ავტორი:

"მიყვარს, მიყვარს გოლებიო" - კვარაცხელიას სახალისო კომენტარი და ნაკრების ფეხბურთელების გამოხმაურებები: როგორ "თარგმნა" "ხვიჩას ქართული" გიორგი მიქაუტაძემ?

"მიყვარს, მიყვარს გოლებიო" - კვარაცხელიას სახალისო კომენტარი და ნაკრების ფეხბურთელების გამოხმაურებები: როგორ "თარგმნა" "ხვიჩას ქართული" გიორგი მიქაუტაძემ?

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ-მ "ლივერპული“ 2:0 დაამარცხა (ორი შეხვედრის ჯამში 4:0) და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. მატჩი განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო ქართველი გულშემატკივრისთვის, რადგან მოედანზე ერთმანეთის პირისპირ ორი ქართველი ვარსკვლავი - გიორგი მამარდაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია წარსდგა

როგორ შეაფასეს ქართველები?

ანალიტიკურმა საიტებმა მამარდაშვილისა და კვარაცხელიას თამაში შემდეგნაირად შეაფასეს:

გიორგი მამარდაშვილი: Whoscored 5.8, Sofascore 5.7, Flashscore 5.8.ხვიჩა კვარაცხელია: Whoscored 7.3, Sofascore 7.2, Flashscore 7.3.საინტერესოა, რომ ანალიტიკური საიტებისგან განსხვავებით, ბრიტანულმა გამოცემებმა მამარდაშვილის გარჯა უფრო დადებითად დაინახეს. მაგალითად, liverpool.com-მა მას 7 ქულა დაუწერა და აღნიშნა, რომ "წითლების“ მეკარე დიდ სცენაზე თავდაჯერებულად და "სუფთად“ გამოიყურებოდა, გაშვებულ გოლებში კი მისი ბრალეულობა ნაკლებად იკვეთებოდა.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მან მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. პირველი გოლისას საგოლე გადაცემა სწორედ მან მიაწოდა უსმან დემბელეს, ხოლო მეორე გოლის დროს შეტევა მისი წამოწყებული იყო. ამ სეზონში ხვიჩას ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგის 13 შეხვედრაში უკვე 8 გოლი და 5 საგოლე პასია.

"ქართული დამავიწყდა" - ხუმრობა ნაკრებში

მატჩის შემდეგ Geo Team-თან საუბრისას ხვიჩა კვარაცხელია ემოციებს ვერ მალავდა და სახალისო კომენტარიც გააკეთა:

"მამარდამაც წარმატებები მისურვა, ბედნიერი ვარ. გამოდის საგოლე გადაცემა თუ გოლს ვიტან... ვაჰ, ბიჭო რა მჭირს... აუ, მგონი ქართული დამავიწყდა“, - აღნიშნა ხვიჩამ ინტერვიუს დროს.

ამ ფრაზას სოციალურ ქსელში ნაკრების წევრების სახალისო გამოხმაურება მოჰყვა.

გიორგი გოჩოლეიშვილმა კომენტარებში გიორგი მიქაუტაძე მონიშნა და ხუმრობით მიწერა:

"ჟორჟ, გვითარგმნე ერთი, რას ამბობს რა“.

"მიყვარს, მიყვარს გოლებიო", - უპასუხა მიქაუტაძემ გოჩოლეიშვილს.