ავტორი:

რუსეთი დათანხმდა აზერბაიჯანისთვის კომპენსაციების გადახდას სამგზავრო ლაინერ AZAL-ის კატასტროფის გამო

რუსეთი დათანხმდა აზერბაიჯანისთვის კომპენსაციების გადახდას სამგზავრო ლაინერ AZAL-ის კატასტროფის გამო

2024 წლის დეკემბერში ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის (AZAL) სამგზავრო ლაინერის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რუსეთი აზერბაიჯანს კომპენსაციებს გადაუხდის.

თვითმფრინავი მაშინ ჩამოვარდა, როდესაც რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა (ПВО) კავკასიის რეგიონებზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევას იგერიებდა. მოსკოვი დიდხანს უარყოფდა, რომ სწორედ ამან გამოიწვია ლაინერის კატასტროფა, თუმცა თითქმის ერთი წლის შემდეგ აღიარა თავისი მონაწილეობა.

  • “რუსეთი და აზერბაიჯანი მივიდნენ შედეგების სათანადო დარეგულირებამდე, კომპენსაციების გადახდის საკითხის ჩათვლით“, ნათქვამია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.

დიპლომატების თქმით, შეთანხმება მიღწეულ იქნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრაზე, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში დუშანბეში გაიმართა.

კომპენსაციის მიმღებთა ვინაობა, მათი ოდენობა და ვადები, დოკუმენტში დასახელებული არ არის.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი ჩამოგდებულ იქნა რუსეთის საჰაერო სივრცეში „ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის უნებლიე მოქმედების“ შედეგად.

შეგახსენებთ, 2024 წლის 25 დეკემბრის დილას ყაზახეთში, აქტაუს მახლობლად ჩამოვარდა Azerbaijan Airlines-ის (AZAL) თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში ასრულებდა რეისს.

  • კატასტროფის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, 29-მ გადარჩენა მოახერხა.

ავიაკატასტროფა მოხდა რუსეთის საჰარეო თავდაცვის მიერ, კავკასიის რეგიონებზე უკრაინული დრონების შეტევის მოგერიების დროს; ბაქოში მაშინვე განაცხადეს, რომ თვითმფრინავი „გარე ზემოქმედების შედეგად“ ჩამოვარდა.

თავდაპირველად მოსკოვი კი უარს ამბობდა ეღიარებინა კავშირი ლაინერის კატასტროფასთან, რის გამოც რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები სერიოზულად დაიძაბა.

ურთიერთობების გაუარესება 2025 წლის ივლისში ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს რუსეთისგან გონივრული პასუხი არ მიუღია და აპირებს მიმართოს საერთაშორისო სასამართლოს.

პარალელურად, რუსმა სამართალდამცველებმა ეკატერინბურგში დააკავეს აზერბაიჯანელთა ჯგუფი და მათ 2001-2011 წლების მკვლელობებში დასდეს ბრალი.

დაკავებისას ორი ეჭვმიტანილი დაიღუპა; რუსეთი ამტკიცებდა, რომ მიზეზი გულის უკმარისობა იყო, აზერბაიჯანი კი — რომ ისინი სასტიკად სცემეს.

საპასუხოდ, ბაქოში დააკავეს რუსეთის რვა მოქალაქე ნარკოტიკების კონტრაბანდისა და კიბერდანაშაულის ბრალდებით.

გარდა ამისა, აზერბაიჯანმა დახურა „რუსული სახლი“ ბაქოში შპიონაჟის ბრალდებით და დააპატიმრა „Sputnik აზერბაიჯანის“ ხელმძღვანელობა.

2025 წლის 9 ოქტომბერს დუშანბეში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა პირველად დაადასტურა, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავის სიახლოვეს საჰაერო თავდაცვის რაკეტები აფეთქდა და ალიევს ბოდიში მოუხადა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რაკეტებმა სამოქალაქო ბორტს პირდაპირ არ დაარტყეს, არამედ მისგან რამდენიმე მეტრში აფეთქდნენ.

წყარო