თვითმმართველ ქალაქებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭებათ. სსიპ-ებს თვითმმართველი ქალაქის საკრებულო მერის წარდგინებით დააფუძნებს.
“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ თვითმმართველ ქალაქებს, გარდა თბილისისა, არა აქვთ უფლება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი დააფუძნონ. თვითმმართველი ქალაქები (გარდა თბილისისა) უფლებამოსილნი არ არიან განახორციელონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებით განსაზღვრული საქმიანობა - მომსახურება, დაჩქარებული მომსახურება, მათ შორის მშენებლობის ნებართვის დაჩქარებული წესით გაცემის მომსახურება, გარე რეკლამის განთავსების რეგულირება და სხვა.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს, მერის წარდგინებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება ენიჭება. საჯარო სამართლის იურიდიული პირი შეიძლება შეიქმნას მშენებლობის შეტყობინების შეთანხმების ან მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციის შემუშავებისა და სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების შემუშავების, შესაბამისი კვლევის ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, გარე რეკლამის განთავსების რეგულირების, ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფისა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირების ან სხვა მიზნით.
ამასთან, თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს მიენიჭება უფლებამოსილება, მერის წარდგინებით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის/მომსახურების საფასური დაუდგინოს.
თვითმმართველი ქალაქის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ქალაქის მერი დანიშნავს და გაათავისუფლებს.
პროექტის ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, ზვიად შალამბერიძე, ანზორ ბოლქვაძე, დიმიტრი სამხარაძე, დიმიტრი ხუნდაძე, ნიკა ელისაშვილი, ნინო წილოსანი, ზაურ დარგალი, შოთა ხაბარელი, ზაზა ლომინაძე, არჩილ ბერიძე, გიორგი ხახუბია.