ავტორი:

ინდოეთის ოკეანეში მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა - დაკარგულად ითვლება 250 ადამიანი

ინდოეთის ოკეანეში მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა - დაკარგულად ითვლება 250 ადამიანი

გაეროს ლტოლვილთა და მიგრაციის სააგენტოების ინფორმაციით, ინდოეთის ოკეანეში, მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად 250 ადამიანი დაკარგულად ითვლება. წინასწარი ინფორმაციით, ჩაძირვა ძლიერმა ქარმა და შტორმმა გამოიწვია.

სააგენტოების ცნობით, ნავი ბანგლადეშიდან მალაიზიის მიმართულებით მიემართებოდა. სანაპირო დაცვის განცხადებით, 9 აპრილს ბანგლადეშის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ცხრა გადარჩენილი იპოვა. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი იმყოფებოდა გემზე.

როჰინგიები, რომლებიც მიანმარის ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენენ და უმეტესად მუსლიმები არიან, წლებია მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობენ. 2017 წელს მიანმარში განხორციელებული ძალადობრივი რეპრესიების შემდეგ ასობით ათასი ადამიანი იძულებული გახდა, ბანგლადეშში გაქცეულიყო.

თუმცა, ბანგლადეშში რთული სოციალური და ეკონომიკური პირობების გამო, ბევრი მათგანი კვლავ ცდილობს ქვეყნის დატოვებას და მალაიზიაში გადასვლას.

მიგრანტების მიერ გამოყენებული ნავები ხშირად პატარა და გადატვირთულია, რის გამოც მგზავრობა უკიდურესად სახიფათო ხდება. ასეთ გემებზე, როგორც წესი, არ არის სუფთა წყალი, საკმარისი საკვები ან ელემენტარული სანიტარული პირობები. შედეგად, ბევრი მათგანი დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევს.

როჰინგია ლტოლვილები განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში არიან. მათი ნაწილი მალაიზიასა და ინდონეზიასთან მიახლოებისას უკან ბრუნდება, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება ან სანაპირო თემები მათ მიღებაზე უარს აცხადებენ.

წყარო