ავტორი:

"E ვიტამინით ტუჩის აუგმენტაცია დაუშვებელია. ეს, როგორც ლეღვის ნახარში, დაახლოებით, ასეთი სენია..." - ბიძინა კულუმბეგოვი

"E ვიტამინით ტუჩის აუგმენტაცია დაუშვებელია. ეს, როგორც ლეღვის ნახარში, დაახლოებით, ასეთი სენია..." - ბიძინა კულუმბეგოვი

სოციალურ ქსელებში ხშირად ნახავთ კადრებს, რომლებიც მნახველში შიშსა და გაოგნებას იწვევს: არაპროპორციულად გაზრდილი, შეშუპებული ტუჩები, სახის დეფორმაცია და ანთებითი კერები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. პაციენტებს ის, რაც ერთი შეხედვით "ხელმისაწვდომი ესთეტიკური პროცედურა" ჰგონიათ, რეალურად მძიმე სამედიცინო დანაშაულია საკუთარი ჯანმრთელობის წინაშე.

  • გლობალური სტატისტიკა და სამედიცინო რისკები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა (WHO) და წამყვანი დერმატოლოგიური ასოციაციების მონაცემებით, არასამედიცინო დანიშნულების ნივთიერებების ინიექციური გზით გამოყენება შემთხვევათა 70%-ში იწვევს ქრონიკულ გართულებებს. სამედიცინო ჟურნალებში გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, ზეთოვანი ხსნარების (მათ შორის E ვიტამინის) ქსოვილში შეყვანა იწვევს ე.წ. ოლეოგრანულომას - ეს არის ორგანიზმის მძიმე პასუხი უცხო სხეულზე, რომელიც ქსოვილების კვდომასა და ნეკროზს განაპირობებს. საერთაშორისო სტატისტიკა აჩვენებს, რომ ასეთი "თვითნებური ინიექციების" შემდეგ პაციენტების 40%-ს ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა უცხო სხეულის გამოსადევნად, რაც ხშირად სახეზე სამუდამო ნაწიბურებს ტოვებს.

რისთვის გამოიყენება რეალურად E ვიტამინი?E ვიტამინი (ტოკოფეროლი) არის უძლიერესი ანტიოქსიდანტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, თუმცა მისი გამოყენების წესები მკაცრად არის განსაზღვრული:

  • პერორალური მიღება: კაფსულების სახით, ექიმის დანიშნულებით, ვიტამინური დეფიციტის დროს.
  • გარეგანი გამოყენება: კოსმეტიკურ საშუალებებში (კრემები, ზეთები) კანის დასატენიანებლად და ბარიერული ფუნქციის აღსადგენად.

E ვიტამინი არ არის ფილერი! მისი ინიექციური გზით შეყვანა რბილ ქსოვილებში (ტუჩში, მკერდში, კუნთში) კატეგორიულად დაუშვებელია. ზეთოვანი სტრუქტურა ქსოვილში არ იწოვება, იწვევს სისხლძარღვების დახშობას (ემბოლიას) და ქმნის ანთებით კერებს, რომელთა მკურნალობა წლობით გრძელდება.

ბიძინა კულუმბეგოვი: "ეს არის ლეღვის ნახარშის მსგავსი სენი"

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის კლინიკური დირექტორი, მედიცინის დოქტორი ბიძინა კულუმბეგოვი, ამ პრობლემას პოდკასტში "ყველაფერი ესთეტიკაზე" დეტალურად შეეხო.

- E ვიტამინით ტუჩის აუგმენტაცია დაუშვებელია. ეს, როგორც ლეღვის ნახარში, დაახლოებით, ასეთი სენია. ძირითადად, ახალგაზრდა გოგონები არიან. მშობლებიც მოჰყვებიან, ნერვიულობენ, ამბობენ: "ვუშლიდი, მაგრამ მაინც გაუკეთა ჩემმა მეზობელმა." ბოლოს რაც მახსენდება, ქართლიდან იყვნენ და ძალიან განიცდიდნენ. აგრესიული მკურნალობის გამოწერა გვჭირდება. ძირითადად, ჰორმონალური თერაპია, რომ შეშუპება გაქრეს. სწრაფი კლინიკური ეფექტი არ მიიღწევა არც ერთი სამკურნალო საშუალებით. ძალიან რთულად სამართავია. ამიტომ, ბუნებრივია, იმ კონკრეტულ ადამიანებს ვაფრთხილებთ, რომ მსგავსი რამ მეტჯერ არასოდეს გააკეთონ. საზოგადოებასაც უნდა ვუთხრათ, რომ მსგავსი ტიპის პროცედურების ჩატარება სახიფათოა.

სულ რამდენიმე თვის წინ გვქონდა ორი შემთხვევა - ვეტერინარიაში გამოყენებადი პრეპარატით ძალიან რესპექტაბელურ ქალბატონებს პროცედურა მთელ სახეზე ჰქონდათ ჩატარებული. საშინელებაა, ვერ აგიხსნით მათი სახის დეფორმაციის მასშტაბს. რომ წარმოვადგენინეთ პრეპარატი, მხოლოდ და მხოლოდ ვეტერინარიაშია დაშვებული. ცხოველების მკურნალობაში რაღაც დანიშნულება აქვს... ამას ქალაქში არც თუ ისე ხელწამოსაკრავი ადამიანი აკეთებდა.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ ესთეტიკური პროცედურების ნორმალურად, მსოფლიოში მიღებული ნივთიერებების გამოყენებით, სტანდარტების დაცვის შემთხვევაში, სერიოზული ალერგიული რეაქციები მინიმალურია.ექიმების მთავარი რეკომენდაცია ერთია: ნუ ანდობთ თქვენს ჯანმრთელობას არაპროფესიონალებს და ნუ გამოიყენებთ სააფთიაქო პრეპარატებს იმ დანიშნულებით, რაც მათ ინსტრუქციაში არ წერია. "იაფი" პროცედურის ფასი ხშირად დამახინჯებული გარეგნობა და ჯანმრთელობის შერყევაა.

წაიკითხეთ ასევე: