მას შემდეგ, რაც კურსებში ჩამოწოლილმა მეწყერმა სახლები დაანგრია, სოფელი მეწყერსაშიშ ზონად გამოცხადდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ მოსახლეობა სახლებში დაბრუნებას ვეღარ შეძლებს, ვინაიდან ვითარება შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს და ჯერ კიდევ დაუხეთქავ მიწას ახალი, უფრო მასშტაბური ნაპრალები გაუჩნდეს. სოფლის 58 ოჯახი, რომელთაც, სავარაუდოდ, ეკომიგრანტის სტატუსს მიანიჭებენ, ამბობს, რომ თანხა, რომელსაც მათ ახალი საცხოვრებლის შესაძენად აძლევენ, არ კმარა. "საქართველოში კიდევ არის მეწყრულად აქტიური ზონები და მოსახლეებმა ეს არ იციან.
მეწყრის ჩამოწოლის რისკის ზონაში 120 თემია და აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირება. კვლევა შარშან დამთავრდა, საფრთხის შემცველი ტერიტორიების დადგენაში შვეიცარიის მთავრობა დაგვეხმარა", - ამბობს გარემოს დამცველი, "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე:
- დიდი რისკის შემცველია ცენტრალურ კავკასიონზე, მცირე კავკასიონზე, საშიში სიტუაციაა აჭარა-თრიალეთის ქედზე და სხვა. ფაქტობრივად, მთელი საქართველოა მოცული. მყინვარების დნობის ფაქტორი მაღალია, წვიმები ინტენსიურია.
ერთ ჯერზე იმხელა ნალექი მოდის, რამდენიც მთელი კვარტლის განმავლობაში უნდა მოვიდეს. ეს ყველაფერი მოქმედებს და სტიქიური პროცესები თანდათან უფრო გახშირდება.
არის ძალიან საშიში და ე.წ. სტაბილიზებული მეწყრული ზონები, როგორიც იყო კურსების მეწყერი, სადაც 150 წელი არაფერი მომხდარა, იქ მოსახლეობა დასახლდა და როცა მეწყერი წამოვიდა, ამის გამო 40 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ეს არის ე.წ. სტაბილიზებული მეწყერი, რომელიც გამოვიდა სტაბილიზაციიდან და ხანგრძლივმა ნალექებმა ხელი შეუწყო მეწყრული პროცესების დაწყებას. იგივე სიტუაცია გვაქვს ხარაგაულში, მართალია, იქაც ადამიანის ხელი ურევია, მაგრამ არ იქნებოდა, რომ არა მყიფე მდგომარეობა, რაც გამოწვეულია კლიმატის გლობალური ცვლილებით.
- პრევენციისთვის რა უნდა გაკეთდეს? ამ ზონებიდან მოსახლეობის გასახლება, ალბათ, აუცილებელია...
- რისკის ზონაში 110 თემია, 47 მუნიციპალიტეტში გამოყოფილია ყველაზე მოწყვლადი თემები და რამდენადაც ვიცი, გარემოს დაცვის სამინისტრომ დაიწყო პროგრამა და აპირებს მოსახლეობის ინფორმირებას. მოსახლეობის გასახლება დიდი ხანია დაწყებულია. სხვა გამოსავალი არ არის. როცა ძალიან დიდია რისკი, ოჯახებს აფრთხილებენ, მოსახლეობა გადის რისკის ზონიდან და ეძებს ტერიტორიას, სად შეიძლება დასახლება, მაგრამ სახელმწიფოში ეს საკითხი არ არის მოწესრიგებული - მაგალითად, მოსახლეობისთვის, რომელიც ხარაგაულიდან გაასახლეს, ფართობები უნდა გამოეყოთ სახლების ასაშენებლად, მაგრამ დღემდე სადღაც არიან შეყუჟული. ეს დიდი პრობლემაა, ამიტომ აუცილებელია ზოგიერთი საკითხი საკანონმდებლო დონეზე გადაწყდეს. კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ან პრემიერის გადაწყვეტილება არ არის საკმარისი... წაიკითხეთ ვრცლად