ავტორი:

“გიორგი ქუფარაშვილი აზოვის მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა“ - მიხეილ სააკაშვილი

“გიორგი ქუფარაშვილი აზოვის მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა“ - მიხეილ სააკაშვილი

უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო გიორგი ქუფარაშვილი აზოვის მექანიზებული პოლკის მეთაურად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, სწორედ ქუფარაშვილი იყო “აზოვის“ ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი, სადაც ის ხელმძღვანელობდა ჯარის მომზადებას.

  • “უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, გიორგი ქუფარაშვილი, დაინიშნა უკრაინის ყველაზე სახელოვანი მე-3 არმიის კორპუსის (აზოვის) მექანიზებული პოლკის მეთაურად.

გიორგი იყო ჩემი პირადი დაცვის ოფიცერი და პრეზიდენტობის შემდეგ, ამერიკაში წასვლის შემდეგ წამომყვა ნიუ-იორკში, სადაც მეხმარებოდა რამდენიმე თვე, სანამ არ წავიდოდით ერთად უკრაინაში.

იქ გულმა სამხედრო სამსახურისკენ გაუწია და ანდრე ბელეცკისთან ერთად იყო “აზოვის“ ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი, სადაც ის ხელმძღვანელობდა ჯარის მომზადებას.

მარიუპოლის ალყის დროს, აზოვსტალზე მძიმედ დაიჭრა და ბოლოს ვერტმფრენით გადმოაფრინეს სასწაულით კიევში. მორჩა და დაბრუნდა აზოვში, სადაც დააწინაურეს პოლკოვნიკად და უმნიშვნელოვანესი პოლკის მეთაურად.

გიორგი არის უცხოეთში მოღვაწე ქართველი ოფიცრების ღირსეული მემკვიდრე. ამ ოფიცრებში შედიოდნენ პოლონეთისთვის მებრძოლი ქართველი გმირები, ესპანეთში უმნიშვნელოვანესი სარდალი, გენერალი ამილახვარი, ასევე აშშ-ში გენერალი შალიკაშვილი და ახლა უკვე ქუფარაშვილი და მისი მრავალრიცხოვანი ქართველი თანამებრძოლები უკრაინაში.

ქართველები პოლონეთშიც, ესპანეთშიც, ამერიკაშიც და უკრაინაშიც იბრძვიან იმიტომ, რომ მიაჩნდათ და მიაჩნიათ, რომ ეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილი. მინდა ვუთხრა გიორგის და სხვებს - წინ გველოდება აფხაზეთი და საქართველოს სხვა გასათავისუფლებელი ტერიტორია. ბედნიერებაა, რომ გიორგი მარიუპოლში გადარჩა და ნამდვილ ლეგენდარულ ოფიცრად იქცა.

სამწუხაროდ ჩემი დაცვის მეორე ოფიცერი და ჩემი ახლო მეგობარი, კახა თილიძე ბრძოლაში დაეცა ზაპოროჟიესთან. ჩემთვის დიდი პატივი იყო კახასთან, გიორგისთან, ვანო ნადირაძესთან და სხვებთან ახლობლობა. მათ შორის, ამ ქართველი ოფიცრების დამსახურებაა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, პირველად 2022 წლის ხარკოვის ოპერაციის შემდეგ, სწორედ ახლა, ჩემი მეგობრის, მიხეილ ფიოდოროვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ (მისი მრჩეველია გოგა ცხაკაია) მოიპოვეს სტრატეგიული უპირატესობა ფრონტზე,“ - წერს სააკაშვილი.