ყოველი წლის აღდგომის შემდეგ ხუთშაბათს, მარტვილის მუნიციპალიტეტში “წაჩხურობას“ აღნიშნავენ. ამ დღეს წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში მოსალოცად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან.
სასწაულმოქმედ ტაძარს მომლოცველები შეწევნას სთხოვენ. უშვილო წყვილები კი ლამაზად მორთული აკვნებით ხელში, ღმერთს სანუკვარი ოცნების ასრულებას და შვილის ყოლას ევედრებიან - რაც ხშირად სასწაულით გვირგვინდება.
მომლოცველებს შორის ნახავთ შვილებთან ერთად ამოსულ წყვილებს, რომლებთან მრავალწლიანი უშვილობის შემდეგ, წაჩხურუს მთავარანგელოზმა შვილი აჩუქა.


წირვის შემდგომ აკვნებს აკურთხებენ და ნაკურთხ აკვანს მომლოცველები შინ მიაბრძანებენ. აკვნების კურთხევის ტრადიცია მონასტერში XV-XVI საუკუნიდან არსებობს.




დილიდან არ წყდება ტაძრისკენ მიმავალი გზაზე საცობი. როგორც “ინფო მარტვილი“ წერს, ხალხის ნაკადს, მერიის მიერ გამოყოფილი სპეციალური სამარშრუტო ტაქსები ემსახურება.
ერთხელ, სოფლის ახლოს, ყანაში გლეხს ცოლმა სადილი მიუტანა. გლეხმა თავის მწირ ტრაპეზზე უცნობი მგზავრი მიიპატიჟა. ცოტა ხანში მასპინძელმა შეამჩნია, რომ ღვინო და საჭმელი კი არ ილეოდა, მრავლდებოდა. მოულოდნელად მგზავრმა გლეხს სთხოვა, იცეკვეო. ისიც დათანხმდა. ამის შემდეგ უცნობი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. გლეხი მიხვდა, რომ სასწაულებრივი ხილვის ღირსი გახდა...
სასულიერო პირების აზრით, ლეგენდა შესაძლოა, ანგელოზის გამოცხადებაზე მიუთითებდეს. იმასაც ამბობენ, სამეგრელოდან სვანეთს მიმავალ ანდრია პირველწოდებულს ამ ადგილას ქვის ჯვარი აღუმართავს, ტაძარი კი მოგვიანებით, მე-7 საუკუნეში აუგიათ. ჩვენამდე განახლებულმა, მე-18 საუკუნის დარბაზულმა ეკლესიამ მოაღწია.
ფოტოები: Giorgi Nikolava Photography
იხილეთ ასევე: