ავტორი:

როგორ შეძლო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიანის საჯარო სკოლამ მოსწავლეების უფასო საკვებით უზრუნველყოფა?

როგორ შეძლო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიანის საჯარო სკოლამ მოსწავლეების უფასო საკვებით უზრუნველყოფა?

მოსწავლეთა უფასო კვებით უზრუნველყოფა ქართული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. ამ საკითხზე მსჯელობა საქართველოში კარგა ხანია აქტიურ ფაზაშია და ის ხშირად ხდება როგორც პოლიტიკური დისკუსიების, ისე საზოგადოებრივი ინტერესის საგანი.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით ამ ინიციატივის დანერგვა სამომავლო პერსპექტივად რჩება, ცალკეული რეგიონული მაგალითები გვიჩვენებს, თუ რა როლი შეიძლება შეასრულოს ადგილობრივმა ძალისხმევამ და სოციალურმა სოლიდარობამ ბავშვთა კეთილდღეობისთვის.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიანის საჯარო სკოლამ შეძლო შეექმნა უნიკალური პრეცედენტი, სადაც პედაგოგების, თემისა და უცხო ადამიანების კეთილი ნებით მოსწავლეთათვის უფასო კვების მიწოდება რეალობად იქცა.

პედაგოგი ბიძინა ყალიჩავა სოციალურ ქსელში დეტალურად აღწერს იმ ეტაპებსა და მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც სკოლამ აღნიშნული მიზნის მიღწევა შეძლო

"მართალია, ბევრი გვაიგნორებს, მაგრამ ბევრს აინტერესებს, როგორ მივაღწიეთ ჩვენი სკოლის მოსწავლეთა უფასო კვების ორგანიზებას. შევეცდები აღვწერო ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები.

ჩვენი სკოლა მდებარეობს ქალაქ ჩხოროწყუდან ათ კილომეტრში. არ მოძრაობს არცერთი საქალაქო ტრანსპორტი, სოფელში არაა არცერთი სავაჭრო ცენტრს ვინ ჩივის, ერთი ჯიხურიც კი. მოსწავლეთა ნაწილის გადაადგილება 5-6 კილომეტრიდან ტრანსპორტით ხდება, ოჯახების უმრავლესობა სოციალურ დახმარებას იღებს, ამორტიზებულია ქალაქამდე დამაკავშირებელი გზა.

ორი წელი ვითხოვდით მერიასა და საკრებულოდან დახმარებას, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია, ამიტომაც თავს უფლება მივეცი სოციალურ ქსელში მეთხოვა თანადგომა, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. შემოწირულებებით მოვაწყვეთ სამზარეულო ოთახი, შევიძინეთ საჭირო მასალა და იანვრიდან ჩვენი მოსწავლეები დიდ დასვენებაზე იღებენ უფასო საკვებს.

მენიუ ასეთია:

ორშაბათი: ფუნთუშა და ხილის ჩაი;

ოთხშაბათი და პარასკევი: ლობიანები და ხილის ჩაი;

ხუთშაბათი: კარტოფილიანი ღვეზელები და ჩაი.

რაც შეეხება სამშაბათს, პედაგოგებმა გადავინაწილეთ ყოველი სამშაბათი და ამ დღეს, რომელსაც მასწავლებლის დღე დავარქვით, მორიგე პედაგოგი თავისი თანხით (დაწესდა ზედა ზღვარი თანხაზე!) ყიდულობს საკვებს!

საკვების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ პედაგოგები და მოსწავლეების ნაწილი ზრუნავენ პროდუქტის განაწილებაზე და ოთახის სისუფთავეზე!

ძნელია?! - არა მგონია, ჩვენ შევძელით, შეძლებთ თქვენც!"