ავტორი:

მართლა შეუძლია თუ არა რობოტს ოპერაციის გაკეთება? - რობოტული ქირურგია საქართველოში

მართლა შეუძლია თუ არა რობოტს ოპერაციის გაკეთება? - რობოტული ქირურგია საქართველოში

რობოტულ მედიცინაზე საუბრისას ბევრს ფანტასტიკის ჟანრის ფილმი წარმოუდგება თვალწინ, თუმცა ეს რეალობაა და ის სრულიად ხელმისაწვდომია საქართველოშიც. და მაინც, რას ნიშნავს რობოტული ქირურგია? მართლა რობოტი აკეთებს ოპერაციას? რობოტი ექიმზე უკეთესად მუშაობს? - ეს მხოლოდ ნაწილია იმ კითხვებისა, რომლებზე პასუხიც დაგარწმუნებთ, რომ თანამედროვე მედიცინა საოცარი ტემპით ვითარდება და რობოტების ჩართულობით ოპერაციები ისეთი სიზუსტით ტარდება, როგორიც ათეული წლების წინ ყველაზე მაღალკვალიფიციური ექიმებისთვისაც კი წარმოუდგენელი იყო.

რობოტული ქირურგიის არსი რომ სწორად გავიგოთ, პირველ რიგში, უნდა გაქარწყლდეს მითი იმის შესახებ, რომ რობოტი დამოუკიდებელი, ავტონომიური დანადგარია. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზოგადი ქირურგი, ონკოქირურგი ემზარ ნადირაძე განმარტავს, რომ რობოტული ქირურგიის მუშაობის პრინციპი ეფუძნება დისტანციური მართვის მაღალტექნოლოგიურ სისტემას, რომელიც ქირურგს საშუალებას აძლევს, ოპერაცია პაციენტთან უშუალო ფიზიკური კონტაქტის გარეშე ჩაატაროს.

„რობოტული ქირურგიის დროს გვჭირდება ორი კონსოლი: პაციენტის და ექიმის. ქირურგის კონსოლი სპეციალურ კაბინაშია განთავსებული, რომელიც საოპერაციო მაგიდისგან მოშორებით დგას. უშუალოდ პაციენტთან კი ასისტენტი ქირურგი დგას. მთავარი ქირურგი თითებზე იკეთებს მისი კონსოლის სპეციალურ სამაგრებს, რომელთა მეშვეობითაც მართავს რობოტის მრავალფუნქციურ „ხელებს“ პაციენტის კონსოლზე. სისტემა ზუსტად აღიქვამს ქირურგის თითოეულ ჟესტს, თითის აწევას, მოხრას თუ სხვა მოქმედებას და რეალურ დროში გადააქვს ეს მოძრაობა მუცლის ღრუში მყოფ ინსტრუმენტებზე. ქირურგი ოპერაციას სპეციალური 3D კამერების საშუალებით ხედავს. პაციენტთან მყოფ ასისტენტსა და ექთანთან კავშირი კი უწყვეტ რეჟიმში, მიკროფონებისა და დინამიკების მეშვეობით ხორციელდება. დამატებითი მითითებების გაცემა სწორედ ასე ხდება. მარტივად რომ ვთქვათ, რობოტი არის უზუსტესი „შუამავალი“, რომელიც ქირურგის გამოცდილებას, ცოდნას და თითების მოძრაობას უზუსტეს ფიზიკურ ქმედებად აქცევს საოპერაციო არეში. ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხანგრძლივი ოპერაციების დროს. ბუნებრივია, რომ რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ სამედიცინო პერსონალი იღლება და ქირურგის ხელის მუშაობა ნელდება. რობოტული ქირურგიის დროს კი დაღლილობის მომენტი ნაკლებია და იზრდება ერგონომიულობა. 5 ან 7 საათის შემდეგაც პრაქტიკულად ისევე მიდის მუშაობა, როგორც ოპერაციის დასაწყისში,“ - განმარტავს ემზარ ნადირაძე.

სამედიცინო ენაზე ამ მიმართულებას რობოტ-ასისტირებული ლაპაროსკოპია ეწოდება, რაც მისი მუშაობს პრინციპს უკეთესად ახასიათებს. როგორც მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი გინეკოლოგი, ონკო-გინეკოლოგი, ურო-ონკოლოგი ნიკოლოზ სარაული აღნიშნავს, ეს არის ტექნოლოგია, რომელიც ქირურგს საკუთარი პროფესიული პოტენციალის სრულად გამოვლენის საშუალებას აძლევს.

„რობოტული სისტემა ქირურგს საშუალებას აძლევს, განახორციელოს მაქსიმალურად დახვეწილი მანიპულაციები. პირველ რიგში, ეს ტრემორისგან ანუ ხელის კანკალისგან დაზღვევას ნიშნავს, რაც ხანგრძლივი ოპერაციების დროს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. პაციენტის კონსოლი, რომელიც მუცლის ღრუში მუშაობს, უზრუნველყოფს განსაკუთრებულ მოქნილობას, სიზუსტესა და სისწრაფეს, რაც ოპერაციას ნაკლებტრავმულს ხდის და ზოგავს ჯანსაღ ქსოვილებს. მისი კიდევ ერთი უპირატესობა უკეთესი ვიზუალიზაციაა. ტრადიციული ლაპარაკოსკოპიისგან განსხვავებით, სადაც ექიმი გამოსახულებას დაშორებული მონიტორიდან ხედავს, რობოტული სისტემა სიღრმისეულ, 3D ვიზუალს იძლევა. ეს ქმნის პირისპირ მუშაობის ეფექტს, რადგან ქირურგი ხედავს ყველაფერს მაქსიმალურად ახლოს, 360-გრადუსიანი ხედვის არეალით,“ - განმარტავს ქირურგი.

რობოტული ქირურგია დღეს მედიცინაში „ახალი სიტყვაა“, რომელსაც ქირურგიული მანიპულაცია თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაჰყავს. აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდს თავდაპირველად ონკოლოგიურ პაციენტებში პათოლოგიური ქსოვილების მოსაკვეთად იყენებდნენ. ამ მიმართულებაში მაღალი სიზუსტე კრიტიკულად მნიშნელოვანია. თუმცა მისი გამოყენების არეალი მუდმივად ფართოვდება.

ქართველი ექიმები წარმატებით იყენებენ როგორც ავთვისებიანი სიმსივნეების (საშვილოსნოს ტანის, ყელის), ისე რთული კეთილთვისებიანი პათოლოგიების ენდომეტრიოზისა და ადენომიოზის, მიომების, რადიაკალური ჰისტერექტომის დროს. ის უალტერნატივოა პანკრეასის ოპერაციის, ლიმფური კვანძების ამოკვეთის და რა თქმა უნდა, საყლაპავისა და კუჭის კიბოს დროს. ემზარ ნადირაძე აღნიშნავს, რომ იქ, სადაც ადრე მუცელკვეთა ან ნაწლავის მუდმივი გამოტანა იყო საჭირო, რობოტი საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ორგანოს ფუნქცია და თავიდან იქნას აცილებული ტრავმული ღია ქირურგია. რობოტი მეტად ეფექტურია პროსტატის ოპერაციების, შარდის ბუშტისა და თირკმლის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების, კოლორექტალური ქირურგიის დროს.

ლაპაროსკოპოული ინსტრუმენტისგან განსხვავებით რობოტულ „ხელს“ 7 სახის პოზიციონირება გააჩნია. სწორედ ეს განაპირობებს მის სიზუსტეს და ეფექტიანობას. პროცედურის სიზუსტე კი, რა თქმა უნდა, პაციენტის შედეგზე აისახე. ემზარ ნადირაძე განმარტავს, რომ პაციენტი არაერთ კონკრეტულ სარგებელს იღებს რობოტული ქირურგიით.

„რობოტული სისტემა ქირურგს საშუალებას აძლევს, იმუშაოს უკიდურესი სიზუსტით, რაც ჯანსაღი ქსოვილებისა და სისხლძარღვების მაქსიმალურ დაზოგვას ნიშნავს. შედეგად მანიპულაცია პაციენტისთვის ნაკლებად ტრავმულია. ოპერაცია მინინვაზიურია და რობოტული „ხელები“ მუცლის კედელზე ნაკლებ ზეწოლას ახდენს, პაციენტი ოპერაციის შემდეგ ტკივილს თითქმის ვერ გრძნობს. სწორი ნაწლავის ან მენჯის ღრუს ოპერაციებისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნერვული ფაქტორების შენარჩუნება. რობოტის ვიზუალიზაცია საშუალებას იძლევა, ეს ნერვები არ დაზიანდეს, რაც პაციენტისთვის ორგანოს ფუნქციის სრულყოფილ შენარჩუნებას ნიშნავს. რობოტული ქირურგია უზრუნველყოფს ლიმფური კვანძების უფრო სრულყოფილ ამოკვეთას და გადაჭრის ხაზების სიზუსტეს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ონკოლოგიური პაციენტებისთვის. როდესაც პაციენტები ამ ყველაფრის შესახებ იგებენ, მათ შიში უქრებათ და სრული მზაობა აქვთ თანამედროვე მედიცინის უპირატესობები მიიღონ,“ - განმარტავს ემზარ ნადირაძე, რომელსაც უკვე 100-მდე რობოტული ოპერაცია აქვს ჩატარებული.

ქირურგები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ისინი 2025 წლის რობოტით მუშაობენ, რაც პროცედურების ეფექტიანობას კიდევ უფრო ზრდის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათ რობოტთან მუშაობის საკმაოდ ინტენსიური სწავლება გაიარეს სხვადასხვა ქვეყანაში.

ქირურგი განსაკუთრებული ემოციით იხსენებენ პირველ დამოუკიდებელ რობოტულ ოპერაციას.

„ეს გახლდათ ახალგაზრდა გოგონა - ონკოლოგიური პაციენტი, რომელსაც რობოტის დახმარებით რადიკალური ჰისტერექტომია გავუკეთეთ. ოპერაციის მასშტაბის მიუხედავად, ის მეორე დღესვე გაეწერა კლინიკიდან. ეს იყო პირველი გამარჯვება. ასევე გვყავდა ჭარბწონიანი პაციენტი, რომელიც საზღვარგარეთ აპირებდა სამკურნალოდ წასვლას, რადგან საქართველოში უსაფრთხო ჩარევას ვერ სთავაზობდნენ. ჩვენი რობოტის საშუალებით კი ეს ოპერაცია წარმატებით დასრულდა და პაციენტმა საკმაოდ მარტივი რეაბილიტაციის პროცესი გაიარა მისი წონიდან გამომდინარე რისკების მიუხედავად,“ - აღნიშნავს ნიკა სარაული.

ტრადიციული ქირურგია თავის ადგილს ყოველთვის შეინარჩუნებს, მაგრამ რობოტული მედიცინა არის ის გარდამტეხი ეტაპი, რომელმაც ექიმის პროფესიონალიზმი და პაციენტის უსაფრთხოება ახალ ეტაპზე დააყენა. დღესდღეობით ექიმის კონსოლი და რობოტის „ხელი“ კაბელებითაა დაკავშირებული, თუმცა 5G ინტერნეტის განვითარება მალე დისტანციური ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობასაც რეალურს გახდის.

R