ავტორი:

"საქმე შანტაჟის ნაცვლად!" - რა შემთხვევაში განიხილავს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას: მინისტრის განცხადებები პარლამენტიდან

"საქმე შანტაჟის ნაცვლად!" - რა შემთხვევაში განიხილავს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას: მინისტრის განცხადებები პარლამენტიდან

კიდევ ერთხელ ხმამაღლა შეგვიძლია განვაცხადოთ: - საქმე შანტაჟის ნაცვლად! ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების მიღებისთანავე, მზადა ვართ, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ევროკავშირთან, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

აქვე მან აღნიშნა, რომ ამისთვის საჭიროა მინიმუმ ის, რომ ევროკავშირის ბიუროკრატია დაუბრუნდეს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ პოლიტიკური დიალოგის წარმოებას საქართველოსთან, რომელიც, მისივე თქმით, ევროკავშირმა 2024 წელს შეაჩერა.

“სხვაგვარად, ნებისმიერი ფორმით გამოხატული წუხილი ქართველი ხალხის ევროპულ მომავალზე ვერ იქნება გულწრფელი და მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის პოლარიზაციის მიზანს მოემსახურება, რაც ვერანაირად ვერ იქნება ჩვენი მხრიდან აღქმული და შეფასებული, როგორც მეგობრული სულისკვეთება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ბოჭორიშვილმა დღეს ვრცლად ისაუბრა საქართველოს მიმართ ევროკავშირის “უსამართლო მიდგომებსა” და “უსამართლო დამოკიდებულებაზე”.

“ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი 2022 წლის ივნისში, მაშინ როდესაც კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა, უსამართლო იყო. ამ უსამართლო გადაწყვეტილების ერთადერთი შედეგი გახლდათ ის, რომ ეს გამოყენებულ იქნა საქართველოში საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებისა და პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციის მიზნებისთვის. 2022 წელს არ არსებობდა არანაირი გეოპოლიტიკური თუ პრაქტიკული საფუძველი, რაც ამ გადაწყვეტილებას გაამართლებდა.

ევროკავშირის გადაწყვეტილების უსამართლობა მაშინვე რომ ცხადად არ გამოჩენილიყო, ევროკომისიამ 2022 წლის ივნისში არ გამოაქვეყნა თავისივე პროცედურებით გათვალისწინებული ანალიტიკური ანგარიში, რომელსაც პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა დაფუძნებოდა. ანგარიში გამოქვეყნდა რამდენიმე თვის დაგვიანებით - 2023 წლის 2 თებერვალს, სადაც ამ გადაწყვეტილების უსამართლობა უკვე დოკუმენტურად დადასტურდა”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე შეფასებით, “ევროპარლამენტის რეზოლუციები უსამართლო დამოკიდებულების თვალსაჩინო მაგალითია“.

“2022 წლიდან მოყოლებული, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტმა მიიღო 10 ტენდენციური და სრულიად უსამართლო რეზოლუცია, რომლებიც საღ აზრს და ობიექტურობის მინიმალურ ნიშნულს სცდება.

პოლიტიკური დიალოგის შეჩერების შესახებ განცხადებაც უსამართლობაა. მაშინ როდესაც ევროკავშირი პოლიტიკურ დიალოგს აწარმოებს ყველასთან - ყველანაირი პოლიტიკური წყობის, მისწრაფებებისა, თუ განწყობების სახელმწიფოებთან, საქართველოსთან გაბუტვის პოლიტიკა უსამართლობაა და საღ აზრს მოკლებულია. მით უმეტეს მაშინ, როდესაც აცხადებ, რომ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებზე შეგტკივა გული. ისიც უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიის ამგვარი დამოკიდებულება წინააღმდეგობაში მოდის ასოცირების შეთანხმებასთან, რომელიც ასევე მოიცავს საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით პოლიტიკური დიალოგის წარმოების ვალდებულებას.

ამ უსამართლო გადაწყვეტილების შედეგად, საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს, ასოცირების კომიტეტებისა თუ ქვეკომიტეტების არც ერთი შეხვედრა აღარ ჩატარებულა. ბოლოს ასოცირების საბჭოს შეხვედრა 2024 წლის 20 თებერვალს გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მხარეს არასდროს განუცხადებია ევროკავშირთან დიალოგზე უარი.

უფრო მეტიც, მაშინ, როდესაც დავინახეთ შესაძლებლობა ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგი გამოგვეყენებინა ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგის განახლებისთვის, რაც ის საკითხია, რაზეც ევროკავშირი ხშირად აპელირებს, იყო გულწრფელი შეთავაზება, რომ საქართველოსთან ადამიანის უფლებების შესახებ დიალოგი ჩატარებულიყო. “ქართული ოცნების“ ხელისუფლება მზად იყო ამ დიალოგის წარმოებისთვის, თუმცა საკითხი ევროკავშირის მხრიდან გამოყენებული იყო მანიპულაციისთვის.

მიუხედავად ამგვარი უსამართლო დამოკიდებულებებისა ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან და ე.წ. იზოლაციის იმიტაციისა, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად იყენებს საერთაშორისო ორგანიზაციების პლატფორმებს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებს, ორმხრივ კავშირებს, საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად საგარეო პოლიტიკის წარმართვისათვის და ჩვენი ქვეყნის პოზიციების სათანადოდ დასაცავად”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

  • ბოჭორიშვილის თქმით, „იმის მიუხედავად, რომ ევროკომისიის მხრიდან საქართველოსადმი ორმაგი სტანდარტების გამოყენება და მძაფრი კრიტიკული დამოკიდებულება ყველასთვის თვალშისაცემია, საქართველოს შეფასებაში მაინც თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად წინ არის საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით“.

"საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად 9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს - დღეს 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის...

სწორედ ამ პროგრესის მიჩქმალვის სურვილით აიხსნება ის ფაქტი, რომ 2025 წელს გაფართოების ანგარიშის მომზადებისას ევროკომისიამ უარი თქვა საქართველოს შეფასებაზე ყველა მიმართულებით, სადაც შესაძლებელი იყო საქართველოს პროგრესი და მოწინავე პოზიციები ასახულიყო, რაც ქვეყანას სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით აქვს. ამით დამტკიცდებოდა, რომ საქართველო მეტად არის მზად თუნდაც მოლაპარაკებების დასაწყებად, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა. ევროკომისიამ თავისსავე მეთოდოლოგიაზე თქვა უარი და სულ სხვაგვარად მოამზადა ანგარიში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ამავე კონტექსტში განაცხადა, რომ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება კარგი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის ნებისმიერი პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოყენება საქართველოში შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის და წნეხის შესაქმნელად.

“რაც შეეხება ბრალდებებს ე.წ. ანტიდასავლურ თუ ანტიევროპულ რიტორიკასთან დაკავშირებით, ესეც გახლავთ იმ პროპაგანდის, ორკესტრირებული კამპანიების და მათ შორის მიზანმიმართული უცხოური საინფორმაციო მანიპულაციების და ჩარევის გაგრძელება, რაც გამოიყენება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებისკენ.

ჩვენ გვაქვს მომზადებული საკმაოდ ვრცელი კრებული, სადაც თავმოყრილია რეზოლუციები, სხვადასხვა დოკუმენტები, განცხადებები, რომლის ავტორებიც არიან უცხო ქვეყნების - ძირითადად ევროპის ქვეყნების პოლიტიკოსები, უცხოური ორგანიზაციები, ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების აქტორები, ხანდახან - ელჩებიც”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში იმყოფება. ის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “საქართველოსთვის“ მიერ გაგზავნილ კითხვებს პასუხობს.