პატიმრობაში მყოფ სამ ბრალდებულს ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს ციხეში ბანქოს თამაშის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. თითოეულ მათგანს ჯარიმის სახით 5 000 ლარის გადახდა მოუწევს.
ადვოკატის განმარტებით, სამივე მათგანი აღიარებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბანქო ითამაშეს, რაც გულისხმობს აკრძალული ნივთით სარგებლობას. მისი თქმით, სამივე მათგანს აღნიშნულ საქმეზე 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ადვოკატის თქმით, სამივე პირის თანხმობა იყო, რომ საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციაზე დაკავებულებს ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა. მათ ციხეში ბანქოს თამაშს ედავებოდნენ.
რაც შეეხება მათ წინააღმდეგ არსებულ სხვა საქმეს:
ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება ანტონ გრიბულს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ცოლ-ქმარი, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2024 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულების საცხოვრებლის და პირადი ჩხრეკისას 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება – "ალფა პე ვე პე“ ამოიღეს. ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლოს მე-6 ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მათ, 8,5-8,5 წელი მიესაჯათ.
საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ სერგეი კუხარჩუკს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 11 პირს შორისაა. დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.