ოპოზიციას აქვს მთავარი პრობლემა, ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, შეხედავენ ვენესუელას და ვენესუელელები ხდებიან, შეხედავენ უნგრეთს და უნგრელები ხდებიან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უნგრეთში ოპოზიციური პარტია „ტისას“ გამარჯვებაზე ქართველი ოპოზიციონერების განცხადებებს გამოეხმაურა.
"ოპოზიციას აქვს მთავარი პრობლემა, ისინი სხვისი პრობლემით ცხოვრობენ, შეხედავენ ვენესუელას და ვენესუელელები ხდებიან, შეხედავენ უნგრეთს და უნგრელები ხდებიან, შეხედავენ უკრაინას და უკრაინელები ხდებიან და ა.შ. ისინი მოწყვეტილი არიან თავის ქვეყანას, მოწყვეტილი არიან თავის ამომრჩეველს, ისინი არიან ჯგუფი, რომელიც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს, თავი ჰგონიათ კინოში, ყველაფერს, რაც გარეთ ხდება, უყურებენ როგორც კინოს და თავს თვლიან ამ კინოს მონაწილეებად და ემოციურადაც ამ ყველაფრის ნაწილი არიან. მართლაც, ისინი განიცდიან ემოციურად იმ პროცესებს, რაც სხვა ქვეყანაში ხდება. ეს არის გარკვეული სახის აშლილობა, რაც მათ სჭირთ, რადგან ისინი ხდებიან თანამონაწილენი სხვაგან მიმდინარე პროცესებისა და წყდებიან რეალობას. ამდენი წელია ვერ მიხვდნენ, რომ ეს არ არის ის გზა, რომლითაც ამომრჩევლის გულს იგებ.
ისინი უბრალოდ მორიგ სერიას უყურებენ, ამ სერიაში საკითხი ეხება უნგრეთს, სადაც საპარლამენტო არჩევნების გზით ოპოზიციამ გაიმარჯვა. წინა სერიაში ვენესუელაში აგრე ჩარევით მოხდა პრეზიდენტის გაყვანა ქვეყნის მიღმა და მაშინ იმ სცენარის მომხრე იყვნენ. ამ სერიალს უყურებენ. ახლა ეს სეზონია მათთვის, მაგრამ სხვაგან რომ სხვა რაღაც მოხდება, ისევ გადაეწყობიან. მათ არანაირი საკუთარი დღის წესრიგი, პოლიტიკა, აზრი არაფერი არ გააჩნიათ, არიან სხვაზე დამოკიდებული და სხვას აყოლილი ჯგუფი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.