათზე გარდამავალი უპირატესობით დაიწყო. პირველივე წუთებზე მოუწია გიორგი მამარდაშვილს თამაშში ჩართვა, მალევე პსჟ-ს მეკარის საფონოვის ჯერიც დადგა...

ლივერპულში საკმაოდ ძლიერი წვიმა იყო, რაც გარკვეულწილად ხელს უშლიდა ფეხბურთელებს.

32-ე წუთზე "ლივერპულში" იძულებითი ცვლილება მოხდა - ეკიტიკე ტრავმის მიღების გამო მუჰამედ სალაჰმა შეცვალა.

მის მოედანზე შესვლას მოჰყვა უმწვავესი შეტევა პსჟ-ს კართან, რომელიც მამარდაშვილის მიერ მეტოქის საჯარიმოსკენ გასროლილი ბურთით დაიწყო, თავდასხმის ერთ-ერთი შემოქმედი სწორედ სალაჰი იყო, თუმცა ჯერ საფონოვმა, შემდეგ კი მარკინიოსმა პარიზელები გოლს გადაარჩინეს.

37-ე წუთზე უკვე ლუის ენრიკეს მოუწია ფეხბურთელის იძულებითი შეცვლა - ამჯერად ნუნო გომეშმა მიიღო ტრამვა და პსჟ-ს რიგებში მოედანზე ლუკას ერნანდესი შევიდა.

თუმცა არსებითი გარდატეხა მატჩში არ ყოფილა. პირველი ტაიმში უგოლო ფრე დაფიქსირდა.

მეორე ტაიმი "ლივერპულის" შეტევებით დაიწყო - პირველივე წუთებზე გოლს პსჟ მეკარემ გადაარჩინა.

მალევე ლუის ენრიკეს კიდევ ერთი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია - ამჯერად ტრავმა დეზირე დუემ მიიღო, ის ბარკალამ შეცვალა.

"ლივერპულმა" უკიდურესად გაამწვავა თამაში - რამდენიმე ძალიან სახიფათო დარტყმა მოახერხეს, თუმცა მათ დარტყმებს სიზუსტე აკლდა.

65-ე წუთზე პსჟ-ს საჯარიმოში მაკ ალისტერი დაეცა, მსაჯმა პარიზელთა მხრიდან დარღვევა დააფიქსირა და თერთმეტმეტრიანის დანიშვნა დააპირა, თუმცა ვარზე გადამოწმების შემდეგ გადაიფიქრა.

ამის შემდეგაც "ლივერპულის" შეტევები გაგრძელდა, პსჟ მთელი გუნდით თავს იცავდა.

70-ე წუთზე პსჟ ისევ საფონოვმა გადაარჩინა.

72-ე წუთზე კი პსჟ-მ გამოაჩინა თავისი ბრჭყალები, შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტაიმში პარიზელთა პირველივე დარტყმა კარისკენ გოლით დასრულდა. ბურთი "მამარდას" დემბელემ "კვარას" პასის შემდეგ გაუტანა. სამწუხაროდ, გიორგი შორეულ კუთხეში დარტყმულ ბურთს ვერ მისწვდა.

90-ე წუთზე "ენფილდი" საბოლოოდ დაადუმა დემბელემ, რომელმაც მეორე გოლი გაუტანა "ლივერპულს". ამ გოლშიც თავისი წვლილი შეიტანა კვარაცხელიამ - შეტევა სწორედ მან წამოიწყო - მისი პასი ბარკალამ მიიღო, რომელმაც ბურთი დემბელეს მიაწოდა, მან კი უზადოდ დაარტყა.

მატჩი ანგარიშით 0:2 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში კი პსჟ-მ "ლივერპული" 4:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა.