ავტორი:

"არსებობს ალექსანდრე გაბაშვილსა და ანი ნასყიდაშვილს შორის მიმოწერა - ცალსახად დგინდება, როგორ საუბრობენ მოსალოდნელ თავდასხმაზე" -  ავალიანის საქმის პროკურორი

"არსებობს ალექსანდრე გაბაშვილსა და ანი ნასყიდაშვილს შორის მიმოწერა - ცალსახად დგინდება, როგორ საუბრობენ მოსალოდნელ თავდასხმაზე" -  ავალიანის საქმის პროკურორი

არსებობს გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულებს, ალექსანდრე გაბაშვილსა და ანი ნასყიდაშვილს შორის მიმოწერა. ის იმდენად ვრცელია და შინაარსიანი, რომ ცალსახად დგინდება, როგორ საუბრობენ მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ განაცხადა.

  • მისივე თქმით, დაცვის მხარის მტკიცება, რომ ნასყიდაშვილმა მომავალ თავდასხმაზე არაფერი იცოდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამართლების უსაფუძვლო მცდელობაა.

ამასთან, აღნიშნა, რომ დღეს სასამართლოს წინაშე მოწმეები დაიკითხებიან.

"ანი ნასყიდაშვილთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეში მოიძებნება ისეთი უტყუარი მტკიცებულებები, როგორიც არის ალექსანდრე გაბაშვილსა და ანი ნასყიდაშვილს შორის არსებული მიმოწერა. მიმოწერა იმდენად ვრცელია და შინაარსიანი, რომ ცალსახად დგინდება, როგორ საუბრობენ მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალდებულები. დაცვის მხარის მართლება, რომ ნასყიდაშვილმა მომავალ თავდასხმაზე არაფერი იცოდა, უსაფუძვლო მცდელობაა, რათა გაამართლოს თავისი დაცვის ქვეშ მყოფი.

დემეტრე ჩიქოვანს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ვედავებით გიგა ავალიანზე თავდასხმის მომზადებაში.

აღნიშნულ დანაშაულს ადასტურებს დემეტრე ჩიქოვანსა და სხვა ბრალდებულთა, სხვა მოწმეებთან არსებული მიმოწერა, საიდან დგინდება, როგორ ცდილობს დემეტრე ჩიქოვანი თანამზრახველები შემოუკრიბოს ალექსანდრე გაბაშვილს, როგორ სთხოვს მეორე ბრალდებულს, გიორგი რიკაძეს გაყვეს თემქაზე, ადგილზე, სადაც დანაშაულის ჩადენა მოხდა.

ასევე მას მიყვება დანაშაულამდე 2 დღით ადრე 29 სექტემბერს, უსაფრდება გიგა ავალიანს, ცდილობს მსხვერპლის პიროვნების შესწავლას, მისი გადაადგილების და სამუშაო გრაფიკის დადგენას. დღეს მოწმეები არიან წარმოდგენილები დასაკითხად“, - აღნიშნავს ქეთევან სონიძე.

თავის მხრივ, როგორც გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანების - ანი ნასყიდაშვილისა და დემეტრე ჩიქოვანის ადვოკატმა, ლევან სეფიაშვილმა აღნიშნა, ანი ნასყიდაშვილი არ თვლის, რომ დანაშაული ჩაიდინა.

„დაცვის მხარეს კითხვები გვექნება საქმის მთავარ გამომძიებელთან, რათა კიდევ ერთხელ გამოიკვეთოს ის გარემოებები, რომ ანი ნასყიდაშვილს არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. ანი ნასყიდაშვილის პოზიცია არის ცალსახად ის, რომ დღემდე არ აღიარებს ბრალად წარდგენილ ქმედებას იქიდან გამომდინარე, რომ იგი არ თვლის, რომ დანაშაული ჩაიდინა. უფრო მეტიც, სამართლებრივად ვერ შეფასდება მის მიერ ჩადენილი ქმედება დანაშაულად“, - აღნიშნავს ადვოკატი ლევან სეფიაშვილი.

ცნობისთვის, გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებულ ორ არასრულწლოვანს - ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. რაც შეეხება დემეტრე ჩიქოვანს, მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს ჯგუფურად, რასაც გარდაცვალება მოჰყვა. დემეტრე ჩიქოვანს, ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს ასევე ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ "დიდი დიღმის" ეპიზოდზეც სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მეორე ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.